Thumbnail
  • ჩიკაგო ბულსი 81:111 მილუოკი ბაქსი 
  • მოქმედი ჩემპიონი 1/4-ფინალურ სერიაში დაწინაურდა - 2:1
  • ბულსს პლეი ოფში ამხელა სხვაობით შინ არასდროს წაუგია

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის 1/4-ფინალური სერიის მესამე მატჩში მილუოკი ბაქსმა სტუმრად უშანსოდ მოუგო ჩიკაგო ბულსს და სერიაში დაწინაურდა. მოქმედმა ჩემპიონებმა პირველი წუთებიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა, შემდეგ კი ანგარიშში სხვაობას მხოლოდ ზრდიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩიგაკომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საკუთარ არენაზე პირველად ჩაატარა პლეი ოფის მატჩი. შინ 30-ქულიანი სხვაობით წაგებული თამაში კი ბულსისთვის ანტირეკორდია NBA-ს პლეი ოფში.

გრეისონ ალენის  7 სამქულიანიდან 5 ზუსტი აღმოჩნდა 

ჩიკაგოში, "იუნაიტედ ცენტრში" გამართული შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მილუოკის მცველი გრეისონ ალენი გახდა, რომელმაც 22 ქულას 6 მოხსნაც დაუმატა. გამარჯვებულთა შორის 18-18 ქულა ჰქონდათ იანის ანტეტოკუნმპოსა და ბობი პორტისს. ეს უკანასკნელი აქტივში 16 მოხსნით მატჩში ერთადერთ ორმაგი დუბლის ავტორიც გახდა.ჩიკაგოში მონტენეგროელი ფორვარდი ნიკოლა ვუჩევიჩი გამოირჩა, რომელმაც თავის გუნდს 19 ქულა შესძინა. 

მომდევნო შეხვედრაც ჩიკაგოში გაიმართება. ბულსისა და ბაქსის სერიის მეოთხე დაპირისპირება 24 აპრილს შედგება. შეგახსენებთ, რომ სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები