Thumbnail

ხამზატ ჩიმაევმა ურთულეს ბრძოლაში გილბერტ ბარნსს მოუგო

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი

UFC-ის 273-ე ღონისძიებაზე ნახევრადსაშუალო წონის ჩეჩენმა მებრძოლმა ხამზატ ჩიმაევმა დივიზიონის მეორეადგილოსანი ბრაზილიელი გილბერტ ბარნსი 3-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 

ბრძოლა კი ძალიან მაგარი გამოვიდა - დიდი უპირატესობა არცერთ სპორტსმენს არ ჰქონია და მსაჯების გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შეუძლებელი იყო წინასწარმეტყველება, თუ ვინ იქნებოდა გამარჯვებული. საბოლოოდ, სამივე რეფერიმ ერთი და იმავე ანგარიში დაწერა - 29:28, ჩიმაევმა სამიდან ორი რაუნდი მოიგო, ბარნსმა კი ერთი. აღსანიშნავია, რომ ხამზატის კარიერაში საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე პირველად მოვიდა, აქამდე ჩეჩენს 3 რაუნდიც არასდროს ებრძოლა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქამდე UFC-ში ჩატარებული 3 ჩხუბის შემდეგ ხამზატს მხოლოდ ერთხელ მოხვდა, ამ ბრძოლაში კი გილბერტმა ჩეჩენს 132-ჯერ მოარტყა (109-ის საპირისპიროდ). 

ჩხუბში კი მოხდა ის, რასაც ორი რესთლერისა და გრეპლერის ურთიერთდაპირისპირებისას ხშირად ვხედავთ - ხამზატიცა და გილბერტიც უპირატესობის მოპოვებას დგომში ცდილობდნენ და ბრძოლის პარტერში გადაყვანის ბევრი მცდელობა არ ყოფილა. საკმაოდ დაძაბული პირველი რაუნდის ბოლოს მარჯვენა ჯებით ხამზატმა უპირატესობა მოიპოვა, თუმცა გილბერტი რთული მდგომარეობიდან გამოძვრა. იგივე სიტუაცია იყო მეორე რაუნდში, ოღონდ უკვე ბრაზილიელის სასარგებლოდ, აქ უკვე ჩეჩენი გადარჩა. 

მესამე რაუნდში ორივე მებრძოლი ძალიან დაღლილი იყო, ეს ყველაფერი საუკეთესოდ სხეულის ენით იკითხებოდა. ბრაზილიელმა რაუნდის შუაში 2 წუთი ჩააგდო, ძალიან ინერტული იყო და მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა, ეს კი, ფაქტობრივად, ჩხუბის წაგებად დაუჯდა. მატჩის ბოლო ორი წუთი ორმხრივ შეტევებში დასრულდა, საფინალო გონდის შემდეგ კი მებრძოლები ერთმანეთს გადაეხვივნენ.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჩიმაევმა კომენტარი ოქტაგონზე გააკეთა:

"გილბერტი დედა***ად მაგარი ბიჭია, არ მეგონა, თუ ასეთი ძლიერი იყო. მაგრამ ვიცნობ ბრაზილიელებს, ერთ-ერთი მათგანი ჩემი მწვრთნელია და მათთან ადვილი არასდროსაა. მადლობა გილბერტ ამ ბრძოლისთვის, უდიდეს პატივს გცემ, მიყვარხარ ძმაო! რა ვქნა, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ფულს ვშოულობ. 

თავიდან ვერ ვიფიქრე, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე იქნებოდა, მაგრამ სამი რაუნდი ძალიან მაგრად იჩხუბა. ძალიან რთული ბრძოლა მქონდა, არა და ვარჯიში არასდროს შემიწყვეტია, ამ მატჩისთვის თავდაუზოგავად ვემზადებოდი. აქამდე 10 ბრძოლიდან 10 ფინიში მქონდა, ახლა კი დაღლილი ვარ, სისხლი მდის, ტკივილს ვგრძნობ, ეს მდგომარეობა ძალიან მომწონს."

ხამზატ ჩიმაევმა UFC-ში მეოთხე, კარიერაში კი მე-11 ბრძოლა მოიგო. დაუმარცხებელი ჩეჩენი სპორტსმენი, დიდი ალბათობით, წონის პირველ ნომერ კოლბი კოვინგტონს შეხვდება, ამ ბრძოლის მოგების შემთხვევაში კი ტიტულისთვის კამარუ უსმანთან იჩხუბებს. რაც შეეხება გილბერტ ბარნსს, 35 წლის ბრაზილიელი, ალბათ, რეიტინგში 2 პოზიციას დათმობს, თუმცა დღეს ნაჩვენები ბრძოლიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ ქამარზე ბრძოლის შანსი ისევ მიეცეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები