Thumbnail
  • სტერლინგმა რუსი მეტოქეს მეტოქეს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო
  • ძალიან დაძაბულ ჩხუბში გადამწყვეტი პირველი რაუნდი აღმოჩნდა

UFC-ის 273-ე ღონისძიებაზე სუპერმსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლაში ამერიკელმა ალჯამაინ სტერლინგმა რუსი პიოტრ იანი 5-რაუნდი ჩხუბის შემდეგ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 

ორმა რეფერიმ 48:47 'ალჯოს', ხოლო ერთმა მსაჯმა იგივე ანგარიში რუსის სასარგებლოდ დააფიქსირა. გადამწყვეტი პირველი რაუნდი აღმოჩნდა, რომელიც ორმა რეფერიმ სტერლინგს მიაკუთვნა, თორემ მეორე და მესამე რაუნდი ამერიკელმა უპირობოდ მოიგო, მეოთხე და მეხუთე რაუნდი რუსს დარჩა. წონის მოქმედმა ჩემპიონმა პირველი, სკანდალური ჩხუბის შემდეგ ტიტული დაიცვა და ქამარი ღირსეულად შეინარჩუნა. 

'ალჯომ' მეორე და მესამე რაუნდებში მოახერხა ის, რაც წინა ბრძოლის მანძილზე ვერ შეძლო - იანი პარტერში გადაიყვანა და სრული დომინაცია ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მახრჩობელა ილეთის გაკეთება არ გამოუვიდა, 'ალჯომ' მიზანს მაინც მიაღწია. პიოტრმა კი თავი ისე კარგად ვერ დაიცვა, როგორც ეს პირველი ჩხუბისას გააკეთა, სტრაიკინშიც ვერ იყო განსაკუთრებულად კარგი, არა და ეს მისი უძლიერესი მხარეა. საერთო ჯამში, საკმაოდ თანაბარი ბრძოლა გამოვიდა, რომელიც სტერლინგმა მცირე უპირატესობით მოიგო. გამოჩნდა, რომ მატჩის წინ პიოტრ იანის უპირობო ფავორიტად შერაცხვა ზედმეტად გადაჭარბებული იყო. 

სატიტულო ორთაბრძოლის შემდეგ სპორტსმენებმა პირველი კომენტარები ოქტაგონზე გააკეთეს. 

ალჯამაინ სტერლინგი: "აქ ჩამოსვლის წინ ჩემში ეჭვი ბევრს ეპარებოდა, ბოლო ჩხუბის შემდეგ ხალხმა ჩამომწერა. პიოტრ იანის სახით რთული მოწინააღმდეგე მყავდა, ის ყოველთვის სახიფათოა, მაიძულა საკუთარი თავი საუკეთესო ფორმით მეჩვენებინა. ვეგას, შე**ით ჩემი ჩამოწერის გამო. პირველი რაუნდი თითქმის თანაბარი გამოვიდა, ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა და დაერტყა, მაგრამ მისი დარტყმები ჩემთვის არაფერს ნიშნავდა და ახლა კი იცოდე თი ჯეი დილაშოუ, შემდეგი შენ ხარ!"

პიოტრ იანი: "ვფიქრობ, რომ მე ეს ბრძოლა მოვიგე და თქვენ გამარჯვება მომპარეთ. ვფიქრობ, რომ 5-დან 3 რაუნდი მოვიგე. რემატჩი მინდა, რემატჩი, პირველი, მეორე, მეოთხე და მეხუთე რაუნდები მოვიგე, რემატჩი მსურს!"

აღსანიშნავი ფაქტი გახლავთ ის, რომ სტერლინგმა მერაბს 50 000 დოლარი მოაგებინა. მოგეხსენებათ, ONE Championship-ის მძიმე წონის ჩემპიონმა ანატოლი მალიხილმა, რომელიც პიოტრ იანის მეგობარია, მერაბ დვალიშვილს 50 000-დოლარიანი სანაძლეო შესთავაზა, რაზეც ქართველი მებრძოლი მაშინვე დათანხმდა. თუ 'ალჯო' იანს დაამარცხებდა, თანხა მალიხინს უნდა გადაეხადა, რუსის მოგების შემთხვევაში კი მერაბს. ხაზგასასმელია, რომ იანის წაგებიდან რამდენიმე წუთში ანატოლიმ მერაბს ინსტაგრამზე მიწერა, ანგარიშის ნომერი გამომიგზავნეო, სქრინი კი ინსტაგრამ სთორიში განათავსა. 

 

რაც დღევანდელ ბრძოლას შეეხება, მიიღებს თუ არა პიოტრ იანი რემატჩს, ჯერ უცნობია, იქამდე კი UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ალჯამაინ სტერლინგი იმეფებს. მისი მომავალი ქართველი გულშემატკივრებისთვისაც საინტერესოა, რადგან ამ დივიზიონში ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი 'ალჯოს' მეგობარი და სპარინგ-პარტნიორი მერაბ დვალიშვილი გახლავთ. ამერიკელმა გასულ წელს განაცხადა, რომ თუ მერაბის კარიერის დღის წესრიგში საჩემპიონო ბრძოლა დადგება, მის წინააღმდეგ არ იჩხუბებს, წონას დატოვებს და ზედა დივიზიონში გადავა.

კომენტარები

ბოლო ამბები