Thumbnail
  • 📅 10 აპრილი | 🏟 ჯექსონვილი | ⌚ 06:30 | 👊 ალჯამაინ სტერლინგი V პიოტრ იანი
  • 'ალჯო' რუს მებრძოლს რემატჩში დაუპირისპირდება
  • სტერლინგის სპარინგ-პარტნიორი მერაბ დვალიშვილი გახლავთ

ხვალ, 10 აპრილის გამთენიისას UFC-ის ღონისძიებაზე სამი ისეთი ბრძოლა გაიმართება, რომელსაც MMA-ის გულშემატკივარი განსაკუთრებით ელოდება. ამ სამიდან ყველაზე ნაკლებად საინტერესო ჩხუბში ნახევრადმსუბუქი წონის ქამარი გათამაშდება - ალექს ვოლკანოვსკი კორეელ ზომბს დაუპირისპირდება. ავსტრალიელი უპირობო ფავორიტია, ჩან სუნ იუნს გამარჯვების ძალიან მცირე შანსი აქვს, დიდი ალბათობით, კორეელი UFC-ის პირველი აზიელი ჩემპიონი ვერ გახდება. დიდ ინტერესს იწვევს ხამზატ ჩიმაევისა და გილბერტ ბარნსის ორთაბრძოლა. ჩეჩენს UFC-ში ჩატარებულ 3 მატჩში მხოლოდ ერთი დარტყმა მიაყენეს, ახლა კი ე.წ. "უწესრიგო წონის" მეორე ნომერს შეხვდება. სწორედ ამ ჩხუბში გამოჩნდება რას წარმოადგენს გამოუცნობი ჩიმაევი, რომელიც მთელ UFC-ს შიშის ზარს სცემს. მესამე მატჩი კი საღამოს მეორე სატიტულო ორთაბრძოლაა - ალჯამაინ სტერლინგი რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ რემატჩს გამართავს. ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს ჩხუბი განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან 'ალჯოს' სპარინგ პარტნიორი მერაბ დვალიშვილი გახლავთ, რომელიც ამერიკელსა და რუსს შორის არსებული ციებცხელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. 

მოგეხსენებათ, სპორტსმენების პირველი ბრძოლა სკანდალურად დასრულდა - მეოთხე რაუნდში ძირს მყოფ სტერლინგს იანმა მუხლი ჩაარტყა, რაც MMA-ს წესების უხეში დარღვევა გახლავთ. ‘ალჯომ’ ჩხუბის გაგრძელება ვერ შეძლო და რუსიც დისკვალიფიკაციით დამარცხდა. ამერიკელმა მოგებული ქამარი ოქტაგონზევე მოისროლა და ცარიელი დარბაზი ისე დატოვა. თუმცა, მოგვიანებით, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ქამრით მყოფ 'ალჯოსთან' ერთად ფოტოები მერაბ დვალიშვილმა დადო, რასაც პიოტრის გაღიზიანება მოჰყვა და ქართველს საკუთარი ფანების არმია მიუქსია. ამას ვირტუალურ სივრცეში არსებული დაპირისპირებათა მთელი კოლაჟი მოჰყვა, საქმე კი ისევ ბრძოლამდე მივიდა. ცხადია, ამ ფორმით ტიტულის მოპოვება საამაყო არც სტერლინგისთვის არის და იანსაც არ სურდა ქამრის ასე დათმობა, თან იმის გათვალისწინებით, რომ ჩხუბი მის სასარგებლოდ მიმდინარეობდა. მატჩ-რევანში ლოგიკური გახლდათ. 

პირველ ბრძოლაში ექსპერტები შანსებს, დაახლოებით, თანაბრად აფასებდნენ, მცირე უპირატესობას პიოტრს ანიჭებდნენ. თუმცა, ჩხუბმა აჩვენა, რომ რუსს უფრო დიდი უპირატესობა ჰქონდა. ყველასთვის მოულოდნელად იანმა 'ალჯოს' რესთლინგში აჯობა - 6 მცდელობიდან 6 თეიქდაუნი გააკეთა, როცა სტერლინგმა 7 მცდელობიდან პიოტრის პარტერში გადაყვანა მხოლოდ ერთხელ შეძლო. სტრაიკინგში რომ უპირატესობა იანს ექნებოდა, ეს ისედაც ცხადი გახლდათ. თუმცა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის იყო, რომ მეოთხე რაუნდისთვის ალჯამაინი უკვე ძალიან დაიღალა. საწყის რაუნდებში დახარჯული ენერგიის აღდგენა ვერ შეძლო, განსაკუთრებით კი ძალები თეიქდაუნების გაკეთების წარუმატებელ მცდელობებში დახარჯა. რუსმა თავი ბრწყინვალედ დაიცვა და ბოლო რაუნდებისთვის, თითქოს, გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვა და რომ არა მისი მხრიდან სრულად არასაჭირო მოქმედება და წესების უხეში დარღვევა, ქამრის დატოვების დიდი შანსი ჰქონდა. 

მომავალ ბრძოლაში, ალბათ სცენარი სხვანაირად განვითარდება. ცხადია, სტერლინგი წინა ჩხუბიდან მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებს და ენერგიის დაზოგვას ეცდება. პლუს, ამერიკელმა განაცხადა, რომ 1 წლის წინ გამართული მატჩის წინ წონის კლების პროცესი რთულად წარიმართა და ოქტაგონზე საკუთარ თავს ამიტომ არ ჰგავდა, ახლა კი კარიერის მანძილზე საუკეთესო ფორმაშია და დაღლა გამორიცხა. ბუნებრივია, 'ალჯომ' გრეპლინგსა და რესთლინგში არსებული უპირატესობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, თორემ სხვა შემთხვევაში ტიტულის დატოვება გაუჭირდება. იანს კი, ალბათ, იმავე სტრატეგია ექნება, რომელმაც წინა ჩხუბისას გაამართლა - თავს პარტერში ბრძოლისაგან დაცვასა და დისტანციაზე ალჯოს ქიქების მოგერიებას ეცდება, თავად კი დგომში პანჩებით შეუტევს. MMA-ში რომ მოჭიდავეებს სტრაიკერებთან შედარებით უპირატესობა აქვთ ხოლმე, საიდუმლო არ არის, ამიტომ ბრძოლის ბედი მეტწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კარგი იქნება სტერლინგი რესთლინგსა და გრეპლინგში. 

საინტერესო ფაქტები

  • 32 წლის ალჯამაინ სტერლინგი 29 წლის პიოტრ იანზე 3,5 წლით უფროსია.

  • 'ალჯოს' პროფესიონალურ კარიერაში 23 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან 23 მოიგო, 3-ში დამარცხდა.

  • პიოტრ იანმა კი MMA-ის პროფესიონალურ დონეზე 18 ჯერ იჩხუბა, 16 ბრძოლა მოიგო, 2 კი წააგო.

  • 'ალჯომ' 9 ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო, ხოლო 8 დანებებით, 2-ჯერ ნოკაუტით.

  • პიოტრ იანს კარიერაში 8 გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით აქვს მოპოვებული, 7 ნოკაუტით, 1 დანებებით.

  • 'ალჯოს' სუპერმსუბუქ წონაში 6 მოგებისგან შემდგარი სერია აქვს და დივიზიონში ამ მაჩვენებლით მხოლოდ მერაბ დვალიშვილს (7) ჩამორჩება.

  • პიოტრ იანი მეტოქეებს 53%-იანი სიზუსტით ურტყამს, 'ალჯო' კი 50%-ით. 

  • 'ალჯოს' წარმატებული თეიქდაუნების მაჩვენებელი 25%-იანი, პიოტრ იანისა კი 62%. 

  • პიოტრ იანი წუთში, საშუალოდ, მეტოქეს 5,98 მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს, თავად კი 4,14 დარტყმას იღებს. 

  • 'ალჯო' მოწინააღმდეგეს წუთში, საშუალოდ, 4,84 მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს, თავად კი 2,2 დარტყმას იღებს. 

  • პიოტრ იანი მნიშვნელოვანი დარტყმებისაგან თავს 62%-ით იცავს, თეიქდაუნებისაგან 90%-ით. 

  • 'ალჯო' მნიშვნელოვანი დარტყმებისგან თავს 63%-ით იცავს, თეიქდაუნებისაგან კი მხოლოდ 41%-ით. 

კომენტარები

ბოლო ამბები