Thumbnail

'სიტყვები ვერ გადმოსცემს იმას, რასაც ვგრძნობთ' - გვარდიოლა ისევ შოკშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პეპ გვარდიოლამ კვლავ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მარცხზე ისაუბრა
  • სიტის მწვრთნელი ფიქრობს, რომ რეალთან წაგება წარუმატებლობა არაა

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ნიუკასლთან მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ესპანელ სპეციალისტ უფრო მეტად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის რეალთან განცდილ მარცხზე მოუწია საუბარი. პეპმა აღნიშნა, რომ სიტისთვის ნახევარფინალში წაგება წარუმატებლობა არ არის.

"ფეხბურთელებისთვის არაფერი მითქვამს. სიტყვები ვერ გადმოსცემს იმას, რასაც ყველა ჩვენგანი გრძნობს. ახლა საჭიროა მომდევნო მიზნებზე ვიფიქროთ. ხალხი ამბობს, რომ თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ, ეს წარუმატებლობაა, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, რადგან ვიცით, რამდენად რთულია ამის გაკეთება. ფინალში გასვლა ბიჭებს ყველაზე მეტად უნდოდათ, ვეცდებით, რომ მიზანს მომდევნო სეზონში მივაღწიოთ", - აღნიშნა გვარდიოლამ.

გვარდიოლა 11 წელია ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებს

პეპმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შეიხ მანსურს მანჩესტერ სიტიში დიდი ინვესტიცია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად არ გაუკეთებია და მათი მიზანი ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის ბრძოლაა:

"ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია. მაგალითად, ატლეტიკომ მეორე მატჩის მეორე ტაიმში გვაჯობა და უფრო მეტი იღბალი რომ ჰქონოდა, ნახევარფინალში გავიდოდა. ვინ იცის, ჩვენც რეალთან უფრო რომ გაგვმართლებოდა, რა მოხდებოდა. თუმცა, ეს ფეხბურთია, 22 ფეხბურთელი ბურთით მოძრაობს და ხდება, როგორც კარგი, ისე - ცუდი. ჩემპიონთა ლიგა რომ მოგვეგო, ზოგი იტყოდა, რომ ეს მხოლოდ ჩვენი დახარჯული ფულის დამსახურება იქნებოდა და არა შრომისმოყვარეობის. ცხადია, ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა, მაგრამ ამისთვის იმაზე უკეთ თამაშია საჭირო, ვიდრე მადრიდში გავაკეთეთ. შეიხ მანსურს ეს კლუბი იმისთვის არ უყიდია, რომ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა მოეგო. ამიტომ, ახლა ჩვენი მიზანი პრემიერლიგის მოგებაა".

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი მადრიდის რეალთან დამატებით დროში 1:3 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარეშე დარჩა. პეპ გვარდიოლას გუნდი ინგლისის პრემიერლიგას დასრულებამდე 4 ტურით ადრე ლიდერობს, თუმცა ლივერპულს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები