Thumbnail
  • უდიდესი ალბათობით, ქართველი მებრძოლი 3 სექტემბერს პარიზში იჩხუბებს
  • მერაბის მეტოქე ლეგენდარული ამერიკელი მებრძოლი დომინიკ კრუსი იქნება

სოციალურ ქსელებში შერეული ორთაბრძოლების პოპულარული ფრანგული არხი Rage MMA კანადელ ჟურნალისტ არიელ ჰელვანიზე დაყრდნობით წერს, რომ 3 სექტემბერს, UFC-ის პარიზის ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილი დომინიკ კრუსს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ეს პოსტი მერაბმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გააზიარა.

წყაროს ცნობით, UFC ამ ჩხუბის ორგანიზებაზე მუშაობს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ დაპირისპირება აუცილებლად შედგება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ჯერ არცერთ მათგანს არ უჩხუბია. 

მერაბ დვალიშვილმა 2021 წლის 25 სექტემბერს მარლონ მორაესი მეორე რაუნდში დაანოკაუტა. ამის შემდეგ ქართველმა ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გამოსვლას ვერ ახერხებდა. ამჟამად მერაბი UFC-ის 37 წლის ლეგენდასთან საბრძოლველად მზადაა. 

კრუსმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა 2-ჯერ მოიპოვა და 5-ჯერ დაიცვა. WEC-ის მსოფლიოს ჩემპიონის პირველი ქამარი მექსიკური წარმოშობის ამერიკელმა ჯერ კიდევ 2010 წელს მოიპოვა, მაშინ წამყვანი MMA ორგანიზაცია სწორედ World Extreme Cagefighting იყო. მოგვიანებით WEC და UFC ერთი კომპანიის მფლობელობის ქვეშ აღმოჩნდნენ და დივიზიონებიც გაერთიანდა. 2011 წელს კრუსმა UFC-სა და WEC-ის ქამრები გააერთიანა. ტრავმის გამო ჩემპიონის ქამარი დაკარგა, თუმცა 2016 წელს დაბრუნდა, თი ჯეი დილაშოუ დაამარცხა და ტიტული დაიბრუნა. ბოლო ბრძოლა 37 წლის კრუსმა 2021 წლის 11 დეკემბერს გამართა და ბრაზილიელი პედრო მუნიოსი 3-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამერიკელი წონის მეშვიდე ნომერი გახლავთ და მერაბზე 1 პოზიციით ქვევითაა. 

თუ ეს ბრძოლა შედგა (რისი ალბათობაც ძალიან მაღალია), დიდი ალბათობით, ის 3-რაუნდიანი იქნება, რადგან 5 რაუნდში კრუსს უბრალოდ შანსი არ ექნება. ჩხუბი, ცხადია, "მეინ ქარდზე" გაიმართება. 3 სექტემბერს, პარიზის ღონისძიების მთავარი დაპირისპირება სირილ განისა და ტაი ტუივასას მატჩი იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები