Thumbnail
  • 📅 7 მაისი | 🏟 ენფილდი | ⌚ 22:45 | ⚽ ლივერპული V ტოტენჰემი
  • ლივერპული ოთხი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს
  • ტოტენჰემის მიზანი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

პრემიერლიგაში "უიკენდის" გამორჩეული მატჩი შაბათს, "ენფილდზე" გაიმართება, სადაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი ლივერპული ტოტენჰემს დაუპირისპირდება, რომლის მთავარი მიზანი ოთხეულში და, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა.

3 ქულას ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იურგენ კლოპის გუნდი ლიდერ მანჩესტერ სიტის 1 ქულით ჩამორჩება და დაკარგული ქულები, დიდი ალბათობით, დაკარგულ ჩემპიონობას ნიშნავს. "დეზებს" კი ლივერპულის შემდეგ შეხვედრა უშუალო კონკურენტ არსენალთან აქვთ, რომელსაც ამ დროისთვის 2 ქულით ჩამორჩებიან. ანტონიო კონტეს ლონდონურ დერბიმდე მინიმუმ ამ სხვაობის შენარჩუნება სურს, რადგან ქულების დაკარგვა, ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, მასაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს. 

ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და სეზონში 4 ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს

მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული ძალიან მაგარი გუნდია, სეზონის სტარტზე ცოტა თუ იფიქრებდა, რომ მაისის დასაწყისში "მერსისაიდელები" შესაძლო 4 ტიტულიდან ოთხივესთვის იბრძოლებდნენ. გუნდმა უკვე მოიგო ლიგის თასი, გავიდა ჩემპიონთა ლიგისა და ასოციაციის თასის ფინალებში, ხოლო ლიდერ სიტის, როგორც აღვნიშნეთ, პრემიერლიგის ცხრილში, მხოლოდ ქულით ჩამორჩება. გერმანელი სპეციალისტის გუნდს შანსი აქვს, ისტორიული შედეგი დააფიქსიროს.

ოთხეულისთვის ბრძოლას მხოლოდ 2 გუნდი აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ იუნაიტედს თეორიული შანსი დარჩა, მისი მოწინავე ოთხეულში მოხვედრა არარეალური ჩანს. ტოტენჰემს ამ დროისთვის 34 შეხვედრის შემდეგ 61 ქულა აქვს და მეხუთეა. მეოთხეა არსენალი, რომელსაც ასევე 34 მატჩი აქვს ჩატარებული და 63 ქულა აქვს. "წითელ ეშმაკებს" კი ლონდონურ კლუბებთან შედარებით ორით მეტი, 36 შეხვედრა აქვთ გამართული და 58 ქულით მეექვსეზე არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ რალფ რანგნიკის გუნდის ოთხეულში შესვლა არარეალური ჩანს.

ანტონიო კონტეს გუნდმა ბოლო შეხვედრა პრემიერლიგაში პირველ მაისს, ლესტერის წინააღმდეგ გამართა, რომელიც 3:1 მოიგო. იტალიელი სპეციალისტის გაწვრთნილ ფეხბურთელებს მას შემდეგ არ უთამაშიათ და კლოპის შეგირდებთან შედარებით დასვენებულები არიან. "მერსისაიდელებს" შუა კვირაში ვილიარეალის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება ჰქონდათ, რომელიც არც თუ ისე მარტივად მოიგეს (3:2). 

ტოტენჰემმა ლივერპულს პირველ წრეში მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა

მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე ლივერპულს ფრე (2:2) ეთამაშა და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა. მიუხედავად ამისა, ლონდონელებს "მერსისაიდელების" წინააღმდეგ, ბოლო წლებია, განსაკუთრებით უჭირთ. ბოლოს "დეზებმა" ლივერპული 2017 წელს დაამარცხეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ორი გუნდის დაპირისპირებები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდის. მოკლედ, გულშემატკივრები დაძაბულ და საინტერესო შეხვედრას ელიან. ლივერპული ფავორიტია, მით უმეტეს, რომ შეხვედრა "ენფილდზე" გაიმართება, სადაც კლოპის გუნდის დამარცხება ძალიან რთული საქმეა, მაგრამ ტოტენჰემი ბოლომდე იბრძოლებს.  

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულმა პრემიერლიგაში ბოლო 12 საშინაო მატჩიდან ყველა მოიგო.

⚽ "მერსისაიდელებმა" პრემიერლიგის ბოლო 9 შეხვედრიდან 8-ში კარი მშრალად შეინახეს.

⚽ ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 10 დაპირისპირებიდან (ყველა ტურნირზე ერთად) 8-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ იურგენ კლოპის გუნდი 11 საშინაო მატჩია (ყველა ტურნირზე ერთად) ტოტენჰემთან არ დამარცხებულა.

⚽ ლივერპულს ტოტენჰემთან 9-მატჩიანი (ყველა ტურნირზე ერთად) დაუმარცხებელი სერია აქვს.

⚽ კლოპის გუნდს "ენფილდზე" ბოლო 9 შეხვედრიდან (პრემიერლიგაში) 8-ში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ტოტენჰემმა პრემიერლიგის ბოლო 3 გასვლით შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო.

⚽ ანტონიო კონტეს გუნდმა ბოლო 7 თამაშში (პრემიერლიგა) მხოლოდ ერთი წააგო.

⚽ ლივერპულს პრემიერლიგაში 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ კლოპის გუნდმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 14 საშინაო გამარჯვებიდან 12-ში მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით მოიგო.

⚽ "დეზების" უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან (პრემიერლიგაში) 3-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ტოტენჰემმა ლივერპული ბოლოს 2017 წელს დაამარცხა.

⚽ "მერსისაიდელებს" ყველა ტურნირზე ერთად 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

⚽ ტოტენჰემმა ლივერპულს ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაუტანა.

⚽ "მერსისაიდული" გუნდი "დეზებს" ბოლო 14 თამაშია გოლს უტანს. ბოლოს ლივერპულმა ტოტენჰემს გოლი 2015 წელს ვერ გაუტანა, მაშინ შეხვედრა ფრედ 0:0 მორჩა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, ტიაგო - სალაჰი, მანე, დიასი.
ტრავმა: ფირმინო (?).

ტოტენჰემი (3-4-3): ლორისი - რომერო, დაიერი, დევისი - როიალი, ბენტანკური, ჰოიბერგი, სესენიონი - კულუშევსკი, კეინი, სონი.
ტრავმა: დოჰერტი, რეგილონი, სკიპი, ტანგანგა.

კომენტარები

ბოლო ამბები