Thumbnail

'აქაურობა მიყვარს' - იურგენ კლოპმა ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იურგენ კლოპმა ლივერპულთან კონტრაქტი 2026-წლამდე განაახლა
  • გერმანელი სპეციალისტი ინგლისში უკვე 7 წელია მუშაობს

იურგენ კლოპმა ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და მერსისაიდულ კლუბს 2026 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის. გერმანელ სპეციალისტს ძველი ხელშეკრულება 2024 წელს ეწურებოდა.

კლოპი "ენფილდზე" შესანიშნავად მუშაობს და ორივე მხარე კმაყოფილია, ამგვარად, შეთანხმების მიღწევა მათ ადვილად მოახერხეს.

"მიყვარს ეს ადგილი. როგორც ნებისმიერ ჯანსაღ ურთიერთობაში, ამ შემთხვევაში გზა ორმხრივი უნდა იყოს. ერთმანეთის მიმართ მართალი უნდა იყოთ და მაქვს განცდა, რომ ჩვენს შემთხვევაში ასეა. საკუთარ თავს უნდა დავუსვა კითხვა: სწორია თუ არა ლივერპულისთვის, რომ აქ დიდხანს დავრჩე? ჩემს ორ თანაშემწესთან ერთად მივედი დასკვნამდე, რომ დიახ, სწორია! ჩვენ ვართ კლუბი, რომელიც მუდმივად სწორი მიმართულებით მოძრაობს და მკაფიო წარმოდგენა გვაქვს რა გვინდა. როდესაც კლუბის მფლობელებმა კონტრაქტის განახლება შემომთავაზეს, საკუთარ თავს ვკითხე, მაქვს თუ არა ენერგია, რომ გავცე ის, რასაც ეს საოცარი ადგილი მოითხოვს მწვრთნელისგან? ძალიან დიდი ხანი არ დამჭირვებია პასუხის გასაცემად, ძალიან მარტივი იყო - მე აქაურობაზე შეყვარებული ვარ და თავს კარგად ვგრძნობ", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

კლოპმა ლივერპულში ისტორია უკვე დაწერა

იურგენ კლოპი ლივერპულის მთავარ მწვრთნელად 2015 წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა და კლუბის ისტორიაში უკვე დაიკავა გამორჩეული ადგილი. მან პირველსავე სეზონში ლივერპული ევროპალიგის ფინალში გაიყვანა, სადაც სევილიასთან დამარცხდა, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა - 2017/18 წლების სეზონში "წითლებმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალთან წააგეს, მერე კი ტიტულების ჯერიც დადგა: კლოპმა ლივერპულს ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ინგლისის ლიგის თასი და პრემიერლიგა (მისი დაარსებიდან პირველად) მოაგებინა. მიმდინარე სეზონში ლივერპულს უნიკალური შანსი აქვს, რომ სეზონში 4 ტიტული მოიგოს (პრემიერლიგა, ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასები და ჩემპიონთა ლიგა).

კომენტარები

ბოლო ამბები