Thumbnail

პირველი მედალი ევროპის ჩემპიონატზე - ეთერ ლიპარტელიანის იპონი სოფიაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა
  • ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს ფინალში ჩეხი ვერა ზემანოვა იპონით დაამარცხა 

ეთერ ლიპარტელიანმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაწყებულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. 22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაო დაისაკუთრა, რაც მის კარიერაში უფროსი ასაკის ოფიციალურ შეჯიბრებებში (ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი) მოპოვებული პირველი მედალია.

ლიპარტელიანმა სოფიაში გამოსვლა მეორე წრეში დაიწყო და ჯერ პოლონელი არლეტა პოდოლაკი ვაზარით დაამარცხა, მერე კი ფავორიტად შერაცხულ ფრანგ პრისცილა ნიეტოს იპონით მოუგო. ეთერს ფინალისკენ გზა კიდევ ერთმა ფრანგმა, სარა ლეონი სისიკემ გადაუღობა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ლიპარტელიანის მეტოქე ჩეხი ვერა ზემანოვა იყო. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე იპონზე დააგდო და გამარჯვება იზეიმა.


აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელინის ბრინჯაო ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში მეორე ევროპული მედალია. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამი გახდა.  

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ტატამიზე სულ 4 ძიუდოისტი გავიდა. ბრინჯაოსთვის იჭიდავა, მაგრამ დამარცხდა ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ). ამავე წონაში ნაადრევად დაასრულა გამოსვლა ჯაბა პაპინაშვილმა, ხოლოდ 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში კი - ვაჟა მარგველაშვილმა.

ეთერ ლიპარტელიანმა სოფიაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა

30 აპრილს სოფიაში ტატიმზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) იასპარეზებენ. კონტინენტის პირველობაში მონაწილეობას, რომელიც 1-ელ მაისს დასრულდება, 40 ქვეყნის 360-მდე ძიუდოისტი იღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები