Thumbnail

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ნათამაშები ქართველი კალათბურთელებისთვის ისტორია გადაწერა. მილუოკი ბაქსის ფორვარდმა კლივლენდ კავალიერსთან მატჩში 28 ქულა ჩააგდო და 1 ქულით გადაფარა ზაზა ფაჩულიას რეკორდი. საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანს 27 ქულა 2007 წლის 7 მარტს ვაშინგტონ უიზარდსთან მატჩში ჰქონდა ჩაგდებული.

ბაქსმა რეგულარული სეზონის დასკვნით შეხვედრაში, კლივლენდში, წამყვანი კალათბურთელების გარეშე ითამაშა. NBA-ს მოქმედი ჩემპიონიდან მხოლოდ 7 მოთამაშე დაიტვირთა. სანდრომ შანსი სწორედ ამის გამო მიიღო და ის დიდებულად გამოიყენა: პირადი რეკორდი დაამყარა ნათამაშებ წუთებში, ქულებში, მოხსნებსა და პასებში.

მამუკელაშვილი წაგებულ (115:133) შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში იყო და 43 წუთში 28 ქულას 13 მოხსნა (3 შეტევაში), 4 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა და NBA-ში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. სანდრომ 13-დან 8 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

ქართველი კალათბურთელი მილუოკის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო და მისი დიდი დამსახურება გახლდათ, რომ ბაქსმა ანგარიში მცირედით მაინც შეალამაზა, თორემ მატჩის მიმდინარეობისას 40 ქულის სხვაობითაც კი აგებდა.

მილუოკიმ 51 მოგება და 31 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე დარჩა. ამით გუნდმა რეგულარული სეზონი დაასრულა და მზადებას პლეი-ოფისთვის დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები