Thumbnail
  • 📅 7 მაისი | ⌚ 18:00 | 🏟 ლისაბონი | 🏉 ლუზიტანუში V შავი ლომი | 📺 რაგბი TV
  • ქართულ ფრენჩაიზს რაგბი ევროპის სუპერთასის გადამწყვეტი მატჩი ელის
  • მოუსმინე: სტატიის აუდიოვერსია

პირველი ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი ლისაბონში გაემგზავრა, სადაც 7 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათიდან რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში ადგილობრივ ლუზიტანუშს შეხვდება. პორტუგალიაში წასვლამდე შავმა ლომმა შევარდენზე სამდღიანი შეკრება გაიარა, ხვალ კაპიტნის ვარჯიშია, ზეგ კი გადამწყვეტი მატჩი.

ლევან მაისაშვილი (შავი ლომის მთავარი მწვრთნელი): "დანაკლისი არ გვაქვს. არის მიკრო ტრავმები და მატჩის წინ გადაწყდება ვინ შეძლებს თამაშს. ფინალს ფსიქოლოგიურად განსხვავებული დატვირთვა აქვს და მზადებაც შესაბამისია. გამარჯვებას ის გუნდი მოიპოვებს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს და ეს ბიჭებს კარგად აქვთ გააზრებული. მოწინააღმდეგე სწრაფი გუნდია. ისინი ეცდებიან თამაში ააჩქარონ და თავისი შანსი გამოიყენონ. ამისთვის ვემზადებით და დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ მათ ჩვენი თამაში დავუპირისპიროთ“.

მერაბ შარიქაძე (ბურთით) ბოლო თბილისურ ვარჯიშზე
📷 | შავი ლომი

მერაბ შარიქაძე (შავი ლომის კაპიტანი): “მოწინააღმდეგემ დასავლეთ კონფერენციაში ყველა თამაში მოიგო. თითქმის პორტუგალიის ნაკრებია, სწრაფ და ხარისხიან რაგბს თამაშობს. ვვარჯიშობთ, ვეცდებით, ასევე სწრაფი და ხარისხიანი რაგბი დავუპირისპიროთ და თასი თბილისში წამოვიღოთ. ეს ტურნირი პირველად ტარდება და გვსურს, რომ მისი გამარჯვებულები გავხდეთ“.

ცნობისთვის, შავი ლომის მსგავსად, პორტუგალიური ფრენჩაიზიც ეროვნული ნაკრების მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ლუზიტანუშმა სუპერთასი დაუმარცხებლად განვლო და ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე თამაში მოიგო, მათ შორის ესპანურ იბერიანსთან ორი – 34:19 და 20:13, ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენელ თელავივ ჰითს 42:26 სძლია. შავმა ლომმა ნახევარფინალში ხსენებული იბერიანსი 43:40 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები