Thumbnail

ძიუდო | საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ძიუდოში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც სოფიაში მიმდინარეობს
  • ეთერ ლიპარტელიანი და ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძვიან

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ ფინალში ვერცერთი მათგანი გავიდა. თუმცა, ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი საქართველოს ნაკრებს მაინც აქვს.

ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) პირველ შეხვედრაში უკრაინელი დილშოტ ხალმატოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას ასევე ვაზარით აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან იპონით წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი სედრიკ რევოლი იქნება.

ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ჯერ პოლონელი არლეტა პოდოლაკი ვაზარით დაამარცხა, მერე კი ფავორიტად შერაცხულ ფრანგ პრისცილა ნიეტოს იპონით მოუგო და ნახევარფინალამდე მისვლა ამ გზით მოახერხა. თუმცა ეთერმა ფინალში გასვლა ვერ შეძლო, რადგან ნახევარფინალში კიდევ ერთ ფრანგ სარა ლეონი სისიკესთან ვერაფერი გააწყო, იპონით დამარცხდა და ჩხვიმიანის დარად, ტატამიზე ფინალურ ბლოკში ისიც ბრინჯაოს მედლისთვის გავა. ეთერის მოწინააღმდეგე ჩეხი ვერა ზემანოვა იქნება.

ეთერ ლიპარტელიანს ფინალამდე ნაბიჯი დააკლდა

ევროპის ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულეს ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ). პაპინაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო ფრანგ სედრიკ რევოლთან და რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა, ხოლო მარგველაშვილმა რუმინელი ლუჩიან ბორს დუმიტრესკუ იპონით დაამარცხა, თუმცა მეორე შეხვედრა ბულგარელ დენისლავ ივანოვთან ვაზარით დათმო და მედლისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

მარგველაშვილი მოულოდნელად დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 7 ქართველი ძიუდოისტი 30 აპრილსა და 1 მაისს იასპარეზებს, რომელთა მეტოქეები პირველ წრეში უკვე ცნობილია.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 29 აპრილს დაიწყო და 1 მაისს დასრულდება. მასში მონაწილეობას 40 ქვეყნის 360-მდე ძიუდოისტი მიიღებს. განრიგის თანახმად, 29 აპრილს მედლები კაცთა 60, 66 და ქალთა 48, 52, 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, 30-ში – კაცთა 73, 81 და ქალთა 63, 70 კგ-ებში, ხოლო 1 მაისს – კაცთა 90, 100, +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი სამივე დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები