Thumbnail

'უკვე წარმომიდგენია, თბილისში რა მოხდება' - მამუკელაშვილი ევრობასკეტზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა, რადგანაც ჩვენს ზურგს უკან მთელი ქვეყანა იქნება'
  • სანდრო მამუკელაშვილის ვრცელი ინტერვიუ FIBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

FIBA-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილთან, სასაუბრო თემა კი მომავალი ევროპის ჩემპიონატი იყო. მილუოკი ბაქსის ფორვარდის თქმით, საქართველოს ნაკრები მშობლიური პუბლიკის წინაშე განსაკუთრებული ემოციებითა და მოტივაციით ითამაშებს. აი, რას წერს FIBA:

“სანდრო მამუკელაშვილს დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოს ნაკრები ნამდვილ ფურორს მოახდენს 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც თბილისი იქნება. ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ და საკმაოდ კარგი შანსიც ექნებათ, რადგანაც ჯგუფური ეტაპის მატჩებს მშობლიური პუბლიკის წინაშე ჩაატარებენ.

“ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა, რადგანაც ჩვენს ზურგს უკან მთელი ქვეყანა იქნება. ყოველთვის, როდესაც ეროვნული ნაკრები შინ თამაშობს, გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობთ, ევრობასკეტი კი საერთოდაც გამორჩეული მოვლენაა, ამდენად, გვინდა, რომ ჩვენით მთელმა ქვეყანამ იამაყოს. ერთგული ქომაგი ჩვენთვის მე-6 მოთამაშესავით იქნება, თავისებური X-ფაქტორი. უკვე წარმომიდგენია დარბაზში არსებული ატმოსფერო, ტრიბუნები ხალხით გაივსება და წარმოუდგენელი ხმაური იქნება”, - ამბობს მამუკელაშვილი.

სანდრო მამუკელაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით პირველად სერბეთთან ითამაშა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2022-ზე მასპინძლის რანგში ისედაც გასული იყო, თუმცა, საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც მაგრად ითამაშა და 6-დან 4 მატჩი მოიგო. მათ შორის იყო გამარჯვება ბელგრადში სერბეთის ეროვნულ გუნდთან. 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი კალათბურთელები ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩნენ, რისი ძირითადი მიზეზიც უკრაინასთან წაგება გახდა (საბოლოო ჯამში, 2 მოგება 5 მატჩში). საინტერესოა, რის მიღწევას მოახერხებს საქართველო ამჯერად?

“ცხადია, პირველი მიზანი ჯგუფში რაც შეიძლება მეტი თამაშის მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლაა. ევრობასკეტი ისეთი ტურნირია, სადაც წარმატებულად გამოსვლა ფაქტობრივად ყველა ნაკრებს შეუძლია. როდესაც ასეთ შეჯიბრზე შენს ქვეყანას წარადგენ, გაცილებით დიდი მოტივაცია გიჩნდება. ჩვენც გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ მაგარი გუნდი გვყავს. ამასთან, ევრობასკეტზე მიღებული გამოცდილება მომავალშიც ძალიან გამოგვადგება. დარწმუნებული ვარ, ფანტასტიკური ამბები გველის”.

მამუკელაშვილი სულაც სადებიუტო სეზონს ატარებდა სეტონ ჰოლში, როდესაც ბოლო ევრობასკეტი ჩატარდა, მოგვიანებით კი, ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტიც შედგა. ეს 2019 წლის მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში მოხდა. ადამიანი, რომელმაც მის კარიერაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა (იგივე სხვა ქართველ კალათბურთელებზე შეგვიძლია ვთქვათ), ზაზა ფაჩულიაა. ყველაფერი ფეისბუქზე ურთიერთობით დაიწყო და ამ შემთხვევაში, გამოთქმა “არასოდეს შეხვდეთ თქვენს გმირებს” გამართლებული ნამდვილად არ იყო.

“ზაზა ჩემი ახლო მეგობარი, დამრიგებელი და უფროსი ძმაა. დიდი მადლობელი ვარ მისი, რომ უკვე წლებია საჭირო დარიგებებს მაძლევს. მახსოვს, როგორი აღელვებული ვიყავი, როდესაც მას პირველად შევხვდი. ეს მომენტი არასოდეს დამავიწყდება. ის ხომ ჩვენთვის კერპი, ნამდვილი ლეგენდაა, რომელიც ბევრი ქართველისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ხომ NBA-ში ასეთი კალათბურთელის ყოლა დიდი ამბავი იყო. მან გვაჩვენა, რომ მონდომების შემთხვევაში, ყველა სურვილის ასრულება შეიძლება”.

'ერთგული ქომაგი ჩვენთვის მე-6 მოთამაშესავით იქნება, თავისებური X-ფაქტორი'

ახლა, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ქართველების ესტაფეტას 22 წლის მამუკელაშვილიც აგრძელებს, რომელმაც მილუოკი ბაქსის მაისურით რეგულარული სეზონი ძალიან შედეგიანი მატჩით დახურა: 28 ქულას 13 მოხსნა და 4 პასი წაამატა. საინტერესოა, რომ სანდროს სეზონის განმავლობაში თანამემამულეებთან დაპირისპირებაც მოუწია გოგა ბითაძისა და გიორგი ბეჟანიშვილის სახით, შესაბამისად, NBA-სა და G ლიგაში.

თუკი ტალანტების ამ სამეულს გიორგი შერმადინისა და თორნიკე შენგელიას ვარსკვლავურ ძალას დავუმატებთ, საქართველოს ნაკრებს უფლება აქვს ტურნირს ოპტიმისტურად შეხვდეს. ამ გუნდს ნამდვილად შეუძლია ევრობასკეტზე გარკვეული ხმაური გამოიწვიოს.

“ვფიქრობ, საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს და ეს, განსაკუთრებით მაღლებზე ითქმის. მოხსნებსა და სამწამიან ზონაში ძალიან ძლიერები არიან და სროლაც შეუძლიათ. სწორედ ამიტომაც გვინდა ევროპის ჩემპიონატზე გავიბრწყინოთ. მოტივაციაც ხომ საჭიროზე მეტი გვექნება. როდესაც მოედანზე შენი ქვეყნის ნაკრების ფორმით გადიხარ, 120%-ით იხარჯები, მხოლოდ შენთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის თამაშობ. ჩვენს შემთხვევაში, ახალგაზრდა და გამოცდილი კალათბურთელების ნაზავიც იქნება. მათგან ბევრს რამეს ვსწავლობთ”.

გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ავსტრიასთან მატჩში

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის A ჯგუფში მოხვდა, სადაც ერთ-ერთ მეტოქედ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ეყოლება და ცხადია, ეს, ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება. 6 გუნდიდან მერვედფინალში 4 გავა და თამაშს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში განაგრძობს, სადაც პლეი ოფის მატჩებია დაგეგმილი.

“უდავოა, რომ ძალიან საინტერესო ჯგუფია. ყველაზე ძლიერი ესპანეთია. მართალია, მათ რამდენიმე ვარსკვლავი გამოაკლდათ, თუმცა, მაინც მაგრად თამაშობენ. ცხადია, იოლი მატჩები არც სხვა მეტოქეებთან გველის. ჯგუფიდან გასვლის იმედი ყველას ექნება და ჩვენი არ იყოს, ისინიც ბოლომდე დაიხარჯებიან. საქართველოს ნაკრები თავისი შანსის გამოყენებას ბოლომდე ეცდება”.

შეგახსენებთ, რომ მომავალი ევრობასკეტი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი, თბილისურ ჯგუფში კი მასპინძელი საქართველოს გარდა, ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი მოხვდნენ.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისის გარდა, კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია) და პრაღაც (ჩეხეთი) უმასპინძლებენ, პლეი ოფი კი ბერლინშია დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა.

"We are all proud to wear the national team jersey. We don't only play for us, we play for the whole country." - 🗣 Sandro Mamukelashvili 🇬🇪 #EuroBasket | #BringTheNoise

Posted by FIBA EuroBasket on Wednesday, May 4, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები