Thumbnail

PREVIEW | ფერგიუსონი V ჩენდლერი - ელ კუკუის უკანასკნელი შანსი

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი

ტონი ფერგიუსონი - კაცი, რომელიც ყველაზე დიდი ხნის მანძილზე იყო UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონობის პრეტენდენტი, სატიტულო ბრძოლა კი ვერასდროს მიიღო. მისგან განსხვავებით, ბელატორიდან მისული მაიკლ ჩენდლერი ორგანიზაციის ბოსებმა ქამარზე უკვე მეორე ბრძოლაში აჩხუბეს. კვირას დილით ეს ორი ‘ვეტერანი’ ერთმანეთს დაუპირისპირდება. 

2011-2019 წლებში ფერგიუსონმა UFC-ში ჩატარებული 16 ბრძოლიდან 15 მოიგო. დაამარცხა კევინ ლი, რაფაელ დოს ანიოსი, ენტონი პეტისი, ედსონ ბარბოსა. ტონი ყოველთვის გრიგალივით ჩხუბობდა, დარტყმებს სეტყვასავით უშვებდა, გრეპლინგში კი დანებების ოსტატი იყო. ამ სტილმა ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე გატეხა. მისი წარმატების საიდუმლო შესანიშნავი კარდიო და შეუპოვრობა გახლდათ. ომების წლებმა მასზე კვალი დატოვა, ტრავმებმა ოქტაგონს გარეთ და შიგნით პრობლემები შეუქმნა. ფერგიუსონმა ბოლო 3 ჩხუბი ჯასტინ გეიჯისთან, ჩარლზ ოლივეირასა და ბენეილ დარიუშთან წააგო. გულწრფელად რომ ვთქვათ, სამივე მათგანი ელიტური მებრძოლია და მის კარიერაში არცერთთან წაგება არ იქნება შავი ლაქა.

მეორე მხრივ, ის უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი სტილი ადვილად კონტროლისა და რაუნდების მარტივად მოგების საშუალებას არ იძლეოდა. მას ჯიუ-ჯიცუში შავი ქამარი აქვს, მაგრამ 15 წუთში საშუალოდ 0.42 თეიქდაუნს აკეთებს და მათგან თავს მხოლოდ 67%-ით იცავს. ის ფაქტი, რომ UFC-ში 6 ბრძოლა დანებებით მოიგო, მის ტექნიკურობაზე მეტყველებს. მაგრამ ეს მეთოდი გამარჯვების წინაპირობა ტოპ მებრძოლებთან ვერ იქნება, როცა მისი ჭიდაობა მოწოდების სიმაღლეზე არაა. ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ შეუდრეკელობამ მას ზიანიც მოუტანა, ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაში ძალიან ბევრი დარტყმა მიიღო, თუმცა სანამ რეფერიმ მატჩი არ გააჩერა, თვითონ არ დანებებულა. 

ეს ფაქტორი ჩენდლერთან მატჩის წინ მის შანსებზე საუბარს დამაჯერებლობას აკლებს. მაიკლი ცნობილი მისი ფიზიკურობითაა, ძალიან ძლიერი პანჩები და კარგი ჭიდაობა აქვს. ჩენდლერმა UFC-ში პირველი ბრძოლა დან ჰუკერის წინააღმდეგ გამართა და მოწინააღმდეგე სასტიკი ნოკაუტით დაამარცხა. ჩენდლერმა დაამტკიცა, რომ ბელატორში დიდხნიანი დომინაცია მოჩვენებითი არ იყო. თუმცა, მას შემდეგ ოლივეირასა და გეიჯისთან დამარცხდა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მაიკლის მსგავსი მებრძოლები ძალიან დიდ სიმპათიას ვერ იმსახურებენ, რადგან ადრეულ შეტევებსა და მეტოქის საწყის რაუნდებში დაზიანებაზე არიან ორიენტირებულნი, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს ბრძოლის ბოლოს კი ძალიან იღლებიან, ნელდებიან და დასარტყმელ ტომრებად იქცევიან ხოლმე. 

ჩენდლერისდა საამაყოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ გეიჯის 3 რაუნდი გაუძლო და მისი კარდიო ადრინდელზე უკეთ გამოიყურებოდა. მაგრამ მაიკლს სისუსტეები მაინც გააჩნია, მათგან მთავარი კი ფეთქებადობაა. მას ნოკაუტის გამომწვევი ძალა აქვს, მაგრამ ბრძოლის მანძილზე სტაბილურად დარტყმას ვერ ახერხებს, რადგან ადრეული მუშტები ენერგიას აცლის. მაიკლს ჭიდაობის გამოცდილებაც აქვს, სტუდენტობისას შტატის ჩემპიონატზე გამოდიოდა, შესაბამისად თეიქდაუნების გაკეთება შეუძლია. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბრძოლის პარტერში გადაყვანა დიდ ენერგიას მოითხოვს. 

ბოლო დროს, მაიკლი ისეთ მოჩხუბრად იქცა, რომლის წარმატებაც საწყის რაუნდებს უკავშირდება, ბოლო რაუნდებს კი მარცხი. ისეთი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, რომელთა პარტერში გადაყვანა და მათზე დომინაცია შეუძლია, გამარჯვების მოპოვებას მსაჯების გადაწყვეტილებითაც მოახერხებს. მაგრამ ისეთ მეტოქეებთან ჩხუბში, რომლებიც პრესინგზე წამოვლენ, ის უკან დახევას იწყებს, ბევრ დარტყმას იღებს და ასეთ სიტუაციებში ერთხელ და ორჯერ არ დაფინიშებულა. ჩენდლერს ოლივეირასთან ჩხუბში ქანცი ერთმა რაუნდმა გამოაცალა. ის რაუნდი დამაჯერებლად მოიგო, ჩარლზს დიდი ზიანი მიაყენა და ჭიდაობაშიც ჯობდა. ეს კი ძალიან ბევრ ენერგიად დაუჯდა და მეორე რაუნდში მალევე დანოკაუტდა.

გეიჯის წინააღმდეგაც ჩენდლერს ბრძოლის დასაწყისში ბევრი წარმატება ჰქონდა. პირველ რაუნდში ძალიან მაგრად იჩხუბა და გეიჯის ბევრი მტკივნეული დარტყმა მიაყენა. მაგრამ მარცხისკენ სვლა მაშინ დაიწყო, როცა მეტოქის დაფინიშებას ვერ მიაღწია. ბოლოს, უამრავი დარტყმა მიიღო და სუფთად წააგო. ისიც აღსანიშნავია, რომ ძალიან გაუმართლა, მსაჯმა ბრძოლა მეორე რაუნდში რომ არ შეაჩერა.

ჩენდლერმა პირველ რაუნდში გეიჯის დარტყმებისგან თავი 49%-ით დაიცვა, მეორეში 37%-ით, მესამეში კი მხოლოდ 18%-ით. ეს კი მაიკლთან მიმართებით მკვეთრი წითელი შუქია. ის ბრძოლაში დარჩა, მაგრამ რაუნდებთან ერთად მისი დაცვა უარესდებოდა, რისი მიზეზიც ჩენდლერის სტილია. მას საწყის რაუნდში გამარჯვების ძალა ისევ აქვს, ძლიერი პანჩებისა და თეიქდაუნების გაკეთებაც შეუძლია, მაგრამ ის მებრძოლი არაა, რომელზეც ფსონს დარწმუნებით ჩამოხვალ. 

იგივე, ფსონებს რომ შევხედოთ, ჩენდლერი უპირობო ფავორიტია. მის მოგებას დაბალი კოეფიციენტი აქვს, მაგრამ ამ ფსონის გაკეთებას აზრი ნაკლებად აქვს. თუ ფერგიუსონი ნოკაუტით საწყის რაუნდებში ვერ მოიგებს, დიდი შანსია, რომ მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდეს კიდეც. ამიტომ, უბრალოდ მაიკლის მოგებაზე ფსონის გაკეთებას, მის ნოკაუტით გამარჯვებაზე ფსონის ჩამოსვლა ჯობს. 

რაც შეეხება ტონის: მართალია, ფორმაში აღარაა, მაგრამ კარდიო ადგილზე აქვს. ის მეტოქეებს წუთში საშუალოდ 5.15 დარტყმას ისევ აყენებს და თავად მხოლოდ 3.78-ს იღებს, დაცვის მაჩვენებელი კი 59% აქვს. სავსებით შესაძლებელია, რომ თუ პირველ რაუნდს გაუძლებს, ფერგიუსონმა ჩხუბი მოიგოს კიდეც. კიდევ ერთი საეჭვო კომპონენტი ჩენდლერის ჭიდაობაა. გვიან რაუნდებში ტონის პარტერში გადაყვანა რომც მოახერხოს, დიდი შანსია, ამან ფერგიუსონის დანებების სტილზე დაასხას წყალი, რადგან ‘ბუგიმენს’ საოცარი კარდიო აქვს, ჩენდლერს კი მეტოქის პარტერში გაკონტროლება არ შეუძლია. 

შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ბრძოლა ტონისთვის საჩემპიონო პრეტენდენტთა შორის დაბრუნების უკანასკნელი შანსია. ფერგიუსონმა თავად თქვა, რომ აქამდე ბევრი იდეა და მიზანი ჰქონდა, ერთზე კონცენტრირებას კი ვერ ახერხებდა. ახლა კი ზუსტად იცის, UFC-ის მსუბუქ წონაში ჩემპიონის ქამარი სურს და 38 წლის 'ელ კუკუი' ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს იღონებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები