Thumbnail

NBA-ს პლეი ოფები დაიწყო და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რატომ არის პლეიოფური კალათბურთი საერთოდ სხვა თამაში - უფრო სწორად ის თამაში, რომელსაც ღირს, რომ მთელი წელი ველოდოთ.

ბოსტონმა და ბრუკლინმა პლეიფური კლასიკა შემოგვთავაზეს. ამ შეხვედრაში ყველაფერი იყო: კარგი დაცვა და პლეიოფური ბრძოლა, სუპერვარსკვლავების ჯადოქრობა და ბოლო წამზე მოგებული თამაში. დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდიდა ის ფაქტი, რომ კაირი ირვინგი ბოსტონში ბრუნდებოდა, იმ გუნდში, რომლიდანაც სკანდალით წამოვიდა და დღემდე მათ ერთმანეთი ძალიან არ უყვართ.

მატჩი სტვენით დაიწყო. კაირის თითოეულ შეხებას ბურთთან 'ტიდი გარდენი' სტვენით და ობსტრუქციით ხვდებოდა. ტრიბუნების განწყობა სელტიკსაც გადაედო. ბოსტონი ძალიან აგრესიული და მობილიზებული იყო დაცვაში - ისე, რომ ბრუკლინს პირველივე ხუთ წუთში ბურთის ხუთი დაკარგვა ჰქონდა.

ბოსტონი ფსონს აგრესიულ დაცვაზე და მერე მეტოქისთვის ბურთის მოპარვის და დაკარგვის შემდეგ სწრაფ შეტევაზე ჩამოვიდა. ბრუკლინმა ჯამში 16-ჯერ დაკარგა ბურთი. ბოსტონის აგრესიული დასაწყისის მიუხედავად, ბრუკლინი თამაშში დარჩა და მეტოქეს მალე დაეწია. სტივ ნეშის გუნდი უფრო უკეთ ისროდა (ზუსტი სროლების 53.8 პროცენტი მეტოქის 47.2-ის წინააღმდეგ) და პოზიციურ, ნელ თამაშში უკეთესი იყო.

ძალიან დაძაბული და თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, ბოსტონი მესამე მეოთხედში გაიქცა. მეოთხედი 11 ქულით მოიგო და მეოთხე მეოთხედის წინ თითქმის გარანტირებული გამარჯვებაც უნდა ჰქონოდა. სელტიკსის აგრესიას და მონდომებას ის შედეგი ჰქონდა, რომ ბოსტონი მეტოქეზე ცუდად ისროდა, თუმცა მეტოქის ფარზე 14-ჯერ მოხსნა ბურთი (ბრუკლინმა მხოლოდ 5-ჯერ) და მოხსნების და მეტოქის დაკარგვების ხარჯზე ბრუკლინზე მთელი 11 სროლით მეტი შეასრულა. ბოსტონი უფრო ცუდად ისროდა, თუმცა უფრო ხშირად.

თუმცა, მეოთხე მეოთხედში კაირი ირვინგის შოუ დაიწყო. კაირი იქამდეც საუკეთესო იყო თავის გუნდში, რადგან კევინ დურანტს თავისი მასშტაბით საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ჰქონია - 23 ქულა, 24-დან 9 ჩაგდებული ბურთი და 5-დან მხოლოდ ერთი ზუსტი სამიანი. კაირიმ მეოთხედის დასაწყისშივე ზედიზედ 8 ქულა ჩააგდო და ბრუკლინი თამაშში დააბრუნა. საერთო ჯამში ირვინგმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მეოთხედი ჩაატარა - ჯამში 39 ქულა აიღო და ამისთვის სულ 20 სროლა დასჭირდა (20-დან 12 ზუსტი სროლა, მათ შორის 9-დან 5 ზუსტი სამქულიანი). ბრუკლინის 29 ქულიდან მეოთხე მეოთხედში 18 კაირის ანგარიშზე იყო.

ბრუკლინი ბოსტონს მალე დაეწია. სელტიკსის შეტევაში ჩაყრა გაუჭირდა. მატჩის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე ბრუკლინი ხუთ ქულას იგებდა, როცა ჯეილენ ბრაუნმა სამიანი ჩააგდო. ეს ბოსტონის პირველი და უკანასკნელი სამიანი იყო მეოთხე მეოთხედში. ჯამში სელტიკსმა 33-დან 12 სამიანი ჩააგდო, ბრუკლინმა კი ფენომენალური 45-დან 11 (ზუსტი სამიანების 45 პროცენტი). ბოსტონმა გაათანაბრა და ბოლო წუთზე გუნდები თანაბარი ანგარიშით შევიდნენ.

45 წამი იყო დარჩენილი, როდესაც თანაბარ ანგარიშზე კაირიმ კიდევ ერთი ჯადოსნური სამიანი ჩააგდო ძალიან შორი დისტანციიდან. ბოსტონმა სწრაფი ორქულიანით უპასუხა ისე, რომ ორივე გუნდს ერთი შეტევის დრო ჰქონდა დარჩენილი. სელტიკსმა ძალიან მაგარი დაცვა ითამაშა, თავის ბოლო შეტევაში კი ჯეილენ ბრაუნმა და მარკუს სმარტმა დიდებულად გაათამაშეს, ბოლო წამზე ბურთი ჯეისონ ტეიტუმს მიუვიდა, მანაც ე.წ. 'სპინმუვით' ჩააგდო და ბოსტონმა თამაში მოიგო. 

ტეიტუმს 18 სროლაში 31 ქულა ჰქონდა და თავის გუნდში საუკეთესო იყო. იგი 12-ჯერ დადგა საჯარიმო ხაზზე. 23 ქულა ჩააგდო ჯეილენ ბრაუნმა, 20-20 ვეტერანმა ალ ჰორფორდმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მარკუს სმარტმა. ჰორფორდი დაცვის ლიდერი იყო და 15 მოხსნაც მიითვალა თავის ანგარიშზე. ბრუკლინიდან კაირის და დურანტის გარდა 15 ქულაზე მეტი არავის ჰქონია. სტივ ნეშს შეტევაში სტაბილური მესამე ოპციაც დასჭირდება. ძალიან მაგარი სერია დაიწყო - ბოსტონი 1:0-ს იგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები