Thumbnail

გიორგი გახელაძემ ახალი სეზონი მედლით და მე-13 ადგილით დაიწყო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გიორგი გახელაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე იასპარეზა
  • ისრაელში გამართულ შეჯიბრზე მან მე-13 ადგილი დაიკავა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გიორგი გახელაძემ ახალი სეზონი წარმატებული ასპარეზობით და მედლით დაიწყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე (2022 FIM Hard Enduro World Championship), რომელიც 8 ეტაპისგან შედგება, ახალგაზრდა ქართველი მოტომრბოლელი წლის პირველ შეჯიბრზე ისრაელში გამოვიდა და მე-13 ადგილი დაიკავა.

ისრაელის ეტაპს, რომელმაც სეზონი გახსნა, Minus 400 ეწოდება, რადგან საშეჯიბრო ადგილი ზღვის დონიდან 400 მეტრით ქვემოთ მდებარეობს. მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპი აქ პირველად გაიმართა და მრბოლელებისთვის დიდ გამოწვევად იქცა - ურთულესი რელიეფისა და ცხელი ჰავის გამო. შეჯიბრები 75-კილომეტრიან მონაკვეთზე ჩატარდა.

5-7 აპრილს სამი სხვადასხვა შეჯიბრი გაიმართა: Leonardo Urban Race, Yochananof Desert Prologue და Minus 400 Main Event. პირველ დღეს გიორგი გახელაძე ორი შეჯიბრის შედეგებით მე-14 ადგილზე გავიდა და საუკეთესო 30 მონაწილეს შორის მოხვდა. საუკეთესო წრეებს შორის მას მე-12 შედეგი ჰქონდა, თუმცა ამ ჯგუფიდან ფინალში გასვლა ვეღარ მოახერხა. მიუხედავად ამისა, ჯამში 173 მონაწილეს შორის მე-14 ადგილის დაკავება ნამდვილად კარგი შედეგია.

მეორე დღე მთავარი შეჯიბრის, მსოფლიო ჩემპიონატის პროლოგი გაიმართა, რომელშიც 160 რაიდერი მონაწილეობდა. გახელაძემ მე-17 ადგილი დაიკავა. მესამე დღეს, მთავარ შეჯიბრში ქართველი მოტომრბოლელი 174 მონაწილეს შორის მე-13 იყო.

გახელაძემ ასევე დაიმსახურა ოქროს მედალი, რომელსაც იმ რაიდერებს აძლევენ, რომლებიც ოქროს კლასის კონკრეტული მონაკვეთების დაძლევას ახერხებენ ხოლმე. 200-მდე მონაწილიდან ისრაელის ეტაპზე ეს 30-მა სპორტსმენმა მოახერხა.

ისრაელის ეტაპზე იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა მოტომრბოლელმა გიორგი ოთიაშვილმაც, რომელმაც საბოლოო ჯამში 31-ე ადგილი დაიკავა, რაც ვერცხლის კლასში პირველ ადგილს ნიშნავს. Hard Enduro World Championship-ის მომდევნო ეტაპი 18-21 მაისს, სერბეთში გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი!! პოზიცია P13😎🥵🥵 ლიტრობით დაღვრილი ოფლი და ბევრი უსიამოვნო პრობლემა😡 მაგრამ ყველაფერი...

Posted by Giorgi Gakheladze on Thursday, April 7, 2022

ქართველი რაიდერი მსოფლიოს ჩემპიონატზე შარშანაც ასპარეზობდა. განსაკუთრებით წარმატებული ესპანეთის ეტაპი - Hixpania Hard Enduro იყო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. გიორგი გახელაძე 20 წლის პროფესიონალი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც მოტოციკლის მართვა 2015 წელს, 15 წლისამ დაიწყო და მას შემდეგ მოტოსპორტში აქტიურადაა ჩართული. 2017 წლიდან იგი საქართველოს უცვლელი ჩემპიონია - 30-შეჯიბრიანი დაუმარცხებელი სერიით. 2017 წელს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეჯიბრებზე საპრიზო ადგილები დაიკავა, 2018-2019 წლებში RedBull Sea To Sky-ის ოქროს კლასისა და Erzberg Rodeo-ს ფინიშერი გახლდათ, 2020 წელს კი - სპორტის ამ სახეობის ყველაზე რთული შეჯიბრის, RedBull Romaniacs-ის ოქროს კლასის ფინიშერი.

კომენტარები

ბოლო ამბები