Thumbnail

eurohoops.net-ის ინფორმაციით, ევროპულ ნაკრებებს (და მათ შორის საქართველოსაც) ძალიან გაუჭირდებათ ივნის-ივლისის სანაკრებო ფანჯრის დროს NBA-ს ვარსკვლავები ათამაშონ. საქმე NBA-სა და ფიბას შორის არსებულ სადაზღვევო ხელშეკრულებას ეხება.

სანდრო და გოგა სერბეთთან მატჩის დროს. 2018 წელი

ამჟამინდელი შეთანხმებით სადაზღვევო ხელშეკრულება ამ ორგანიზაციებს შორის მაქსიმუმ 28-დღიანია (ნაკრების განკარგულებაში ყოფნა) და თუ ნაკრებებს სურთ, რომ მათმა ვარსკვლავებმა ივნისის ფანჯრისასაც (27 ივნისი-5 ივლისი) ითამაშონ მსოფლიოს ჩემპიონატის (2023) საკვალიფიკაციო ეტაპზე, შემდეგ მე-2 (წინასაკვალიფიკაციოს ჩათვლით, მე-3) რაუნდში აგვისტოშიც (22-30 აგვისტო) და ევრობასკეტზეც (1-18 სექტემბერი), შესაძლოა დიდი პრობლემები შეექმნათ.   

არის ერთი გამოსავალი, რომ NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები მატჩის წინა დღეებში გამოცხადნენ აგვსტოს ფანჯრის გახსნისთანავე და მათ ვერ მიიღონ გუნდის შეკრებაში მონაწილეობა. 28-დღიანი მაქსიმუმის დარღვევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ტრავმის რისკი ეროვნულ გუნდის მოთამაშეს შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდეს (პირდაპირი მნიშვნელობით). ხოლო, თუ ივნისის ფანჯარას გამოტოვებენ, კალათბურთელები 28-დღიან ლიმიტში თავისუფლად ახერხებენ ჩატევას. eurohoops.net წერს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ასე მოიქცევა. 

უკვე ცნობილია, რომ ამის გამო სერბი ვარსკვლავები ნიკოლა იოკიჩი, ნემანია ბიელიცა და ბოგდან ბოგდანოვიჩი აპირებენ ივნისის სანაკრებო ფანჯრის გამოტოვებას და შესაძლოა, ანალოგიურად მოიქცნენ NBA-ის სხვა ევროპელებიც. 

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს საქართველოს ნაკრები უკრაინას უნდა შეხვდეს (თუმცა რანაირად შეძლებს უკრაინა თამაშს, მით უმეტეს მასპინძლობას - უცნობია), ხოლო 4 ივლისს - შინ ესპანეთს. ილიას ზუროსის გუნდი 4-დან 3 მოგებით G ჯგუფს ლიდერობს და ის შემდეგ ეტაპზე უკვე გასულია, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თამაშის შედეგებს მომდევნო ეტაპისთვის. 1-ელი სექტემბრიდან კი საქართველო ევრობასკეტზე თამაშობს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიცაა. ჯგუფში ნაკრები ბელგიას, ესპანეთს, თურქეთს და ბულგარეთს უნდა დაუპირისპირდეს. ბოლო მეტოქე რუსეთის ბედი კი ჯერაც გაურკვეველია. საოცარია, მაგრამ ფიბას ჯერ რუსეთის ნაკრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. 

NBA-ში ორი ქართველი კალათბურთელი თამაშობს - გოგა ბითაძე (ინდიანა) და სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი). ორივემ მედიაში უკვე დაადასტურა, რომ ეროვნულ გუნდში ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები