- ესპანელებს წესების დარღვევა ძვირად დაუჯდათ
- საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ნაკრებს 10 ქულა დააკლეს და ჯარიმა დააკისრეს
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის დამოუკიდებელმა იურიდიულმა კომიტეტმა შეისწავლა ესპანეთის ნაკრების საქმე ნომერი 8 რეგულაციის (ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება) სავარაუდო დარღვევის შესახებ და მსოფლიოს 2023 წლის თასის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირში ესპანეთის ნაკრების 10 ქულა დააკლო და დააკისრა ფინანსური ჯარიმა.
ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელობამ სამხრეთაფრიკელი გევინ ვან დენ ბერგი ნიდერლანდებთან ორ მატჩში ათამაშა. აღმოჩნდა, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა (არასაკმარისი დრო გაატარა ესპანეთში 2019 წელს). ამიტომაც ესპანეთის ნაკრებს ამ შეხვედრებში 5-5 ქულა დააკლდა.
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ესპანეთს £25 000 ჯარიმა დაუწესა. ამასთან, 2019 წლის მსოფლიოს თასისთვის ჩადენილი ანალოგიური საქციელისთვის დაწესებული ჯარიმა £50 000-ის ოდენობით, ესპანელებმა უნდა გადაიხადონ. ეს ძველი სანქცია შეჩერებული იყო.
ამით ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა, ესპანურ მხარეს სასჯელის გაპროტესტების უფლება აქვს. ჯერ უცნობია, გამოიყენებს ის თუ არა ამ უფლებას. ესპანელებს ამისთვის 14-დღიანი ვადა დაუთქვეს.
10 ქულის დაკლების შემდეგ მეორე ადგილზე (საქართველოს შემდეგ) რუმინეთის ნაკრები აღმოჩნდა. ასე რომ, მსოფლიოს თასის პირდაპირ საგზურს ის მიიღებს და B ჯგუფში ითამაშებს. მე-3 ადგილზე ახლა უკვე პორტუგალია, რომელიც მსოფლიოს თასის საგზურისთვის რეპეშაჟში (ნოემბერში) იბრძოლებს.
კომენტარები