Thumbnail

PREVIEW | ვერა V ფონტი - დვალიშვილის პოტენციური მეტოქეების ჩხუბი UFC Apex-ში

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • 📅 1 მაისი | 🏟 ლას ვეგასი | ⌚ 05:30 | 👊 ჩიტო ვერა V რობ ფონტი
  • ორივე მებრძოლი მერაბ დვალიშვილის პოტენციური მეტოქეა
  • ბუკმეიკერები და ფანები ფავორიტად ამერიკელს მიიჩნევენ

კვირას, 1 მაისის გამთენიისას, ლას ვეგასის მოკრძალებულ დარბაზ UFC Apex-ში (ტევადობა: 1000 ადამიანი) Ultimate Fighting Championship-ის საღამო გაიმართება, რომლის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ მარლონ ‘ჩიტო’ (ქართულად: მშვიდი, ჩუმი, წყნარი) ვერა და რობ ფონტი გამოვლენ.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს ჩხუბი საინტერესოა, რადგან UFC-ს სუპერმსუბუქ წონაში ჩიტო ვერა მერაბ დვალიშვილზე 2 პოზიციით უკანაა (8), ხოლო რობ ფონტი ერთი პოზიციით წინ (5). სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალში ნებისმიერი მათგანი ქართველის მეტოქედ მოგვევლინოს. გარდა ამისა, MMA-ის ფანებისთვის ბრძოლა საინტერესო იმიტომაც არის, რომ სპორტსმენთა სტილიდან გამომდინარე, მაგარ ჩხუბს ველოდებით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩიტო 29 წლისა, UFC-ში 2014 წლიდან გამოდის და ორგანიზაციაში უკვე 18 მატჩი გამართა. ასაკთან შედარებით, ეკვადორელი ძალიან გამოცდილი მებრძოლია. თეორიულად, ვერას 5-რაუნდიანი ჩხუბი ძალიან მოუხდება, ის უფრო სახიფათო იქნება და პირიქით, უფრო რთულად დასამარცხებელი. გულწრფელად რომ ვთქვათ, მარლონს დიდი ხანია ვხედავთ და მის ტალანტზე დიდი წარმოდგენისა არასდროს ვყოფილვართ, ფსონების უმრავლესობაც ყოველთვის მის წაგებაზე მოდიოდა, მაგრამ ვერ დავუკარგავთ იმას, რომ ეკვადორელს ბრძოლის ნებისმიერ მომენტში დასრულება შეუძლია. ბოლოს, ფრენკი ედგარი საოცრად დაანოკაუტა, რაც მისთვის UFC-ში მე-10 ფინიში იყო. 

ჩიტო ვერა ფრენკი ედგარის წინააღმდეგ

ჩიტოს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს - ჩხუბს ყოველთვის ინერტულად იწყებს და ტემპს ნელ-ნელა უმატებს. ვინც უნდა ყოფილიყო - ედგარი, დეივი გრანტი, სონ იადონი, ნოეილ ერნანდესი თუ გუიდო კანეტი, ვერა ყოველთვის ისეთ სიტუაციაში ხვდებოდა, რომ ამოქაჩვა უწევდა. ტემპს როცა იპოვის, ეტაპობრივად მიდის წინ, მუდმივ პრესინგზე, რაშიც ბრწყინვალე კარდიო ეხმარება, რომელიც მის სტილს ენერგიის წყაროს აძლევს. გარდა ამისა, ვერა ძალიან კარგია როგორც კლინჩის დროს, ისე ძირს დარტყმებისას. ზემოთ ჩამოთვლილი მებრძოლებიდან, იადონის გარდა, ყველა დაამარცხა და გრანტის გარდა, ყველა დააფინიშა. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან სახიფათო სტილი აქვს, თუმცა სწორედ 5 რაუნდი შეიძლება იყოს გამოსავალი. 

სტატისტიკით მარლონი გამორჩეული არასდროს ყოფილა. საშუალოდ, 1 წუთის მანძილზე მეტოქეებს 4.08 მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს, თავად კი 4.27-ს იღებს, თან დაცვის მაჩვენებელი 50% აქვს. საკმაოდ გრძელი კარიერის მიუხედავად, დღესაც ეკვადორელი უფრო მეტ დარტყმას იღებს, ვიდრე 'გასცემს'. ჩიტო კარგი არც ჭიდაობაშია. საშუალოდ, 15 წუთში 0.82 თეიქდაუნს აკეთებს. ბოლო 5 ჩხუბში 2-ჯერ ვერამ ორ-ორი თეიქდაუნი შეასრულა, რაც ნიშნავს, რომ ამ კომპონენტზე მუშაობს. ლოგიკურიც არის, ვერა ძალიან მაგარი გრაპლერია და თუ მეტ თეიქდაუნს გააკეთებს, დანებების (საბმიშენის) უფრო მეტი შანსი ექნება, რაც მოახლოებულ ბრძოლაში, ნაკლებად მოსალოდნელია. თუ კვირა დილით ხელის მაღლა აწევა სურს, რობ ფონტს დგომში უნდა აჯობოს.

ფონტი კი 'წარმოშობით' მოკრივეა და ძალიან ტექნიკურიც. ამერიკელი მუშტებს ძალიან მაღალი მაჩვენებლით იქნევს, მეტოქის პანჩებიდან კი თავს კარგად იცავს. ოფიციალური მონაცემებით, ფონტი საშუალოდ, 1 წუთის მანძილზე მეტოქეს 5.64 მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს, თავად კი 3.55-ს იღებს, აქედან 59%-ს ბლოკავს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 ჩხუბში ფონტის 176 და 149 მუშტი მიზანში ზუსტად მოხვდა. გარდა ამისა, რობი საშუალოდ 15 წუთში 1.1 თეიქდაუნს აკეთებს, ცხადია გრეპლინგის ექსპერტი არ გახლავთ, მაგრამ ბოლო 7 მეტოქიდან 5 პარტერში მინიმუმ 1-ხელ და მეტჯერ გადაიყვანა. თუმცა, აღსანიშნავი ისაა, რომ ფონტი დივიზიონში განსაკუთრებული პანჩერი მაინც არ გახლავთ, რადგან ძლიერი დარტყმები არ აქვს და ნოკაუტებითაც იშვიათად იგებს. სწორედ ამიტომ, რობს რაუნდებში გამარჯვებებზე ორიენტირებული სტილი აქვს, მაგრამ ცხადია, ამას ძალიან მაგრად აკეთებს - წინააღმდეგ შემთხვევაში, წონის მეხუთე ნომერი არ იქნებოდა.

ამერიკელის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ჟოზე ალდოსთან ჩხუბისას გამოჩნდა, ის არის, რომ დივიზიონში ყველაზე გამძლე მებრძოლობიდან ძალიან შორსაა. ეს გასაკვირი იყო, რადგან მთელი კარიერის მანძილზე, 34 წლის რობ ფონტს ნოკაუტით არასდროს წაუგია. თუმცა ალდოსთან ჩხუბისას ბევრჯერ მიიღო მტკივნეული დარტყმა, ნოკდაუნში 2-ჯერ აღმოჩნდა, რაც ბრძოლის წაგებად დაუჯდა. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, ფონტი ალდოს წინააღმდეგ კარგად მუშაობდა. პირველ რაუნდებში მეტოქეს მეტ დარტყმას აყენებდა, თუმცა თითქმის ყველა რაუნდში ალდოს, მინიმუმ, 1 დიდი და მტკივნეულ მუშტი მაინც ხვდებოდა, რის შედეგადაც ბრეზენტს ხშირად ეჯახებოდა. ჩიტო ვერასთან ბრძოლაში ყველაზე სახიფათოდ ეს გამოიყურება. 

რობ ფონტი და გამარჯვებული ჟოზე ალდო

საშუალოდ 1 წუთის სტატისტიკაზე დაყრდნობით, ფონტმა ეკვადორელის წინააღმდეგ უნდა გაიმარჯვოს. ის უფრო ტექნიკური მოკრივეა, მუშტებს კარგად იქნევს, დაცვაც ჩიტოზე უკეთესი აქვს. გარდა ამისა, დისტანციაზეც უკეთ მუშაობს და არსენალში მეტი იარაღიც აქვს. თუკი რომელიმე მებრძოლი რაუნდებს სუფთად მოიგებს, თეიქდაუნისა და ნოკაუტის გარეშე, ეს ფონტი იქნება. კარდიო ვერას დონეზე არ აქვს, მაგრამ 5 რაუნდის თავის სტილში საბრძოლველად თავისუფლად უნდა ეყოს. თუ საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა, უდიდესი ალბათობით, რეფერი მაღლა ამერიკელის მარჯვენას აღმართავს. ისე კი აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა წონა ვერ ჩააბარა, ვერა ჩხუბს მაინც დათანხმდა და შესაბამისად, ფონტს ბრძოლიდან მიღებული შემოსავლის 20% დააკლდება (გადაეცემა ვერას).

ფონტს უპირატესობა, განსაკუთრებით, საწყის რაუნდებში ექნება, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვერას ქამბექი შეუძლია, რომელიც ბოლო რაუნდების მოგებით, ნოკაუტით ან დანებებით შეიძლება დასრულდეს. რობისთვის მთავარია, ყბამ არ უმტყუნოს. სხვა მხრივ, ალბათ ბევრი პრობლემა არ ექნება. ბრძოლაში, მცირე, თუმცა უპირატესობა მაინც რობ ფონტს აქვს, მაგრამ კოეფიციენტები თითქმის თანაბარია, რისი მიზეზიც ფონტის არც ისე საამაყო სიმტკიცე გახლავთ. 

კოეფიციენტების სიახლოვესთან ერთად, ფსონებიც, თითქმის თანაბრად იდება. კოეფიციენტების მსგავსად, უპირატესობა აქაც ამერიკელს აქვს, ფანებს მისი მოგების უფრო სჯერათ. 

რაც შეეხება ჩხუბის მნიშვნელობას: ორივე მებრძოლს განსხვავებული ამოცანა აქვს. რობ ფონტი წაგების შემთხვევაში, სავარაუდოდ, წონის მე-8 პოზიციაზე გადავა და მისი კარიერა დასასრულისკენ წავა. ჩიტო ვერას წაგების შემთხვევაში დასაკარგი არაფერი აქვს, საჩემპიონო პრეტენდენტი ეკვადორელი არასდროს ყოფილა. გამარჯვების შემთხვევაში ამერიკელი წონის მეხუთე პოზიციას შეინარჩუნებს და საჩემპიონო ჩხუბს თუ არა, კიდევ ერთ-ორ კარგ მატჩს მაინც მიიღებს, რომელსაც მსუყე ჰონორარი მოჰყვება. თუ ვერამ მოიგო, წარმოუდგენელ ნაბიჯს გადადგამს და კარიერაში პირველად, წონის საუკეთესო ხუთეულში შევა. 

სახელოვანი მეტოქეების დამარცხებით ჩიტო ცნობილი არასდროს ყოფილა და ძლიერ მოწინააღმდეგეებთან სულ უჭირდა. სპეციალურად არ ვახსენებთ შონ ო’მალისთან ნოკაუტით გამარჯვებას. ვინც ის ბრძოლა ნახა, ყველამ იცის, რომ არა ო’მალის ფეხის ტრავმა, ვერავინ იტყვის, რომ ეკვადორელი გაიმარჯვებდა. 

კვირა დილით საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლა გველოდება. ორივე სპორტსმენი უპირატესობას დგომში ჩხუბს ანიჭებს, რაც MMA-ის ფანებისთვის უფრო საინტერესოდ სანახავია. მატჩი თბილისის დროით, დაახლოებით, 05:30 საათზე დაიწყება. 

UFC-ის სუპერმსუბუქი (Bantamweight) წონის რეიტინგი:

ჩემპიონი: ალჯამაინ სტერლინგი (აშშ)
1. პიოტრ იანი (რუსეთი) 
2. თი ჯეი დილაშოუ (აშშ) 
3. ჟოზე ალდო (ბრაზილია)
4. კორი სანდჰაგენი (აშშ)
5. რობ ფონტი (აშშ)
6. მერაბ დვალიშვილი (საქართველო)
7. დომინიკ კრუსი (აშშ)
8. ჩიტო ვერა (ეკვადორი)
9. სონ იადონი (ჩინეთი)
9. პედრო მუნიოსი (ბრაზილია) 
11. ფრენკი ედგარი (აშშ)
12. რიკი საიმონი (აშშ)
13. შონ ო'მალი (აშშ)
14. მარლონ მორაესი (ბრაზილია) 
15. ჯეკ შორი (უელსი)

კომენტარები

ბოლო ამბები