Thumbnail
  • ამ სეზონში ფავორიტების დასახელება საკმაოდ რთულია
  • რეგულარულში ყველაზე სტაბილურები ფინიქსი და მილუოკი იყვნენ
  • ბრუკლინი სეზონის მთავარი გამოცანაა
  • ლიგაში ერთდროულად რამდენიმე თანაბრად კარგი გუნდია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

NBA-ში წელს ფავორიტი ვინ არის? - ამ კითხვას მეგობრებისა და ნაცნობებისგან თითქმის ყოველდღიურად ვიღებ. პასუხის გაცემა ძალიან რთულია. ჩემს მახსოვრობაში ალბათ პირველი წელია, როდესაც პლეი ოფის წინ ფავორიტებსა და აუტსაიდერებზე ერთმნიშვნელოვნად მსჯელობა შეუძლებელია.

წლევანდელი სეზონი დაბალანსებული და მოულოდნელობებით აღსავსე იყო. არავინ ელოდა, რომ ვარსკვლავური ლეიკერსი პლეი ოფს მიღმა აღმოჩნდებოდა, ხოლო  კიდევ უფრო ვარსკვლავური ბრუკლინი კი მხოლოდ გადათამაშებაში მოხვდებოდა. არც იმას ელოდა ვინმე, რომ დასავლეთში მეორე პოზიციაზე ახალგაზრდული მემფისი იქნებოდა, აღმოსავლეთში კი - ბოსტონი. არც მაიამის ლიდერობას ველოდით აღმოსავლეთში.

რას უნდა ველოდოთ ბრუკლინისგან? - ძალიან რთული სათქმელია. რას იზამენ მემფისი, ბოსტონი, დონჩიჩის დალასი? - ასევე რთული სათქმელია. მათგან არც პირველივე წრეში გავარდნა გაგვიკვირდება და არც რომელიმე მათგანის კონფერენციის ფინალში ხილვა. ან აღმოსავლეთის ლიდერი მაიამი რომ კონფერენციის ნახევარფინალშივე უშანსოდ გავარდეს, არც ეს გახდება დიდი სენსაცია. და გოლდენ სტეიტი? თან თითქოს ყველაფრის მომგები გუნდია საჩემპიონო გამოცდილებით, მაგრამ ვინმე იტყვის, რომ პირველ წრეში დენვერთან უპირობო ფავორიტია.

ვინ არის ფავორიტი დალასის და იუტას დაპირისპირებაში? და გოლდენ სტეიტის და დენვერის?

მოკლედ, თანაბარი და დაძაბული თამაშები გველის. ბევრ სენსაციას და მოულოდნელობებსაც უნდა ველოდოთ.

მთავარი ფავორიტები

შესავალში ბევრი ვისაუბრეთ, რომ ამ სეზონს ფავორიტები თითქმის არ ჰყავს, მაგრამ, ეს ‘თითქმის’ ერთ გუნდს ნამდვილად არ ეხება. მთელი სეზონია, ფინიქს სანსი გვარწმუნებს, რომ წელსაც NBA-ს ფინალში თამაშს აპირებს. ფინიქსს ძალიან სტაბილური და დალაგებული თამაში აქვს, რომელიც ბურთის იდეალურ მოძრაობაზე, გუნდურობასა და თამაშის ორგანიზაციას ეფუძნება. არ ბერდება კრის პოლი და უკეთესი ხდება დევინ ბუკერი (თამაშში 26.8 ქულა). ვარსკვლავივით თამაშობს მიკალ ბრიჯესი. ფინიქსი ლიგის საუკეთესოთა შორის იყო როგორც დაცვითი, ასევე შეტევის მონაცემებით.

ფინიქსი საუკეთესოთა შორისაა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში

არიზონელებს ერთდროულად 7 მოთამაშე ჰყავთ, რომლებიც სეზონის მონაცემებით თამაშში საშუალოდ 10 და მეტ ქულას ყრიან. ეს მონაცემი კარგად მეტყველებს მონტი უილიამსის გუნდის სათამაშო ორგანიზაციასა და მათ კოლექტიურ თამაშზე.

კიდევ ერთი მონაცემი: ფინიქსი ლიგაში საუკეთესოა დაძაბულ, ქულა-ქულაში თამაშებში. კრის პოლი და დევინ ბუკერი ე.წ. ‘ქლაჩში’, ანუ ბოლო წუთებზე, თანაბარ ანგარიშში ძალიან მაგრად ყრიან. ეს პლეი ოფში აუცილებელი თვისებაა.

ფინიქსმა სეზონი იოლად მოიგო და პირველ წრეში, ბევრი კონკურენტისგან განსხვავებით, იოლი მეტოქე ეყოლება - კლიპერსი ან ნიუ ორლეანი. ზოგადად, დასავლეთში ვერცერთ გუნდზე ვერ იტყვი, რომ ფინიქსზე უკეთესია. ფინიქსს უფრო მეტად აღმოსავლეთიდან წამოსული გუნდების უნდა ეშინოდეს. შარშანდელმა სუპერფინალებმა აჩვენა, რომ ამ გუნდს ერთი პრობლემა აქვს - მასის, სიმაღლის და გაბარიტების სამწამიანში. შარშან მხოლოდ დეანდრე აიტონი იანისს არ ეყო. აღმოსავლეთში კი იანისი, ემბიიდი და ბრუკლინი არიან.

სეზონის მთავარ ფავორიტებს შორის უნდა მოვიხსენიოთ მოქმედი ჩემპიონი მილუოკი, რომელიც მთელი სეზონი სტაბილური იყო, თანაც ისე, რომ თავი არ მოუკლავს, ბევრი ენერგია არ დაუხარჯავს. არცერთს, იანისს, მიდლტონს და ჰოლიდეის არ უთამაშია 67 თამაშზე მეტი რეგულარულში. ბაქსმა თითქმის სრულად შეინარჩუნა საჩემპიონო შემადგენლობა. ერთადერთი დაკარგა პი-ჯეი ტაკერი, რომელიც შარშანდელ სერიებში დურანტის წინააღმდეგ თამაშობდა. წლევანდელ ნახევარფინალშიც, მილუოკი შესაძლოა ბრუკლინს შეხვდეს და ტაკერის დანაკლისი იმაზე მეტი და სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

მილუოკი თამაშში 99.9 პოზიციით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გუნდია ლიგაში და სწრაფ თამაშში ძალიან შედეგიანია.

მილუოკის შეტევა ერთ-ერთი საუკეთესოა

თუმცა, პლეი ოფში ტემპი დავარდება და მილუოკის მთავარი პრობლემა ისევ დაბალ ტემპში და პოზიციურ თამაშში ქულების სტაბილურად დაგროვება იქნება. დაბალი ტემპი და პოზიციური შეტევა იანისის ძლიერ მხარეებს ხელს არ უწყობს.

შარშან ასეთ მომენტებში თამაში თავის თავზე რამდენჯერმე კრის მიდლტონმა აიღო. მისი სამიანები და გრძელი ორქულიანები პოზიციური შეტევის დროს მთავარი იარაღია. წელსაც, მილუოკი დაძაბულ მომენტებში მიდლტონის იმედად უნდა იყოს. მიდლტონის და კარგი დაცვის, რადგან წინა წლის ჩემპიონობა უპირველეს ყოვლისა, სწორედ დიდებული დაცვის დამსახურებაა. იანისი და ჯრუ ჰოლიდეი დაცვის საუკეთესო სპეციალისტები არიან. მილუოკის პირველ წრეში ჩიკაგო ელის, რომელმაც ძალიან მოუკლო და დაცვაც არ ეხერხება. ჩიკაგოს ბაქსმა წესით უნდა მოუგოს, მეორე წრეში კი შესაძლოა, წინა სეზონის გამეორება ვნახოთ - იანისი დურანტის წინააღმდეგ.

მთავარი გამოცანა

მთელი წელია, ყველაზე მეტს და ყველაზე ხშირად ბრუკლინზე ვწერდით - ოღონდ უმეტესად არასაკალათბურთო მიზეზების გამო: ითამაშებს თუ არა კაირი ირვინგი და რას ფიქრობს ის აცრაზე? რატომ უნდა წასვლა ჯეიმს ჰარდენს და ვისში გაცვლიან მას? დურანტის ჯანმრთელობის საკითხი როგორ არის? ახლა კიდევ ერთი კითხვა დაგვემატა - ბენ სიმონსის თავს რა ხდება?

მოკლედ, ბრუკლინი უფრო ცირკი იყო, ვიდრე გუნდი. მეორე სეზონია ნეტსმა გუნდი ვერ შეკრა. წელს საერთოდაც გადათამაშების მოგება მოუწიათ იმისთვის, რომ მეშვიდე პოზიცია მიეღოთ. ამის მიუხედავად, ბრუკლინს კევინ დურანტი და კაირი ირვინგი ჰყავს. იქვე არიან გამოცდილი ვეტერანებიც. შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს პარკეტზე ვიხილოთ ბენ სიმონსი. და როგორ გინდა ამ გუნდის ჩამოწერა? გადათამაშების მატჩის პირველი მეოთხედი ბრუკლინმა 40:20 მოუგო კლივლენდს და მთელ ლიგას აჩვენა, რა არის მისი რეალური ძალა. სწორედ ამიტომ, ბუკმეკეირები მილუოკის შემდეგ აღმოსავლეთში ფავორიტად მაინც ბრუკლინს მიიჩნევენ.

სტივ ნეშიც გუნდს თითქმის შეუსრულებელი მისია ელის წინ. მეშვიდე პოზიცია პლეი ოფში იმის გარანტია, რომ ფინალამდე რთული გზა შეგხვდება. ჩემპიონობისთვის ბრუკლინმა ჯერ ამბიციურ ბოსტონს უნდა მოუგოს, შემდეგ დიდი ალბათობით მილუოკის და იმის მერე კიდევ მაიამის, ან ფილადელფიას. ყველა ამ სერიაში საშინაო მოედნის უპირატესობა მეტოქეს ექნება.

ბრუკლინის ანალიზი რთული და უმადური საქმეა. შემადგენლობა და სათამაშო სისტემა მუდამ იცვლება. სტივ ნეშს რეალურად პლეი ოფის მიმდინარეობისას მოუწევს საჩემპიონო გუნდის შექმნა. გარდა ამისა, ბრუკლინმა შუა სეზონში დაკარგა ჯეიმს ჰარდენი. მის ნაცვლად მისული ბენ სიმონსი კი ისევ არ თამაშობს და არავინ იცის, როდის ითამაშებს. ოფიციალური მიზეზი მისი ფსიქოლოგიური პრობლემებია. სიმონსი რომც გამოჩნდეს, საეჭვოა, კარგ ფორმაში იყოს. თუმცა, მის გარეშე ბრუკლინს ძალიან გაუჭირდება, პირველ რიგში დაცვაში.

მათგან ყველაფერს უნდა ველოდოთ

როგორც შესავალში გითხარით, წელს NBA-ს ბევრი კარგი და თანაბარი გუნდი ჰყავს, რომლებიც რთულია, სუპერგუნდებად განვიხილოთ, თუმცა მათგან ყველაფერს შეიძლება ელოდო - პირველ წრეში გავარდნასაც და ჩემპიონობასაც.

ასეთ გუნდებს შორისაა გოლდენ სტეიტი, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში ლიგაში ფინიქსთან ერთად საუკეთესო იყო, მეორე ნახევარში კი შედარებით მოუკლო. გოლდენ სტეიტს ჰყავს კარი-გრინი-ტომპსონის საჩემპიონო სამეული და ძალიან კარგი ახალგაზრდები. გოლდენ სტეიტი მსროლელი გუნდია და სროლის რიტმის დაჭერა მათთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. თუ კარის, ტომპსონს და ჯორდან პულს სროლა მისდით, სტივ კერის გუნდს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. გოლდენ სტეიტს ერთდროულად 4 სტაბილური შემტევი ოპცია აქვს. სტეფი, კლეი, ენდრიუ უიგინსი და ჯორდან პული - ოთხივე სეზონში საშუალოდ 15 ქულაზე მეტს ყრის. ფინიქსის შემდეგ გოლდენ სტეიტი ალბათ მაინც მთავარი ფავორიტია დასავლეთში.

მსროლელი გუნდია იუტა ჯაზიც, რომელიც სტაბილურად სამქულიანებზე აკეთებს აქცენტს.

იუტა და გოლდენ სტეიტი აქცენტს სამქულიანებზე აკეთებენ

იუტა ბევრი წელია სტაბილურია, თუმცა პლეიოფში გობერის დაცვა და შეტევაში სამიანების წვიმა არ ჰყოფნის. დონოვან მიტჩელის გუნდი წელსაც იგივე რეცეპტით შეეცდება ფონს გავიდეს. კიდევ ერთი წარუმატებლობა ალბათ დიდ ცვლილებებს გამოიწვევს ორგანიზაციაში და მიტჩელს ან გობერს შესაძლოა წასვლაც მოუწიოს.

იუტა ნელა თამაშობს - თამაშის ტემპით 22-ეა ლიგაში. შეტევაში კი ან დონოვან მიტჩელის ინდივიდუალური ოსტატობის იმედად არის (თამაშში 25.9 ქულა) ან ზემოთ ხსენებული სამქულიანების.

არ უნდა დაგვავიწყდეს დალასის ფაქტორი, რომელიც სეზონის მეორე ნახევარში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ლიგაში და ახალგაზრდა მემფისი, რომელიც სეზონის მთავარ აღმოჩენად იქცა.

აღმოსავლეთს კონფერენციასაც თავისი X-ფაქტორები აქვს. მაიამი სეზონის საუკეთესო გუნდი იყო - ყველაზე სტაბილური, დაბალანსებული შემადგენლობით და ტრადიციული დისციპლინითა და სათამაშო ორგანიზაციით. მაიამის არ ჰყავს სუპერვარსკვლავები, თუმცა ამ გუნდს ერთდროულად ბევრი ლიდერი ჰყავს. გამოცდილი ჯიმი ბატლერი, ვეტერანები კაელ ლოური და პი ჯეი ტაკერი, ახალგაზრდა ტაილერ ჰიროუ და ბემ ადებაიო. სპოელსტრას გუნდში ერთდოულად 7 მოთამაშე ყრის თამაშში საშუალოდ 10 და მეტ ქულას.

ჰიტი ძალიან ნელა თამაშობს. თამაშში 95.8 პოზიციით 28-ე ადგილზეა ლიგაში. ამიტომ, პლეიოფურ თამაშში ჰიტს სასიცოცხლოდ სჭირდება ზუსტი სამქულიანები. ეს უპირველეს ყოვლისა ტაილერ ჰიროუს, დანკან რობინსონის და კაელ ლოურის საქმეა. ეს სამეული თამაშში 20.7 სამქულიანს ისვრის. თუ ჰითს პერიმეტრიდან სროლა არ მისდის, დამდგარ პოზიციურ თამაშში მხოლოდ ბატლერის იმედად ყოფნა რთულია. რეგულარულში მაიამი ძალიან მაგრად ისროდა.

მაიამის შეტევაში სამქულიანები სჭირდება

დაცვაში ფლორიდელებს უკვე ბევრი წელია ყველაფერი წესრიგში აქვთ - მათი დაცვა წელსაც მეხუთე ადგილზეა ლიგაში.

მაიამისთან ერთად ბევრს ელიან ფილადელფიასგანაც. ჯოელ ემბიიდს MVP-ს კლასის სეზონი ჰქონდა (თამაშში 30.6 ქულა). გარდა ამისა, შუა სეზონში ფილადელფიას ჯეიმს ჰარდენიც დაემატა. ორი სუპერვარსკვლავი პლეიოფში დიდი ძალაა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დოკ რივერსზე - თუ როგორ მოახერხებს იგი ჰარდენსა და ემბიიდს შორის სათამაშო ბალანსის პოვნას.

სხვა საკითხიცაა. ჰარდენი წელს მაინცდამაინც თავის თავს არ ჰგავს. ასე იყო ბრუკლინშიც და ასეა ფილადელფიაშიც. თამაშში 21 ქულით ჰარდენს 2012 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. თამაშში 6.7 სამქულიანს ისვრის, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია და ამას 32.3 პროცენტით აკეთებს, რაც კარიერაში ყველაზე დაბალი შედეგია. ჰარდენი უფრო ცოტასაც ისვრის (თამაშში 13.6 სროლა), თუმცა ფილადელფიას შეტევაში ემბიიდის გარდა სტაბილური ოპცია უჭირს. ჰარდენს მოუწევს, თამაში თავის თავზე აიღოს და მისმა სამიანებმა ემბიიდს შეტევაში სივრცე უნდა შეუქმნას. სხვანაირად ‘ფილა’ დადგება და შეტევის დროს სივრცე და სისწრაფე დააკლდება. მით უმეტეს, დოკ რივერსის ძლიერი მხარე ბურთის მოძრაობა და კომბინაციური თამაში არასოდეს ყოფილა. ფილადელფიაც ვარსკვლავების გუნდია. ჰარდენმაც პერიმეტრზე სუპერვარსკვლავივით უნდა ითამაშოს და სამწამიანში უკვე ემბიიდია.

მოკლედ, შაბათ საღამოდან ჩაუჯექით - დიდი ამბები იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები