Thumbnail
  • დალას მავერიკსი 103:94 ფინიქს სანსი
  • ფინიქსმა დალასს მესამე მატჩი ვეღარ მოუგო
  • სერიაში ანგარიში 2:1 გახდა, წინ მეოთხე მატჩია

დალასმა შეძლო და ფინიქსთან NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში ინტრიგა დააბრუნა.

ორი მატჩის წაგების შემდეგ, მავერიკსმა სანსი საკუთარ დარბაზში 103:94 დაამარცხა და სერიაში სხვაობა შეამცირა - 2:1 რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდის სასარგებლოდ. ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა ცოტა ინერვიულეს, მაგრამ საბოლოოდ თამაში მაინც მიიყვანეს გამარჯვებამდე, რაც ჯეილენ ბრაუნის დამსახურებაა.

ბრანსონი, რომელმაც წინა ორი მატჩის შემდეგ კრიტიკა დაიმსახურა, ამჯერად 28 ქულით (10/21) დალასის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახლდათ. მეორე ტაიმში, როცა ლუკა დონჩიჩს სიფრთხილე მართებდა, სწორედ ბრანსონმა აიღო თამაში თავის თავზე. თუმცაღა, სლოვენიელსაც ძალიან სოლიდური თამაში ჰქონდა - 26 ქულა (11/25), 13 მოხსნა და 9 ასისტი 34 წუთში. ლუკას სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

დონჩიჩის დაცვაში თამაში ბოლო მეოთხედში პრობლემური ამბავი გახლდათ, რადგან ხისტ კონტაქტს უნდა მორიდებოდა. სამაგიეროდ, მაგრად იბრძოლეს რეჯი ბალოკმა (15 ქულა, 4/10 სამქულიანი), დორიან ფინი-სმითმა (14, 4/11) და მაქსი კლებერმაც (14, 6/9, 3 მოხსნა, 4 ასისტი).

ფინიქსიდან ყველა სტარტერი გადასცდა 10 ქულას. ყველაზე შედეგიანი ჯეი კრაუდერი გახლდათ 19 ქულით (5/8 სამქულიანი). დევინ ბუკერს (18 ქულა, 6/13, 6 ასისტი) და კრის პოლს (12 ქულა, 5/9, 4 ასისტი, 7 დაკარგვა) არც ისე კარგი თამაში ჰქონდათ.

ბრანსონს დავუბრუნდეთ, რომელიც დალასისთვის იუტასთან სერიაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. მას 3 მეოთხედის შემდეგ უფრო მეტი ქულა ჰქონდა აქტივშ, ვიდრე ფინიქსთან წინა ორი მატჩის ჯამში (24).

“კარგი გუნდური თამაშით შესანიშნავი გუნდური გამარჯვება ვიზეიმეთ. სწრაფად და აგრესიულად თამაში გვსურდა და ეს შევძელით… არ ვიცოდი, რომ ფინიქსთან ზედიზედ 11 თამაში გვქონდა წაგებული,” - განაცხადა დალასის მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა მატჩის შემდეგ.

“ყველა და ნებისმიერი თამაში მოსაგები გვაქვს, განსაკუთრებით პლეი ოფში. დაცვაში უდიდესი ენერგიით ვითამაშეთ. ფანებს ამ მოგებაში დიდი წვლილი მიუძღვით, 48 წუთის განმავლობაში დარბაზში გრანდიოზული გარემო გვქონდა,” - ეს დონჩიჩის სიტყვებია.

3 მატჩის შემდეგ ფინიქსი დალასს 2:1-ს უგებს. მეოთხე შეხვედრა 8 მაისს, ისევ დალასში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები