Thumbnail

'ჩემი კარიერა ძალიან მძიმე იყო' - ჯანო ანანიძე ფეხბურთიდან წასვლაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან გამოსამშვიდობებელი წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სასწორზე კარიერასთან ერთად მისი ჯანმრთელობაც დევს და კარიერის დასრულება ამიტომ გადაწყვიტა.

"მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. მე ქართველი ვარ და ვითამაშებ ჩემი ქვეყნის ნაკრებში" - ეს სიტყვები მაშინ ვთქვი, როცა 16 წლის ვიყავი და სხვა არჩევანი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არც განიხილებოდა. მაშინ დიდ ფეხბურთში ადგილის დამკვიდრებას ვიწყებდი და სწორედ ამ არჩევანმა განაპირობა იმ პატარა ასაკში, ჩემთვის საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება, რომლის რიგებში გატარებული თითოეული წუთი ყოველთვის დაუვიწყარი იქნება, რადგან ნაკრები სხვა ფენომენია და ნაკრებში თამაში სხვა ბედნიერებაა.

დღესაც არჩევანის წინაშე ვარ, თუმცა ამჯერად სასწორზე კარიერასთან ერთად უკვე ჩემი ჯანმრთელობა დევს და ამ არჩევანსაც ჩემს ოჯახთან ერთად მივიღებ. ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავალ, მინდა, ბევრი რამ ავღნიშნო, ბევრი გავიხსენო და ბევრი მადლობა გითხრათ ყველას ერთად, ვინც ჩემი კარიერის მანძილზე, წარმატებისა და წარუმატებლობის დროსაც კი ჩემს გვერდში იდექით. აღარც ასაკით ვარ პატარა და სიმართლე გითხრათ, ძალიან დამღალა ამ დაუსრულებელმა და მოუშუშებელმა ტრავმებმა. კარიერის მანძილზე ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ბევრი ტკივილი ავიტანე, საოპერაციო მაგიდაზეც ბევრჯერ ვიწექი და არასოდეს დამიშურებია ძალა და ენერგია იმისათვის, რომ წაქცეული, ისევ ფეხზე დავმდგარიყავი და ისევ მეთამაშა ჩემი და გულშემატკივრების სიამოვნებისათვის და ეს თქვენი გვერდში დგომით ხდებოდა, რისთვისაც ყოველთვის თქვენი, მოვალე ვიქნები. ამ ყველაფრის წყალობით ბევრ გუნდში ვითამაშე, ტიტულიც მოვიპოვე, მაყურებლის ტაში და სიყვარულიც დავიმსახურე და საკუთარ თავზე ბევრჯერ შევიგრძენი ის გრძნობა, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი შეედრება. ეს ყველაფერი მართლაც ძალიან დამაკლდება, თუმცა ვფიქრობ, რომ უკვე დროა.

ვთვლი, რომ ძალიან მძიმე საფეხბურთო კარიერა გავიარე და ამ გზაზე არანაკლები ემოცია, ბედნიერება, სიხარული და ტკივილი განიცადა ჩემი ოჯახის თითოეულმა წევრმა, რისთვისაც ყოველთვის უზომოდ მადლიერი ვიქნები მათი. თუმცა, ჩემი ცხოვრების მთავარი დასაყრდენი იყო ადამიანი, რომლის გარეშეც არავინ იცის, ვინ იქნებოდა, სად და რომელ სფეროში ჯანო ანანიძე. ყველაზე დიდი მეგობარი, გვერდში მდგომი, დამრიგებელი და იმედი. მაგრამ მამაჩემზე საერთოდ ცალკე სასაუბროა და ძალიან მალე, ბევრს ვიტყვი იმ კაცის შესახებ, რომლიც ყოველთვის ჩემს გულში იქნება. დღეს კი უკვე დადგა დრო საფეხბურთო კარიერის დასრულების და თქვენთან დამშვიდობების. ეს ყველაზე რთული არჩევანია, თუმცა ეს არჩევანიც ისეთივე მართებულია, როგორც 16 წლის ასაკში მიღებული", - წერს ჯანო ინსტაგრამზე.

ანანიძემ კარიერა მოსკოვის სპარტაკში დაიწყო, სადაც კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა. მან ასევე ითამაშა როსტოვში, სამარის კრილია სოვეტოვში, როტორში, ფამაგუსტას ანორთოსისსა და დინამო თბილისში.

ანანიძეს საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2009 წელს, იტალიის ნაკრებთან ჰქონდა. მაშინ ჯანო 16 წლის, 10 თვისა და 26 დღის გახლდათ. საქართველოს ნაკრებში ანანიძე ლევან ყენიას (სადებიუტო მატჩში ლევანი ჯანოზე 5 დღით უმცროსი იყო) შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია. ეროვნულ გუნდში ანანიძემ, ჯამში, 45 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები