Thumbnail

ირაკლი ძიძიგური: ამ ხედვის შეცვლას არ ვაპირებ, მეტი აქცენტი ქართველ მოთამაშეებზე

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • ცხუმ-აფხაზეთი წელს სუპერლიგის პლეი ოფში ვერ გავიდა
  • გუნდის მთავარი მწვრთნელი წარუმატებელი სეზონის მიზეზებზე საუბრობს
  • ირაკლი ძიძიგური აქცენტს მომავალ სეზონშიც ქართველ კალათბურთელებზე გააკეთებს

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის შარშანდელი ფინალისტი ცხუმ-აფხაზეთი წელს პლეი ოფში ვერ გავიდა. წარუმატებლობის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ‘პოპსპორტი’ გუნდის მთავარ მწვრთნელ ირაკლი ძიძიგურს ესაუბრა, რომელმაც გასულ სეზონში აქცენტი ქართველ კალათბურთელებზე გააკეთა და საკუთარი ხედვის შეცვლას არც მომავალში აპირებს. 

POPSPORT: შარშან ცხუმ-აფხაზეთმა ფინალში ითამაშა, წელს კი პლეი ოფი თქვენი გუნდის გარეშე მიმდინარეობს. რა იყო რეგულარულ სეზონში წარუმატებლობის მთავარი მიზეზი?

ირაკლი ძიძიგური: პირველი წრე თითქოს კარგად დავიწყეთ, შემდეგ უკვე არასტაბილურად ვთამაშობდით. პირველ რიგში ეს იმის ბრალია, რომ გუნდი სათანადოდ არ იყო დაკომპლექტებული. მაგალითად, გვქონდა ცენტრის პრობლემა. შარაბიძე არაა იმ ასაკში, რომ 40 წუთი მოედანზე გაატაროს, მისი შემცვლელი კი ფიზიკურად არ გვყავდა. ცენტრის პოზიციაზე მოქმედება გიგა კვეტენაძეს უწევდა, რომელსაც აქამდე ხუთ ნომერზე არასდროს უთამაშია. შარაბიძე მაქსიმალურად კი იხარჯებოდა და ზოგადად ლიგაში თვისი ამპლუის კალათბურთელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ 30 წლის კალათბურთელისთვის მოედანზე 40 წუთის გატარება რთულია. 

'ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელიც პლეი ოფს მიღმა უნდა იყოს'

POPSPORT: საკადრო პრობლემებზე პირველი წრის დასრულების შემდეგაც საუბრობდით, მერე ახალი მოთამაშეებიც დაიმატეთ…

ძიძიგური: მეორე წრიდან ორი ლეგიონერის სახით შევსება კი მივიღეთ, მაგრამ მასხულია დაგვიშავდა, რომელიც უკანა ხაზის ლიდერად მოიაზრებოდა და მთელი სეზონით გამოგვაკლდა. ამ ყველაფრის გამო ჩავარდნები გვქონდა, რომელთა გამოსწორება ვცადეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ თსუ-თან გადამწყვეტ მატჩში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ითამაშა შარაბიძემ. მიუხედავად ამისა, 10-12 ქულას ვიგებდით, მაგრამ მესამე მეოთხედში კიდევ ერთი ცენტრი, უილიამსი დაგვემტვრა და დავრჩით ფაქტობრივად ცენტრის გარეშე. მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, რომელშიც დავმარცხდით და პლეი ოფში მოხვედრის შანსი დავკარგეთ.

POPSPORT: ახალგაზრდებს დიდ ნდობას უცხადებთ. რამდენად გაამართლეს მათ იმედები?

ძიძიგური: ძალიან არ მომწონს, რომ საქართველოს ჩემპიონატში წამყვანი მოთამაშეები უცხოელები არიან, ბევრი კლუბი ლეგიონერებზეა დამოკიდებული. ალბათ საქართველოში მწვრთნელები ისე ვერ ვავითარებთ ქართველ კალათბურთელებს, რომ ისინი სუპერლიგის კლუბების შესავსებად მზად იყვნენ. რა თქმა უნდა, მწვრთნელებიც რთული დილემის წინაშე ვართ. ჩვენ შედეგს გვთხოვენ, რაც სრულიად ლოგიკურია. მიმაჩნია, რომ წელს ჩვენს გუნდში მეტ-ნაკლებად წამყვანი კალათბურთელები ქართველები იყვნენ. მაგალითად მაზიაშვილი, რომელსაც აქამდე სასტარტო ხუთეულში ყოფნის გამოცდილება არ ჰქონდა, ჩვენთან კი „სტარტერი“ იყო და ეროვნულ ნაკრებში მოხვდა. შეიძლება ეს წელი მისთვის ისეთი არ იყო, როგორიც უნდოდა, მაგრამ უდიდესი გამოცდილება მიიღო. ჩემი აზრით, ეს სეზონი მაზიაშვილისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ. მან ისწავლა ლიდერობა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. გამოცადა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს გადამწყვეტ მომენტებში.

ირაკლი ძიძიგური და ლუკა მაზიაშვილი

მიუხედავად კონკრეტული პოზიტივებისა, რომელიც ამ სეზონში იყო, რა თქმა უნდა, მთლიანობაში დადებითი შედეგი ვერ მივიღეთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელიც პლეი ოფის გარეთ უნდა იყოს. ჩემი ლოგიკა ასეთია: ცუდი გამოცდილებაც გამოცდილებაა. ჩემთვის პირველი წელი იყო, რომელიც მძიმე გამოდგა, მაგრამ მიმაჩნია, რომ გამოცდილების თვალსაზრისით ბევრი რამ შევიძინეთ. ჩემი ხედვის შეცვლას არ ვაპირებ. მომავალ წელსაც მეტ ყურადღებას ქართველ მოთამაშეებს დავუთმობ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი მოვიდეს. ამერიკელი კალათბურთელები, რა თქმა უნდა გვჭირდება. ლეგიონერები ტოპ ლიგების ტოპ კლუბებსაც სჭირდებათ, მაგრამ თუ გვინდა, რომ ქართული კალათბურთი და სუპერლიგა განვავითაროთ და ნაკრებს კარგი შევსება მივცეთ, ქართველ მოთამაშეებთან მეტი უნდა ვიმუშაოთ.

POPSPORT: ძალიან დიდ იმედებს ამყარებდით ფიკოკზე. თავის დროზე მისი დამატება შეცდომა იყო? 

ძიძიგური: იმ ბიუჯეტით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ლეგიონერის არჩევა ძალიან რთულია. მე მაქვს ურთიერთობები უცხოეთში მომუშავე მწვრთნელებთან. ფიკოკი პორტუგალიაში თამაშობდა. მისი მწვრთნელისგან მასზე მხოლოდ კარგი დახასიათება მქონდა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატი ძალიან სპეციფიკური სათამაშოა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაღალი დონის კალათბურთელს აქ ვერ უთამაშია. ფიკოკზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. კარგი ბიჭია, სათამაშო კლასიც ნორმალური ჰქონდა, მაგრამ რამდენად შეეძლო მას ფევაძის შეცვლა, ეს სხვა საკითხია. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი გუნდისთვის იმის ნახევარიც ვერ გააკეთა, რასაც ფევაძე აკეთებდა.

'ცუდი გამოცდილებაც გამოცდილებაა' - ცხუმ-აფხაზეთის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ძიძიგური

POPSPORT: სტატისტიკურად ჩემპიონატის მასშტაბით მარკილ სმიტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ადრე რომ დაგემატებინათ, შედეგი შეიცვლებოდა?

ძიძიგური: პლეი ოფამდე ერთი მოგება დაგვაკლდა. პირველ წრეში ოთხი მოგება გვქონდა. რა თქმა უნდა, სმიტი რომ მაშინ გვყოლოდა და მასთან ერთად უილიამსსაც რომ ეთამაშა, სხვა სურათი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ წრეში მათი ყოფნის შემთხვევაში ბევრად უკეთესი შედეგები გვექნებოდა, თუმცა ამაზე ლაპარაკი ახლა დაგვიანებულია. მთავარი ახლა ისაა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდში ყველამ გაითავისა „ცუდი გამოცდილებაც გამოცდილებაა“. გვაქვს უნარი, შევცვალოთ არსებული რეალობა და მომავალ სეზონში უფრო უკეთესად გამოვიდეთ.

საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ქუთაისი ბათუმს, ხოლო თსუ კი ოლიმპს ეთამაშება. მეორე წყვილის ნახევარფინალური სერია 12 მაისს დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები