Thumbnail

NBA-ის პლეი ოფი უახლოეს საათებში აიღებს სტარტს 16 კლუბი ლარი ო'ბრაიენის სახელობის საჩემპიონო ტროფეისთვის იწყებს ბრძოლას და მათ შორის არის მოქმედი ჩემპიონი მილუოკი ბაქსი. გუნდის საბოლოო, 17-კაციან განაცხადში ქართველი ახალბედა სანდრო მამუკელაშვილიცაა. თუ სანდროს პლეი ოფში თამაშის შანსი მიეცემა, ეს მისი დებიუტი იქნება. 

საპლეიოფო გუნდების განაცხადებში სულ 35 ევროპელი კალათბურთელია და მამუ ერთ-ერთი მათგანია. ყველაზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება საფრანგეთს - 5. სერბებს პლეი ოფში 4 მოთამაშე ჰყავთ, ისევე, როგორც ესპანელებს. 3-3 წარმომადგენელი ჰყავს გერმანიას და სლოვენიას; 2-2 ხორვატიას, საბერძნეთს, მონტენეგროსა და თურქეთს; თითო საქართველოს, იტალიას, დანიას, ლატვიას, შვეიცარიას, ლიეტუვას, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს. 

ბუნებრივია, მთავარი ევროპელები სანდროს გუნდელი იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), რუდი გობერი (საფრანგეთი), ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი), ნიკოლა ვუჩევიჩი (მონტენეგრო) და იონას ვალანჩუნასი (ლიეტუვა) არიან. სულ პლეი ოფში ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის 2021 წლის დრაფტის 54-ე ნომრად აირჩიეს. სანდრო საშუალოდ 3.8 ქულას აკეთებს. მილუოკი 18 აპრილს (02:30 თბილისის დროით) ჩიკაგო ბულსს პირველ მატჩში მასპინძლობს. ამ მატჩისთვის ბობი პორტისის, ბრუკ ლოპესისა და იანის ანტეტოკუნმპოს თამაში საეჭვოა. ამ სამეულიდან ერთმაც რომ ვერ ითამაშოს, სანდროს მოედანზე გასვლის რეალური შანსი ექნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები