Thumbnail

ტონი ფერგიუსონი: დანა უაითი ნარკოდილერივითაა, UFC ნაგავივით მექცეოდა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ტონი ფერგიუსონმა დიდი ხნის მანძილზე დაგროვილ უკმაყოფილებაზე ისაუბრა
  • 'ელ კუკუი' მაიკლ ჩენდლერს კვირას, 8 მაისს დაუპირისპირდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ამერიკელმა მებრძოლმა ტონი ფერგიუსონმა მაიკლ ჩენდლერთან ბრძოლის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და საუბრის დიდ ნაწილში UFC და მისი პრეზიდენტი დანა უაითი გააკრიტიკა. 

'ელ კუკუი' პოლიტკორექტულობით არასდროს გამოირჩეოდა. თუ რამეს ამბობს, ყოველთვის პირდაპირ, შელამაზების გარეშე და ამჯერადაც ასე მოიქცა. თუმცა ახლა თქვა ის, რის შესახებ საუბრისაგან თავს დიდი ხანი იკავებდა. 

ჩენდლერსა და სატიტულო ბრძოლაზე: "დიდი ხნის მანძილზე ბრძოლებს რთულ მდგომარეობაში ვიღებდი და ოქტაგონზე გავდიოდი. იმას ვაკეთებდი, რასაც ხაბიბი არასდროს იზამდა, მაგ ს**ს ჩემი ახლაც ეშინია. ახლა კი ჩენდლერთან ვჩხუბობ, ეს ბრძოლა დიდი ხნის მანძილზე მინდოდა, მაგრამ შეხვედრა ვერა და ვერ შედგა, თუმცა მისი ბრალი არაა, ყველაფერი დანას კისერზეა, ასეთი პოლიტიკა აქვს. იმდენჯერ შეეძლო ჩემთვის დროებით ქამარზე ბრძოლის მოცემა, მაგრამ არ აკეთებდა. ამ კვირას კი დანა უაითის ფავორიტ ბიჭს დავაპანღურებ, რა ჯანდაბაც გინდათ, ჩენდლერს ის დაუძახეთ. მის მიმართ პირად წყენას არ ვგრძნობ, უბრალოდ კომპანიის შურისმაძიებლურმა ტაქტიკამ დამღალა. დიდი ხანი ჩუმად ვიყავი, ხმას არ ვიღებდი, სხვა მებრძოლებსაც ჰკითხეთ, რომლებსაც UFC ნაგავივით ექცეოდა."

UFC-ის დამოკიდებულება წონებში "მოგზაურობაზე": "საშუალო წონაში ვჩხუბობდი, ყველა ბრძოლა ნოკაუტით მოვიგე და რა გამიკეთეს? მაიძულეს, წონა დამეკლო და 2 კატეგორიით დაბლა ჩამოვსულიყავი. არავინ მკითხა, ეს მინდოდა თუ არა, არავის აინტერესებდა, როგორ რეაგირებდა წონის კლება-მომატებაზე ჩემი სხეული. არავის ადარდებდა, როგორ მოქმედებდა ეს ყველაფერი ჩემს ფსიქიკაზე. ისე მექცეოდნენ, როგორც აწყობდათ. რა გგონიათ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნახევრადსაშუალო წონაში ასვლა რომ დამჭირვებოდა, ამას გააკეთებდნენ? მე არა მგონია, შეგიძლიათ დანა უაითს ჰკითხოთ."

ტონი ფერგიუსონი და ჩარლს ოლივეირა

მებრძოლთა ანაზღაურებასა და დანა უაითზე: "ზედმეტად ცოტას გვიხდიან, პირადად ჩემზე შემიძლია ვთქვა. ამას წინათ ვნახე, დანა ლაპარაკობდა, მოკრივეებს ზედმეტად ბევრს უხდიანო. მე თავად ვთხოვე უაითს, საკრივო მატჩის ჩატარების უფლება მოეცა, მაგრამ უარი მითხრა. ბეისბოლის თამაში რომ მინდოდეს, ან სხვა პროფესიონალურ სპორტში გამოსვლა, უფლება არ მაქვს. ათლეტი ვარ, მოზარდობისას სხვადასხვა სახეობის სპორტში ვიყავი ჩართული, თან საკმაოდ მაღალ დონეზე. ამერიკულ ფეხბურთში შტატის ჩემპიონატიც მოვიგე, ჩვენს გუნდს სტატისტიკა 27:1-ზე ჰქონდა. პროფესიონალი მოჭიდავე ვიყავი. მინდა ვიჭიდაო, მინდა ჩემი ოჯახისთვის მეტი რამ გავაკეთო, მაგრამ გამოდის ეს ტიპი, ნაბი*ვარი ნარკოდილერივით იქცევა და მეუბნება, რომ არ მაქვს უფლება, ახლობლების უკეთესი ცხოვრებისთვის ფული გამოვიმუშაო. იმდენი რაღაც მოხდა, იმდენჯერ დამიკიდეს ფეხებზე... ახლა კრიპტოვალუტით გადაგვიხდიან, რადგან ასე აწყობთ, ამით მეტ ფულს შოულობენ, მე კი ჯანმრთელობის დაზღვევასაც კი არ მაძლევენ." 

იმედგაცრუებაზე: "მიყენებდნენ და თან არაფრად მაგდებდნენ, მე კი საკუთარი ღირებულების დამტკიცება სოციალურ მედიაში მომიწია. რამდენიმე სისულელე გავაკეთე და 1 მილიონ გამომწერზე ავედი. მეორე დღეს კიდევ დავამატე და 3 დღეში 2 მილიონი გამომწერი მყავდა. შემდეგ გავჩერდი. არაფრის რეკლამა არ გამიკეთებია, ფული არაფერში ამიღია. უცებ ვიფიქრე, რა ჯანდაბას ვაკეთებდი, ეს ყველაფერი არაფერში მჭირდებოდა. უამრავი მესიჯი მივიღე ელ-ფოსტაზე, რომ მათი სიცოცხლე ვიხსენი, რომ თავის მოკვლას აპირებდნენ, ეს ბრწყინვალეა, ძალიან კარგია. ამად ღირდა, სხვა კი არაფერი. რამდენი რამ გავაკეთე ორგანიზაციისთვის. როცა ჩარლზ ოლივეირასთვის მეტოქე ვერ იპოვეს, მე დავთანხმდი, ჩემთვის წამგებიანი მდგომარეობა იყო, ტრავმა მქონდა, მაგრამ დაუგეგმავი ჩხუბი ავიღე. ამდენი ბრძოლა მოვიგე, მათ კი დიდების დარბაზშიც არ შემიყვანეს. კონტრაქტიც კი ისე გამიგრძელეს, რომ არაფერი უკითხავთ."

ფერგიუსონისა და ჩენდლერის Face off

UFC-ის უმადურობაზე: "დასტინ პურიესთან ისე ვიჩხუბე, ჯიუ-ჯიცუს ვარჯიშებიც კი არ მქონია. 1 ვარჯიში არ ჩამიტარებია და მაინც მასზე უკეთესად ვმოქმედებდი პარტერში. ჯო როგანი კი დამცინოდა, არ იცის, რას აკეთებსო. უბრალოდ იდიოტად გამომიყვანეს, არც დაინტერესებულან, რომ ხელის ტრავმა მქონდა და სხვანაირად მოქმედება არ შემეძლო. კომპანიისთვის ყველაფერი გავაკეთე, მათ რა გააკეთეს ჩემთვის? ოქტაგონზე ფეხი მოვიტეხე, ვერ ვმოძრაობდი და სახლში დასაბრუნებელი ბილეთიც არ მომცეს. კრის ვაიდმენის პერსონალური თვითმფრინავით მოემსახურნენ, მე კი ყავარჯნებით დავდიოდი. კითხვები უნდა დაისვას, რა არის კორპორაცია, როგორ ექცევა ის ათლეტებს. 

ალბათ, მეც ფეხებზე უნდა დამეკიდებინა ისინი, მეც უარი უნდა მეთქვა ჩხუბებზე. დანას ზარებისთვის იგნორი გამეკეთებინა, უნდა მეთქვა, მკიდია ძმაო, სკეიტბორდით ვერთობი, ბრძოლისთვის არ მცალია. არ უნდა მეპასუხა მის ზარზე, როგორც ჩემს ზარებს არ პასუხობდა ხოლმე. დიდი დრო დამჭირდა, სანამ საკუთარი თავი დავაფასე. კომპანია ამდენი ხანი ნაგავივით მექცეოდა, ეს უსამართლო იყო." 

38 წლის ტონი ფერგიუსონს 2013-დან 2019 წლის ჩათვლით UFC-ში ზედიზედ 12 მოგება ჰქონდა, თუმცა სატიტულო ბრძოლა მაინც ვერ მიიღო. 'ელ კუკუი' ბოლო სამ ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, ერთხელ ფეხი მოტყდა, ერთხელ ხელი. ოლივეირასთან საერთოდ მოტეხილი ხელით იჩხუბა, თუმცა არ დანებებულა და ნოკდაუნშიც კი არ აღმოჩენილა.

ფერგიუსონი MMA-ის ფანებს სწორედ მისი მეომარი ხასიათის გამო მოსწონთ. ტონის ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა, ებრძოდა ძალიან მძიმე მენტალურ პრობლემას, რამდენჯერმე იყო თვითმკვლელობასთან ახლოს, პერიოდულად აწუხებდა პარანოია. მიუხედავად ამისა, 'ელ კუკუი' არ დანებებულა და ყველა მნიშვნელობით ბრძოლას დღემდე განაგრძობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები