Thumbnail

'ეს დეტალი ხელს მეტოქეს აძლევს' - MMA ექსპერტი ქუთათელაძეზე

  • რუს-ყაზახი კომენტატორი თვლის, რომ ისმაგულოვი ქართველს ჭიდაობაში ჯობს
  • გურამ ქუთათელაძე დამირ ისმაგულოვს 19 ივნისს დაუპირისპირდება

Okko Sports-ის MMA კომენტატორმა და ექსპერტმა იან ბარანჩუკმა ყაზახურ sports.kz-ის ინტერვიუ მისცა და სხვა ბრძოლებთან ერთად, გურამ ქუთათელაძისა და დამირ ისმაგულოვის მომავალ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

რუს-ყაზახი ჟურნალისტი ქართველ მებრძოლს დადებითად აფასებს: "ქუთათელაძემ UFC Fight Night 180-ზე ძალიან მაგრად იჩხუბა და პოლონელი მატეუშ გამროტი დაამარცხა, თან საღამოს საუკეთესო ბრძოლისთვის დამატებითი ბონუსიც მიიღო. გამროტი ძალიან სერიოზული სპორტსმენია, მისი გამოსვლა KSW-დან მახსოვს. ქუთათელაძესთან გამართული მატჩის შემდეგ მატეუშმა 3 შეხვედრა გამართა და სამივე მოიგო, თან ისეთი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, როგორებიც სკოტ ჰოლცმენი, ჯერემი სტივენსი და დიეგო ფერეირა არიან. იმის თქმა მინდა, რომ გამროტი UFC-ში მაგრად გამოდის."

კომენტატორმა გურამსა და დამირს შორის გასამართ ჩხუბში შანსებიც შეაფასა: "თუმცა, ქუთათელაძეს პოლონელის დამარცხების შემდეგ აღარ უბრძოლია, უქმობის მხრივ ორივე მოჩხუბარი ერთსა და იმავე მდგომარეობაშია, დამირიც ოქტაგონზე თითქმის 1 წელია არ გამოსულა. ქართველი ნოკაუტერია, ბოლოს 2015 წელს წააგო. მიმაჩნია, რომ ქუთათელაძეს დგომში ბრძოლა ურჩევნია, ეს კი წყალს ისმაგულოვის წისქვილზე ასხამს. ვფიქრობ, რომ თუ ჩხუბი მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა, უპირატესობა ისმაგულოვს ექნება. ალბათ, ასეთი შესვენების შემდეგ ახალი ველოსიპედის გამოგონება ლოგიკური არ იქნება, დამირი იმ თამაშს ითამაშებს, რაც ძალიან კარგად გამოსდის - ბევრს იჭიდავებს, მეტოქეს სივრცეს შეუზღუდავს და გურამზე ზეწოლის მოხდენას აქტიურობის ხარჯზე შეეცდება."

დამირ ისმაგულოვი განსაკუთრებული თვისებებით არცერთ კომპონენტში არ გამოირჩევა, კარდიოს გარდა. ყაზახს არც ძლიერი დარტყმები აქვს, არც საოცარი ჭიდაობა, ბრძოლებს ფიზიკური მომზადების მაღალი დონისა და მუდმივი აქტიურობის წყალობით იგებს. თან იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ისმაგულოვს UFC-ში მატეუშ გამროტის დონის მოწინააღმდეგე დაუმარცხებია, 4-დან 2 ჩხუბი თითქმის უცნობი სპორტსმენების წინააღმდეგ მოიგო.

გურამ ქუთათელაძემ კი ძალიან ძლიერი მებრძოლი მაშინ დაამარცხა, როცა საკუთარი შესაძლებლობების ნახევარიც ვერ აჩვენა. მატჩის შემდეგ ქართველი თავად ამბობდა, რომ ემოციებმა დაძლიეს და ზედმეტად ინერვიულა. ახლა კი UFC-ში პირველი ჩხუბის ჩატარების გამოცდილება მიღებულია და შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ისმაგულოვის წინააღმდეგ, 19 ივნისს, გაცილებით ძლიერ გურამ ქუთათელაძეს ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები