Thumbnail

პოსტ-საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელი ბევრი MMA მებრძოლის მენეჯერმა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი Tiger Muay Thai-ის ხელმძღვანელმა, ყაზახმა საიატ აბდრახმანოვმა იუთუბ არხ Вестник ММА-ის პოდკასტში თავისი კლიენტებისა და მათი მეტოქეების შესახებ ისაუბრა. აბდრახმანოვმა კომენტარი მერაბ დვალიშვილზე, ილია თოფურიასა და გურამ ქუთათელაძეზე გააკეთა. 

ყაზახი პიოტრ იანის, მოვსარ ევლოევისა და დამირ ისმაგულოვის მენეჯერია. პიოტრ იანის შესახებ საქართველოში უკვე ბევრმა იცის. იგივე შეიძლება ითქვას მოვსარ ევლოევზე - ინგუშმა MMA-ის ქართველ ფანებს თავი, განსაკუთრებით, ილია თოფურიასთან ონლაინ დაპირისპირებით გააცნო. ხოლო, რაც შეეხება დამირ ისმაგულოვს, ის გურამ ქუთათელაძის მომავალი მეტოქე გახლავთ. 

…მერაბ დვალიშვილზე: "მალე ჩიტო ვერასა და რობ ფონტის ჩხუბი შედგება. არაა გამორიცხული, რომ მათ შორის გამარჯვებული პიოტრს დაუპირისპირდეს. რეალურ ვარიანტად განვიხილავ დომინიკ კრუსსაც. პერიოდისა და რეიტინგის გათვალისწინებით, ეს სავარაუდო მოწინააღმდეგეები განიხილება. ახლა, დვალიშვილისა და იანის ჩხუბის ნახვა საინტერესო ნამდვილად არაა. მერაბი რეიტინგის მე-8 ნომერია და თან, ცოტა არ იყოს, მისი გუნდით დავიღალეთ, სიახლე გვჭირდება. დვალიშვილი პიოტრთან ბრძოლის მიღებას ძალიან კი ცდილობდა, ალჯოსთან ჩხუბამდე 1 კვირით ადრე ჩანდა, რომ ამ ბრძოლაზე ოცნებობდა და უნდოდა, როგორმე იანთან მატჩი გაეჩარხა."

…ილია თოფურიაზე: "ვფიქრობ, რომ თოფურია ნახევრადმსუბუქ წონაში დაბრუნდება, მაგრამ მოვსარი დან იგეს დამარცხების შემთხვევაში რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდება. ბუნებრივია, ამის შემდეგ ჩვენთვის საინტერესო რეიტინგში ევლოევზე მაღლა მყოფ მებრძოლებთან ჩხუბი იქნება. რაც შეეხება ილიას, მასთან ჩხუბი დღის წესრიგში სულ იდგება, თუ ქართველი რეიტინგში დაწინაურდება, ამ ბრძოლის ორგანიზება გამორიცხული ნამდვილად არაა. რადგან, მათ ურთიერთობას უკვე ისტორია აქვს. მაგრამ ამ ეტაპზე, ორიენტირი სარეიტინგო სიაში მოვსარზე უკეთეს პოზიციებზე მყოფი სპორტსმენები იქნებიან."

…გურამ ქუთათელაძეზე: "დამირ ისმაგულოვს ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ გურამ ქუთათელაძემ UFC-ში მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა. ყველამ, ვინც MMA-ში ერკვევა, კარგად იცის, რომ ქართველი ძლიერი მებრძოლია და ვთვლი, რომ თუ დამირი გურამს მოუგებს, ის მსუბუქი წონის ტოპ 15-ში უნდა შეიყვანონ. რადგან, ეს ზედიზედ მე-5 გამარჯვება იქნება, თან ასეთ ძლიერ მეტოქესთან. თუნდაც ის, რომ ქუთათელაძემ, ამჟამად წონის მე-12 ნომერ მატეუშ გამროტს მოუგო, თავისთავად ბევრს მეტყველებს."

გურამ ქუთათელაძე დამირ ისმაგულოვს 18 ივნისს შეხვდება. 'ქართველმა ვიკინმა' ბოლო ბრძოლა ზემოთაღნიშნულ მატეუშ გამროტთან 2020 წლის ოქტომბერში გამართა. მერაბ დვალიშვილი, დიდი ალბათობით, ჟოზე ალდოს ან დომინიკ კრუსს დაუპირისპირდება, მისი ბრძოლაც ზაფხულში უნდა შედგეს. რაც შეეხება ილია თოფურიას, 'მატადორის' მომავალ მოწინააღმდეგეზე ჯერ ცნობილი არაფერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები