Thumbnail
  • უკრაინა 2022 წლის მუნდიალის საგზურისთვის შოტლანდიას უნდა ეთამაშოს
  • რუსეთთან მეომარ ქვეყანას და მის ნაკრებს ფეხბურთისთვის ნაკლებად სცალია 
  • შოტლანდიელ სპეციალისტს უკრაინელებისთვის დახმარების გაწევა სურს

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, შოტლანდიელი კენი დალგლიში მიიჩნევს, რომ უკრაინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისგან უნდა გათავისუფლდეს, თუკი 2022 წლის მუნდიალის საგზურისთვის პლეი ოფის შეხვედრის ჩატარებას ვერ მოახერხებს. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრებს კატარის საგზურისთვის ივნისში შოტლანდიასთან უნდა ითამაშოს, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და იქ ფართომასშტაბიანი ომის გამო, ამ ქვეყანას და მის ნაკრებს ფეხბურთისთვის ნაკლებად სცალია.

71 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი უკრაინის მიმართ პატივისცემას გამოხატავს

"არ ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ უკრაინელი ფეხბურთელები და ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია. მათი ბრალი სულაც არ არის, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

გუნდის წევრების დიდი ნაწილი იქ არ თამაშობს. ისინი სხვაგან გამოდიან, მაგრამ მათ ჰყავთ ოჯახები, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ. უსამართლობა მგონია ნებისმიერი ფორმით მათი წნეხში მოქცევა. კარგი ჟესტი იქნებოდა, მათთვის შეთავაზება, რომ მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე მოხვდებიან, თუკი ზაფხულში თამაშისთვის მზად არ იქნებიან. ამით მათ წინაშე პატივისცემას გამოვიჩენთ", - აქვეყნებს დალგლიშის სიტყვებს შოტლანდიური მედია.

კენი დალგლიში ფეხბურთელობის დროს მხოლოდ გლაზგოს სელტიკსა და ლივერპულის ღირსებას იცავდა. "მერსისაიდელებთან" ერთად შოტლანდიელმა ინგლისის ჩემპიონობა 6-ჯერ იზეიმა, 3-ჯერ კი ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, მოთამაშის 22-წლიანი კარიერის დასრულების შემდეგ კი ამ კლუბებში მთავარ მწვრთნელადაც იმუშავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები