Thumbnail
  • ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონი გახდა და კლასიფიკაციაში მე-5 ადგილზეა
  • კარიერის საუკეთესო შედეგი აქვს ქალთა ნაკრების ლიდერ ეთერ ლიპარტელიანსაც
  • განახლებულ რეიტინგში ცვლილებები არაერთ ქართველ ძიუდოისტს შეეხო

2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და ცვლილებები ქართველ ძიუდოისტებსაც შეეხოთ. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ტურნირზე კვარცხლბეკზე ასვლა საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა მოახერხა და თავდაპირველად, სწორედ მათზე ვთქვათ.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და მე-2 ადგილი გაიმყარა ტატო გრიგალაშვილმა. მის აქტივში 6 492 ქულაა და მხოლოდ ბელგიელ მატიას კასეს ჩამორჩება, რომელსაც ევროპირველობის ფინალში დამაჯერებლად აჯობა. 

საქართველოს ნაკრებს ყველაზე კარგად საქმე 90 კგ-ში აქვს, სადაც ლუკა მაისურაძემ ევროპის ჩემპიონობის ხარჯზე 3 390 ქულა მოაგროვა და ხუთეულში შეაღწია (ახალ წონაში გადასვლის შემდეგ პირველად). მის წინ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურია (3 500), რომელსაც ტრავმის გამო, უკვე დიდი ხანია არ უასპარეზია. ქართველებს უზბეკი დავლატ ბობონოვი (4 819), აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი (4 657) და უნგრელი კრისტიან ტოტი (4 101) უსწრებენ.

გურამ თუშიშვილი მძიმე წონაში მე-2 პოზიციაზეა

მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ.) 4 459 ქულით მე-2 პოზიციაზე დარჩა გურამ თუშიშვილი, რომელმაც სოფიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი მხოლოდ რუს ტამერლან ბაშაევს (5 374) ჩამორჩება. ამავე წონაში გელა ზაალიშვილი 2 114 ქულით მე-14 საფეხურზეა.

კარიერის რეკორდი დაამყარა საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.), რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა. ლიპარტელიანმა 3 648 ქულით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მის წინ კი კანადელი ჯესიკა კლიმკაიტი (5 400), ფრანგი სარა სისკე (4 385), კოსოვოელი ნორა გიაკოვა (4 330) და ისრაელის ნაკრების წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი (4 237) არიან.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში 3 ადგილით დაწინაურდა და 2 627 ქულით ხუთეულშია ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც ევროპირველობაზე ნახევარფინალში იყო, თუმცა, საბოლოოდ, მედლის გარეშე დარჩა. ლუხუმს ტაივანელი ვეი იანგი (4 665), რუსი იაგო აბულაძე (3 069), ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი (2 886) და აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვი (2 767) უსწრებენ. ამავე წონაში ჯაბა პაპინაშვილი (1 996) მე-13 პოზიციაზეა.

ეთერ ლიპარტელიანმა კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

66 კგ-ში 3 227 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც მოლდოველ დენის ვიერუს (5 214), მონღოლ ბასხუუ იონდონპერენლეისა (4 016) და სამხრეთკორეელ ბაულ ანს (3 795) ჩამორჩება. 5932 ქულით წონის ლიდერად დარჩა ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), რომელსაც წარუმატებელი ევროპირველობა ჰქონდა, თუმცა, უახლოეს კონკურენტ ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირს (მონღოლეთი, 4 564) მაინც საგრძნობი სხვაობით უსწრებს.

ერთადერთი წონითი კატეგორია ვაჟებში, სადაც მოწინავე ხუთეულში წარმომადგენელი არ გვყავს, 100 კგ-ია. აქ ილია სულამანიძესა (3 432) და საქართველოს ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს (3 119), შესაბამისად, მეშვიდე და მერვე ადგილები უკავიათ. წონის ლიდერი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკაა 5 660 ქულით.

საინტერესოა, რომ შემდეგი დიდი ტურნირი, რომლის შემდეგაც IJF-ს რეიტინგში მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდეთ, საქართველოში ჩატარდება. თბილისის გრანდ სლემი 3-5 ივნისს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები