Thumbnail

'ვიღაცების მამიკოებთან ჩხუბი არ მინდა' - ჩიმაევის ემოციური პასუხი

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ხამზატ ჩიმაევმა გილბერტთან ბრძოლის ემოციურ მხარეზე ისაუბრა
  • საშიში იმიჯის მქონე სპორტსმენის სიტყვებმა ბევრი გააკვირვა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

UFC-ის ნახევრადსაშუალო წონის ჩეჩენმა მებრძოლმა ხამზატ ჩიმაევმა გილბერტ ბარნსის დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და მისი იმიჯისაგან ოდნავ განსხვავებული კომენტარებიც გააკეთა. ჩეჩენი MMA სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საშიში პერსონაჟია, თუმცა, ცხადია, ასეთი ადამიანი არ არის. 

…პირველ ემოციებზე: "ბრძოლის პირველიდან ბოლო წამამდე მის დაფინიშებას ვცდილობდი. მთელი კვირა ვამბობდი, ნოკაუტით მოვუგებ-მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა. ახლა ჩემს კუთვნილ 50 000 დოლარს ავიღებ, სახლში წავალ, დედაჩემთან ერთად დავისვენებ, მის გაკეთებულ საჭმელს შევჭამ, მერე კი დარბაზს დავუბრუნდები."

…ბარნსისა და მისი ოჯახის შესახებ: "UFC-ითა და ზოგადად MMA-ით დაინტერესებულ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩემს მოწინააღმდეგეებს პატივს არ ვცემ. უბრალოდ, მის გონებასთან თამაში ვცადე, მინდოდა შეცდომები დაეშვა. ვუყურებდი ხოლმე ასეთ (მენტალურ) დუელებს, ვსწავლობდი, რადგან ძალიან მომწონდა. რეალურად ჩემს ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ, ჩვენ ყველა საკუთარი ოჯახებისთვის ვიბრძვით."

...ბარნსის შვილებთან შეხვედრაზე: "გილბერტთან ჩხუბი განსაკუთრებულად რთული იყო, რადგან ბრძოლის წინა დღეს მისი შვილები ვნახე. ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს: “ჩვენს მამიკოს ეჩხუბები!” უცებ გავიფიქრე, ახლა ასეთი რამ ნამდვილად არ მჭირდება-მეთქი. არ მინდა, ვიღაცების მამიკოებს ვებრძოლო. არ მინდა, ჩხუბის წინ მეტოქის შვილები ვნახო, მის ოჯახზე ვიფიქრო. ემოციური ადამიანი ვარ, ჩემთვის რთულია ბავშვების ამ სიტუაციაში ნახვა, საკუთარ შვილებს ბრძოლაზე არასდროს წავიყვანდი. მირჩევნია, ჩემნაირ მკვლელს დავუპირისპირდე, ისეთს, რომელიც სხვას მოკლავს და ამაზე არც კი იდარდებს. ჩხუბის მერე გილბერტს ვუთხარი, რომ პატივს ვცემდი, მუშტების გამო ბოდიში მოვუხადე, ისიც დავამატე, რომ ამას ჩვენი ოჯახებისთვის ვაკეთებთ, თან ცოტა გასართობადაც."

27 წლის დაუმარცხებელმა ჩეჩენმა MMA კარიერაში მე-11 გამარჯვება იზეიმა. სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ხამზატი ნახევრადსაშუალო წონის რეიტინგის მეორე ნომერი გახდება, წინ კი კოლბი კოვინგტონთან დაპირისპირება, გამარჯვების შემთხვევაში კი ამჟამად, წონის მიუხედავად მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი კამარუ უსმანთან სატიტულო ბრძოლა ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები