Thumbnail
  • ანდრეი კირილენკომ ფიბა-ევროპას დატოვება არ გამორიცხა
  • ყველაფერი მაისში დაგეგმილ საგანგებო სხდომაზე გაირკვევა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

რუსეთის კალათბურთის ფედერაციაში სერიოზულად ფიქრობენ, რომ სანქციების პირობებში ევროპული ფედერაციიდან აზიურში გადაბარგდნენ. ეს ცნობა ქართველი ქომაგებისთვისაც საინტერესოა იმ კუთხით, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე უნდა ყოფილიყო მომავალ ევრობასკეტზე და დიდი ალბათობით, რუსებთან დაპირისპირება 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 ჯგუფურ ეტაპზეც გვიწევდა.

შეგახსენებთ, რომ ფიბა-ს აღმასკომმა 1 მარტს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსული ნაკრებები და კლუბები მისი ეგიდით მიმდინარე ტურნირებს დროებით ჩამოაშორა. ეს ვერდიქტი მალე უნდა გადაიხედოს, თუმცა, როგორც სჩანს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსები ოპტიმისტურად არ არიან გაწყობილნი და ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

“ფიბა ჩვენი ნაკრებების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მაისის ბოლოს აპირებს. შემდგომ ნაბიჯსაც ამის მიხედვით გადავდგამთ. მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვარიანტები არსებობს”, - განაცხადა რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ, როდესაც ფიბა-ევროპადან ფიბა-აზიაში შესაძლო გადასვლაზე ჰკითხეს.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

შეგახსენებთ, რომ მომავალი ევრობასკეტი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი, თბილისურ ჯგუფში კი მასპინძელი საქართველოს გარდა, ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი მოხვდნენ. თუკი რუსები ტურნირიდან მართლაც გააძევეს, ქართველ კალათბურთელებს ახალი მეტოქე ეყოლებათ, რომლის ვინაობაც მოგვიანებით გაირკვევა (საუბარია ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროზე).

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაციას. საქართველოს ნაკრებს მე-2 ეტაპზე თამაში უკვე განაღდებული აქვს, იქ კი მეტოქეებად H ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები ეყოლება. რუსებს სამივე გასული მატჩი მოგებული ჰქონდათ და ქართველ კალათბურთელებთან თამაში ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და დიდი ალბათობით, საქართველოს მოწინააღმდეგეები იტალია, ისლანდია და ნიდერლანდები იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები