Thumbnail
  • პოპულარული ესპანური გამოცემა ილიასა და პედის ბრძოლას 23 ივლისს ვარაუდობს
  • ზაფხულში UFC-ის ღონისძიება ლონდონში გაიმართება

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპაში UFC-ის კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდება და მასპინძელი ქალაქი კვლავ ლონდონი იქნება. სპორტსმენთა ზუსტი ჩამონათვალი, თუ ვინ იჩხუბებს ინგლისში, ჯერ უცნობია, თუმცა ერთი რამ საიდუმლო არაა - ღონისძიებაზე პედი პიმბლეტი აუცილებლად გამოვა. ცხადია, როცა საქმე 'ბადიზე' მიდგება, თავში პირველი სახელი ილია თოფურია მოდის. ქართველმა ჯეი ჰერბერტის დამარცხების შედეგ პიმბლეტი გამოიწვია და მოგვიანებით განაცხადა, რომ 2022 წელს 4 ბრძოლის ჩატარება სურს. 

MMA Junkie წერს, რომ ლონდონის საღამოს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა დარენ ტილსა და ჯეკ ჰერმანსონს შორის შედგება, ბრიტანელი შინაურ კედლებში ჩრდილოელ 'ჯოკერს' ტრავმის მოშუშების შემდეგ დაუპირისპირდება. მოსალოდნელია, ინგლისში კურტის ბლეიდი V ტომ ასპინალი, ალექს გუსტაფსონი V ნიკიტა კრილოვი, ჩარლს ჯონსონი V მოჰამად მოკაევის ჩხუბებიც ჩატარდება. ბუნებრივია, ამ თავყრილობას პედი პიმბლეტი არ გამოტოვებს. 

ლივერპულელი 'ხოჭო' (beatle) ინგლისელ მებრძოლებს შორის ყველაზე დიდი ვარსკვლავია, მიუხედავად იმისა, რომ UFC-ში მხოლოდ 2-ჯერ იჩხუბა. პედიმ O2 არენა დაიწუნა, The Schmo-ს პოდკასტში განაცხადა, რომ ამ ივენთისთვის დიდი სტადიონია საჭირო და თუ ეს 'ენფილდი' არ იქნება, ბრძოლებს ტოტენჰემის ან ვესტ ჰემის არენებმა უნდა უმასპინძლონო. ბუნებრივია, UFC-ს პუბლიკის ფავორიტი სპორტსმენის დამარცხება სამომავლოდ არაფერში აწყობს, მაგრამ თოფურიასა და პიმბლეტის ბრძოლა ძალიან კარგად გაიყიდება. 

მადრიდული გამოცემა El Español ვარაუდობს , რომ ლონდონში ინგლისელისა და ქართველის ბრძოლის გამართვის ალბათობა მაღალია და დროც საუკეთესო: 

"საქართველოში გატარებული დღეებისა და დასვენების შემდეგ ილია თოფურია ესპანეთში დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა. ჯერ უცნობია ვის ეჩხუბება, რომელ კატეგორიაში. მიუხედავად ამისა, სოციალური ქსელებიდან მარტივად გასაგები მესიჯი გააგზავნა: "My time has come" (ჩემი დრო მოვიდა), რასაც მეფის გვირგვინი და ტრადიციული, წითელი ვარდები დაამატა. 

მალე გახდება ცნობილი, შედგება თუ არა პედი პიმბლეტისა და ილია თოფურიას ბრძოლა. თუ კი მხარეები შეთანხმდნენ, ამ ორი სპორტსმენის პოსტერი ლონდონის 23 ივლისის საღამოს დაამშვენებს. ეს დრო კი 'მატადორისთვის' იდეალურია, ის დასვენებასა და ოქტაგონზე კვლავ დაბრუნებას უპრობლემოდ მოასწრებს."

ილიამ 19 მარტს ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და კარიერაში მე-12 გამარჯვება მოიპოვა. დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი UFC-ის ნახევრადმსუბუქ წონით კარეგორიაში მე-15 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები