Thumbnail

გაიპარსე ან წადი - გერმანელი მსაჯის დაუჯერებელი ისტორია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'რა მნიშვნელობა აქვს, წვერი მექნება თუ – არა? ეს ხომ ნამდვილი დისკრიმინაციაა'
  • 43 წლის ბენიამინ ბართი ევროლიგის მატჩებს უცნაური მიზეზით ჩამოაშორეს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გერმანელი არბიტრი ბენიამინ ბართი ოფიციალურად ჩამოაშორეს ევროლიგის მატჩებს, მიზეზი კი ნამდვილად უცნაურად მოგეჩვენებათ. 43 წლის მიუნხენელი მსაჯი უმთავრეს ევროპულ საკალათბურთო ტურნირს იმის გამო ვერ მოემსახურება, რომ წვერის გაპარსვაზე უარს აცხადებს.
ბართი ევროლიგის თამაშებზე გასული წლის შემოდგომის შემდეგ არ მიუწვევიათ, თუმცა, გერმანელმა არბიტრმა განმარტება ახლაღა გააკეთა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან საუბარში.

“ევროლიგის სამსაჯო კორპუსის ხელმძღვანელმა რიჩარდ სტოუკსმა პირდაპირ მითხრა, რომ პრობლემა ჩემი წვერი იყო. როგორც ირკვევა, კლუბების მწვრთნელებსა და სპორტულ დირექტორებს არ უყვრათ, როდესაც არბიტრები გაუპარსავები არიან, ამდენად, ამ წესს მეც უნდა დავმორჩილებოდი”.

როგორც ირკვევა, ამის თაობაზე ბენიამინს რამდენჯერმე მიანიშნეს, მორიგი უარის შემდეგ კი, მისი ევროლიგის მატჩებზე დანიშვნები უბრალოდ შეაჩერეს. მსაჯის აღშფოთება სწორედ ამან გამოიწვია და ძნელია, მას არ დაეთანხმო.

“ვერც კი ვხვდები, რაშია საქმე. რა მნიშვნელობა აქვს, წვერი მექნება თუ – არა? ეს ხომ ნამდვილი დისკრიმინაციაა. როგორც არ უნდა მინდოდეს ევროლიგაში მუშაობა, ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. ვერ გეტყვით, ჩემი პროტესტი რამეს შეცვლის თუ არა, თუმცა, მინდა, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი იყოს”.

ცნობისთვის, ბენიამინ ბართი გერმანიაში ერთ-ერთ წამყვან არბიტრად ითვლება და ბუნდესლიგაში 500-ზე მეტი მატჩზე უმუშავია, ამასთან, გერმანიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიაც არაერთხელ უმსაჯია.

მის ისტორიას გერმანულმა BILD-მა უკვე უწოდა დაუჯერებელი ამბავი, სოციალურ ქსელში კი ყურადღება საინტერესო დამთხვევაზე გაამახვილეს: მიუნხენელი არბიტრის გვარი (Barth) ძალიან ჰგავს სიტყვა Bart-ს, რომელიც გერმანულიდან ასე ითარგმნება – წვერი.

კომენტარები

ბოლო ამბები