Thumbnail

'თითქოს საკუთარ სახლში გაგვძარცვეს' - ჩავი იმედგაცრუებულია

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ჩავიმ განაცხადა, რომ სტადიონზე უამრავი გერმანელი ფანის ყოფნა კლუბის შეცდომა იყო
  • 'ბლაუგრანას' დამრიგებელმა აღნიშნა, რომ გუნდი თავს სახლში არ გრძნობდა

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ევროპალიგის საშინაო მატჩზე ფრანკფურტის აინტრახტის გულშემატკივრების "ნოუ კამპზე" დიდი რაოდენობით დასწრებაზე კომენტარი გააკეთა. 

"ფეხბურთელებს არ ჰქონდათ ისეთი შეგრძნება, რომ სახლში თამაშობდნენ. წაგებას გამართლება არ აქვს, მაგრამ ატმოსფერომ ჩვენზე გავლენა მოახდინა, თავს კომფორტულად არ ვგრძნობდით. ცუდი წინათგრძნობა მას შემდეგ მქონდა, რაც ავტობუსში ჩავსხედით, არ იგრძნობოდა, რომ მშობლიურ ქალაქში ვიყავით. 

გზად სხვადასხვა სახის საგნებს გვესროდნენ, ჩემმა ფეხბურთელებმა გვირაბში შესვლაც ძლივს მოახერხეს. პირველ წუთზე კი მოწინააღმდეგემ პენალტიც გამოიმუშავა. ჩვენთვის, ეს ყოველმხრივ მტკივნეული საღამო გახლდათ. ის ცუდად დაიწყო და ცუდად დასრულდა. ისეთი გრძნობა გვაქვს, თითქოს საკუთარ სახლში გაგვძარცვეს. იმედია, კლუბი რაღაც მომენტში მომხდარს ოფიციალურად ახსნის და იპოვის გზას, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ მოხეს. მომხდარი, რასაკვირველია, კლუბის შეცდომა იყო," - ციტირებს ჩავის ESPN

ფრანკფურტის აინტრახტმა ბარსელონას "ნოუ კამპზე" 3:2 მოუგო და ევროპალიგიდან გააგდო.
ბარსას საშინაო არენაზე, დაახლოებით, 25 000 გერმანელი ფანი იყო. ზოგიერთი გამოცემა 30 000-საც წერს. როგორ მოახერხა აინტრახტის ამდენმა ფანმა სტადიონზე შესვლა? ოფიციალურად, უეფასგან სტუმარი გუნდისთვის 5 000 ბილეთი იყო გამოყოფილი. მაგრამ გერმანელებმა შეძლეს და 5-6-ჯერ მეტი შეიძინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები