Thumbnail
  • ჰამბურგის მწვრთნელმა ფრაიბურგთან მატჩზე ისაუბრა
  • ყველა ბილეთი გაყიდულია: ჰამბურგს მინიმუმ 55 000 ფანი უქომაგებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გიორგი ჩაკვეტაძის ჰამბურგს უნიკალური შანსი აქვს, მეორებუნდესლიგელის რანგში გერმანიის თასის ფინალში გავიდეს.

ჩრდილოგერმანული კლუბი სამშაბათს, DFB Pokal-ის ნახევარფინალში ფრაიბურგს საკუთარ მოედანზე ეთამაშება - ამ ერთი მატჩის მოგება და HSV ფინალში გავა, სადაც ან ლაიპციგს შეხვდება, ანაც ბერლინის უნიონს. ისტორიულად არა, მაგრამ დღესდღეობით ფრაიბურგი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ჰამბურგი - სწორედ ამიტომ, ჩაკვეტაძის გუნდის მთავარი მწვრთნელი ტიმ ვალტერი ფავორიტად მეტოქეს მიიჩნევს, თუმცა პირობას დებს, რომ მისი ფეხბურთელები ჰამბურგისთვის ისტორიულად დამახასიათებელი მონდომებით ითამაშებენ და ბერლინის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლებენ. 

“ჩვენი ფილოსოფია ყოველთვის ერთნაირია. საკუთარ სტილს არ ვუღალატებთ, თამამები და უშიშრები ვიქნებით,” - განაცხადა 46 წლის ვალტერმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ ფრაიბურგი მისთვის ყველანაირად მისაბაძი მაგალითია.

'მეტოქე ძლიერია, მაგრამ მათ მინიმუმ 55 000 ფანის წინააღმდეგაც მოუწევთ თამაში'

ვალტერმა აღნიშნა, რომ ჰამბურგში სწორედ ფრაიბურგის მსგავს სტაბილურობას ისურვებდა: “მწვრთნელმა კრისტიან შტრაიხმა და კლუბის ხელმძღვანელებმა ფრაიბურგში განსაკუთრებული ერა შექმნეს, ფრაიბურგის სტაბილურობა ყველასათვის სამაგალითო უნდა იყოს. კარგი იქნებოდა, ასეთი ერის შექმნა ჩვენც რომ შევძლოთ ჰამბურგში.”

იმის ფონზე, რომ ჰამბურგმა ბოლოდროინდელი არასტაბილურობით მეორე ბუნდესლიგაში საქმე ძალიან გაირთულა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ელიტაში დასაწინაურებელ ზონას 5 ქულით ჩამორჩება, გერმანიის თასის ნახევარფინალი ჩაკვეტაძის გუნდისთვის ფაქტობრივად სეზონის მთავარი მატჩია. ვალტერიც ამბობს, რომ ყველა მოთამაშე ძალიან მოტივირებულია: “ფოლპარკსშტადიონი” სავსე იქნება, რაც დამატებითი მოტივაციაა. მეტოქე ძლიერია, მაგრამ მათ მინიმუმ 55 000 ფანის წინააღმდეგაც მოუწევთ თამაში.”

“ფრაიბურგი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ჩვენ კი პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე ვოცნებობთ. ცხადია, ამ მოცემულობებით ამ თამაშში როლები მკაფიოდაა გადანაწილებული - ფავორიტი ფრაიბურგია. მაგრამ ჩვენ სწორედ ამ მოცემულობის გაბათილება გვსურს!” - ესეც ჩაკვეტაძის მწვრთნელის სიტყვებია.

ჰამბურგის მთავარი მწვრთნელი ტიმ ვალტერი

ჰამბურგის დამრიგებელს საკადრო პრობლემები თითქმის არ აწუხებს. ნახევარდაცვაში ბრუნდება ლუდოვიტ რაისი, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში ბოლოს დისკვალიფიცირებული იყო. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება გუნდის ლიდერი სონი კიტელი, რომელიც მუხლის პრობლემების გამო წინა კვირაში, კარლსრუესთან სათადარიგო იყო. კიტელი, დიდი ალბათობით ამჯერად მარცხნიდან შეუტევს, ცენტრში კი ალბათ 21 წლის ანსი სუონენს ვიხილავთ, რომელსაც ვალტერი ძალიან აქებს: “ამ ბიჭს იმდენი და ისეთი ენერგია აქვს, მუდმივად წნეხის ქვეშ ამყოფებს მეტოქე გუნდის უკანახაზელებს.”

ჩაკვეტაძე ჰოლშტაინ კილთან მატჩის დროს

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს: გერმანული მედია საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ფრაიბურგთან ჰამბურგის სასტარტო შემადგენლობაში არ მოიაზრებს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ბოლო დროს ვალტერი ჩაკვეტაძეს ბევრ დროს არ აძლევს. პადერბორნთან გოლის გატანის შემდეგ, ჩაკვეტაძემ აუესთან 11 წუთი ითამაშა, ჰოლშტაინ კილთან - 25 წუთი, ხოლო კარლსრუესთან კი - 12 წუთი.

კომენტარები

ბოლო ამბები