- ჯოელ ემბიიდის ფაქტორი სერიაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს
- მაიამი პერიმეტრს კარგად იცავს და ჰარდენს გაუჭირდება
- მაიამის უფრო სტაბილური და გრძელი შემადგენლობა ჰყავს
დოკ რივერსის გუნდებს ბოლო წლებში უიღბლობის დიდი სერია აქვთ. ეს უიღბლობა ტრავმებსაც მოიცავს და პლეი ოფში მოსაგები თამაშების ვერმოგებასაც. ფილადელფია მეორე წრეშია, თუმცა პლეი ოფის ყველა მონაწილეს შორის ყველაზე მეტი დანაკარგი სწორედ რივერსის გუნდმა განიცადა - 3:0-დან წააგო ორი თამაში, რაც ზედმეტ დახარჯულ ენერგიას და დროს ნიშნავს და ტრავმის გამო დაკარგა უმთავრესი მოთამაშე ჯოელ ემბიიდი.
ზუსტი პროგნოზი უცნობია, თუმცა ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინითაც კი ემბიიდი სულ მცირე პირველ 2-3 თამაშს გამოტოვებს. ისიც არ არის გამორიცხული, კამერუნელმა თამაში მთელი სერიის განმავლობაში ვერ შეძლოს.

მაიამისთან თამაშების წინ ეს ძალიან დიდი დანაკლისია. საქმე მხოლოდ ემბიიდის კლასსა და ვარსკვლავურ სტატუსში არ არის. ფლორიდელებს ემბიიდის წინააღმდეგ ბევრი კარგი ოპცია არ ჰქონდათ. ბემ ადებაიო ემბიიდს სიმაღლესა და გაბარიტებში მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ჯოელი თითქმის 10 სანტიმეტრით უფრო მაღალია, ვიდრე ადებაიო. თანაც, მას იშვიათი უნარი აქვს, მეტოქეს ჯარიმები აჰკიდოს. ადებაიო იმდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა მაიამისთვის, რომ იმის ფუფუნება არ აქვთ, იგი ჯარიმებით დატვირთული რომ იყოს. მოკლედ, ეს სერია ემბიიდს უნდა მოეგო.
ახლა ფილას გულშემატკივარს ჯეიმს ჰარდენის იმედი აქვს. არადა, მაიამი პერიმეტრზე დაცვაში ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ჰარდენს ნაკლები შანსია, ძალიან ბევრის უფლება მისცეს. პერიმეტრზე სპოელსტრას გუნდს ბევრი კარგი მცველი ჰყავს. სავარაუდოდ, ტრავმიდან დაბრუნდებიან კაელ ლოური და ჯიმი ბატლერი. ლოური ელიტური მცველია და ჰარდენის წინააღმდეგ ძირითადად სწორედ მას ათამაშებენ. მაიამის პი-ჯეი ტაკერიც ჰყავს და ზოგადად, აქტიურ და აგრესიულ დაცვას თამაშობს. ჰიტმა წინა ეტაპზე ტრეი იანგი უბრალოდ გააქრო პარკეტიდან. ჰარდენი იანგი არ არის, თუმცა მარტო რომ ამ სერია მოიგებს, ამის ნაკლებად გვჯერა.

ფილას სკამიც არ ჰყავს ძლიერი. იმისთვის, რომ რივერსის გუნდს შანსები ჰქონდეს, შეიკ მილტონმა და ჯორჯ ნიანგმა სტაბილურად უნდა ყარონ. არ არის საუკეთესო იდეა პლეი ოფში ნიანგი-მილტონის იმედად ყოფნა. შეტევაში ფილა არასტაბილურია - ტორონტოსთან 130-იანი თამაშებიც ჰქონდა და ისეთი შემთხვევაც იყო, 90 ქულას რომ ვერ მიაღწია. მაიამისთან 4-ჯერ რომ გაისროლოს, ამის ალბათობას ნაკლებად ვხედავთ. შეიძლება დამხმარე მოთამაშეების წყალობით ერთხელ მოიგო, მაგრამ ჰიტთან სერიის ასე მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ფილა დაცვაში "თავს მოიკლავს" და იმის იმედად იქნება, რომ მაიამის არცთუ ძლიერი შეტევა სერიის მოსაგებად საკმარისი არ იქნება. თუმცა, ფლორიდელებს მაინც აქვთ შეტევაში რამდენიმე სტაბილური ოპცია - ჰიროუ, რობინსონი და ლოური პერიმეტრიდან ისვრიან, ჯიმი ბატლერი კი ქულებს სტაბილურად სამწამიანში აგროვებს. ბევრი ბრძოლა და ფიზიკური თამაში იქნება, მაგრამ ემბიიდი თუ არ დაბრუნდა, მაიამი აშკარა ფავორიტია. თან, ფლორიდელებს საშინაო მოედნის უპირატესობაც აქვთ.
კომენტარები