Thumbnail
  • გიგამ UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლაზე დაწერა
  • კორეელი ზომბისაგან განსხვავებით, ქართველმა დამარცხებულს არ დასცინა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე დივიზიონის სატიტულო ბრძოლას გამოეხმაურა და ჩხუბის მონაწილეებს, გამარჯვებულ ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დამარცხებულ კორეელ ზომბს მიმართა. 

მოგეხსენებათ: რომ არა კალვინ კატართან განცდილი მარცხი, ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგის მერვე ნომერი ჭიკაძე ქამრისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნებოდა. სამწუხაროდ, გიგა დამარცხდა და ახლა სატიტულო ჩხუბის მისაღებად, მინიმუმ, 2 გამარჯვება დასჭირდება. 

დღეს კი ჭიკაძემ ტვიტერის საკუთარ გვერდზე სტატუსები “ალექსანდრე დიდისა” და ზომბის ჩხუბს მიუძღვნა. თავიდან გიგამ ავსტრალიელი მონიშნა და დაწერა: “მესიჯი მიღებულია”. ბუნებრივია, ეს ვოლკანოვსკის ოქტაგონის ინტერვიუს მიემართებოდა, რომელშიც ალექსმა თქვა, რომ ჩემთან ბრძოლა დივიზიონში ერთმა უნდა დაიმსახუროთო, ვინ იქნებით, ერთმანეთში გადაწყვიტეთო. 


მეორე სტატუსი კი გიგამ კორეელ ზომბს მიუძღვნა: “ზომბი ლეგენდაა, თავი მაღლა აწიე!” 35 წლის კორეელმა ბრძოლა მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დათმო. აღსანიშნავია, რომ ზომბმა ნახევრადმსუბუქი წონის ქამარზე კარიერაში მეორედ იჩხუბა, პირველი სატიტულო ბრძოლა ჯერ კიდევ 2013 წელს ჰქონდა, როცა ჟოზე ალდოსთან წააგო. ბოლო დროს გიგამ იან ჩან სუნის მიმართ არაერთი ირონიული კომენტარი გააკეთა, რისი მიზეზიც ზომბის ჭიკაძის კატართან წაგებულ მატჩზე გამოხატული დამცინავი რეაქცია იყო. თუმცა ქართველმა, აზიელისგან განსხვავებით, დამარცხებული მებრძოლის მიმართ პატივისცემა გამოხატა.


ჭიკაძე ამჟამად სარეაბილიტაციო პროცესს გადის. როგორც თავად გიგამ განაცხადა, ძალიან სურს ბრძოლა მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაატაროს. თუმცა, თუ ქართველს ხელზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, უქმობა უფრო მეტი ხნის მანძილზე მოუწევს. შეგახსენებთ, გიგას UFC-ში 1 მარცხის წილ 7 გამარჯვება აქვს!

კომენტარები

ბოლო ამბები