Thumbnail

MMA | სოფია ბაღიშვილი ევროპის საუკეთესო ორგანიზაციაში იჩხუბებს

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • სოფია ბაღიშვილმა KSW-სთან კონტრაქტი გააფორმა
  • პირველი ბრძოლა 28 მაისს, ლოძში დაიგეგმა

სოფია ბაღიშვილი ევროპის საუკეთესო MMA ორგანიზაცია KSW-ში იჩხუბებს. 23 წლის ქართველი მებრძოლი პირველ ჩხუბს 28 მაისს, 31 წლის პოლონელი ანიტა ბექუსის (5-2) წინააღმდეგ გამართავს. ბრძოლას პოლონეთის ქალაქი ლოძი უმასპინძლებს. ინფორმაცია "პოპსპორტს" თვითონ ბაღიშვილმა და მისმა მენეჯერმა, გელა მახარაძემ დაუდასტურეს. 

სოფია ბაღიშვილი (5 მოგება, 1 მარცხი კარიერაში): "აქამდე მისასვლელად ბევრს ვშრომობდი. ვიცოდი, რომ ერთ დღეს რომელიმე კარგ ორგანიზაციასთან კონტრაქტს გავაფორმებდი. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა, რადგან 3 ბრძოლის მოგების შემთხვევაში, ხელშეკრულების მიხედვით, ქამარზე უნდა ვიბრძოლო. ამ ორგანიზაციის ტიტულის მოგება კი ბავშვობის ოცნებასთან, UFC-სთან დამაახლოებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მწვრთნელ გიორგი კაბულაშვილსა და მთელ ჩემ გუნდს, მათ გარეშე ამ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

მეტოქეს რაც შეეხება: მისი ბევრი ბრძოლა ვნახე, წარმოდგენა შემექმნა, თუ რა დონისა და სტილის მოჩხუბარია. ვფიქრობ, რომ რესთლინგში ვერ მაჯობებს, წესით დგომშიც არანაირი უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, ფიზიკურად ძალიან ძლიერი გოგონაა და კარგ ბრძოლას ველოდები. მიზანი პირველ ან მეორე რაუნდში დაფინიშება და ნაადრევად მოგებაა. იმედი მაქვს, დასახულ მიზნებს მივაღწევ და მთელ საქართველოს გავახარებ."

სოფია ბაღიშვილმა GFC 15-ზე ტუნზალა იმანლი დაამარცხა

გელა მახარაძე: "KSW ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო MMA ორგანიზაციაა. შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდანაც გვქონდა, მაგრამ სოფიას კარიერისთვის საუკეთესო ამ პრომოუშენში ჩხუბი იქნება. გარკვეული პერიოდის მანძილზე აკვირდებოდნენ მის GFC-ში გამოსვლას და თანამშრომლობის ინიციატივა თავად გამოიჩინეს. კონტრაქტი 18 თვით გავაფორმეთ, ამ პერიოდში სოფიამ 4 ბრძოლა უნდა გამართოს. ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ 3 მატჩს მოიგებს, მეოთხე ავტომატურად სატიტულო შეხვედრა იქნება.

ამერიკაში წასვლა სავიზო და სხვა დაბრკოლებებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ევროპის ორგანიზაციები იყო და მათგან საუკეთესო ავარჩიეთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა: KSW-ს საჩემპიონო ქამარი თითქმის ავტომატურად ნიშნავს UFC-ს ან Bellator-ისგან კონტრაქტის შემოთავაზებას. დარწმუნებული ვარ, რომ სოფია ამ მიღწევაზე არ გაჩერდება და უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს."

23 წლის სოფია ბაღიშვილმა კარიერაში 6 ბრძოლა გამართა და 5-ში გაიმარჯვა. ახალგაზრდა მებრძოლმა ბოლო ოთხი ჩხუბი GFC-ის ფარგლებში ჩაატარა, 3 პირველ რაუნდში დანებებით მოიგო, ერთიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. 

კომენტარები

ბოლო ამბები