Thumbnail

'მინიმუმ 3 კვირა ვერ ივარჯიშებს' - კიტეიშვილის ერთა ლიგამდე დაბრუნება საეჭვოა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • შტურმის ქართველმა ფეხბურთელმა ისევ ტრავმა მიიღო და იძულებითი უქმობა უწევს
  • მის მდგომარეობაზე კომენტარი გრაცელთა მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის შტურმის 26 წლის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო მინიმუმ სამ კვირას გამოტოვებს. ამის შესახებ განცხადება ავსტრიული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა გააკეთა:

“კიტეიშვილის დროული დაბრუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მას ისევ ფეხის ორთავა კუნთი აწუხებს და უქმად ყოფნა მინიმუმ 3 კვირა მოუწევს. ოთარის გარდა, ტრავმირებულები არიან ჯონ გორენც სტანკოვიჩი და ანდერსონ ნიანგბო, ეს კი, შტურმისთვის დიდ პრობლემებს ქმნის”.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს მძიმე ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონში უკვე 6 თვე გაუცდა და მოედანზე დაახლოებით ერთი თვის წინ დაბრუნდა, თუმცა, შემდეგ მცირე დაზიანების გამო კიდევ ერთი ტურის მატჩი გამოტოვა. ოთარი მინდორზე 24 აპრილს ვენის რაპიდთან დაბრუნდა, როდესაც თამაშში შეცვლაზე 58-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ ისევ არ გაუმართლა – 4 წუთში შესაცვლელი გახდა.

მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე მხოლოდ 4 ტური დარჩა, თუმცა, ივნისის დასაწყისიდან საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ტურნირი ელის და კიტეიშვილის დროული დაბრუნება მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც ის ვილი სანიოლის გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა.

კომენტარები

ბოლო ამბები