Thumbnail

პრესტიჟულმა ამერიკულმა საიტმა Bleacher Report-მა NBA-ის 30-ვე კლუბის ახალბედა მოთამაშეების სეზონი შეაფასა და კლუბებს A-დან და D-მდე შეფასებები დაუწერა. 2021/22 წლების სეზონში სულ 111-მა ახალბედამ მიიღო მონაწილეობა, რომელთა დიდი ნაწილი 2021 წლის დრაფტზე აირჩიეს. მათ შორისაა ერთი ქართველი 22 წლის სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც დრაფტის 54-ე ნომრად აირჩიეს. მან რეგულარული სეზონი NBA-ის ჩემპიონ მილუოკი ბაქსში 2-მხრივი კონტრაქტით გაატარა.

Bleacher Report მილუოკი ბაქსის ახალბედებზე

"მილუოკი ბაქსს მსოფლიოს ტიტული აქვს დასაცავი, ამიტომაც აქცენტი ახალბედებზე არ გაუკეთებია. მიუხედავად ამისა, ჯამში 6-მა ახალბედამ მოირგო ბაქსის მაისურა, რომელთაგანაც სეზონის ბოლოსთვის სამი დარჩა (მათ შორის ერთს, 26 წლის ლუკა ვილდოსას ჯერ დებიუტი არც ჰქონია). 

მხოლოდ ორმა ახალბედამ ითამაშა და ახლაც გუნდშია, ორივეს ორმხრივი კონტრაქტი აქვს: ლინდელ ვიგინტონსა და სანდრო მამუკელაშვილს. ვიგინტონი დრაფტზე არ აურჩევიათ, მამუ კი 54-ე იყო. ორივეს ღრმა სარეზერვო როლი ჰქონდა სეზონში, თუმცა, როცა შანსი მიეცათ, მათ ნორმალურად ითამაშეს. 

ჯამში 700 წუთზე ნაკლები ითამაშეს, ასე რომ, არ არის ბევრი მონაცემი დასკვნების გასაკეთებლად, მაგრამ რაც არის, კარგია. იმის გათვალისწინებით, რომ ახალბედებში ბაქსს ინვესტიცია ფაქტობრივად არ ჩაუდია, ეს მცირე გამარჯვებად შეიძლება ჩავთვალოთ - ჩვენი შეფასებაა C+".

სანდრო მამუკელაშვილი საშუალოდ 3.8 ქულას აკეთებდა თამაშში, რაც 111 ახალბედას შორის 64-ე პოზიციაა. მის ანგარიშზეა საშუალოდ 2.0 მოხსნა და 0.5 პასი. შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა გუნდს 28 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი მოუტანა, ეს მისი კარიერის საუკეთესო შეხვედრაა, ხოლო 28 ქულა - NBA-ში ახალი ქართული რეკორდი.

Bleacher Report-მა A+ მხოლოდ სამ კლუბს დაუწერა - კლივლენდს (მობლი); ნიუ ორლეანს (ჯონსი, ალვარადო) და ტორონტოს (ბარნსი). საინტერესოა ინდიანას შეფასებაც, სადაც მთავარი ახალბედები ჯეკსონი და დუარტე არიან - A-.

კომენტარები

ბოლო ამბები