Thumbnail
  • პოლ პოგბა თავის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს
  • ნახევარმცველით მანჩესტერ სიტის გარდა სხვა ევროპული გრანდებიც ინტერესდებიან 

პოლ პოგბას გადაბირებაზე მანჩესტერ სიტიც სერიოზულად ფიქრობს - ამის შესახებ ინგლისური მედია წერს. ხოსეპ გვარდიოლას სურს, რომ ფრანგი ნახევარმცველი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ დაიმატოს.

პოგბას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ პოგბა ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს და იგი იუნაიტედს დატოვებს. სწორედ ამიტომ გვარდიოლას სურს, მაღალი კლასის ფეხბურთელი უფასოდ დაიმატოს.

პოგბა 29 წლისაა და მიაჩნია, რომ მომავალი კონტრაქტი მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგს პრემიერლიგაში დარჩენის სურვილი აქვს და კარიერის კვლავ ინგლისში გაგრძელება სურს.

პოგბა მანჩესტერ იუნაიტედს 2016 წელს ტურინის იუვენტუსიდან შეუერთდა

პოლს შეუძლია, მოლაპარაკებები არაინგლისურ კლუბებთან აწარმოოს, ინგლისურ კლუბებთან კი ოფიციალური კავშირის დამყარება კონტრაქტის ამოწურვამდე არ შეუძლია. აქედან გამომდინარე იგი საბოლოო გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს და ნაკლებად სავარაუდოა, მანამდე მის ტრანსფერზე რაიმე გაირკვეს.

პოგბას დამატების სურვილი მანჩესტერ სიტის 2018 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ ფრანგმა კარიერის გაგრძელება "წითელი ეშმაკების" რიგებში გადაწყვიტა. "ქალაქელების" გარდა პოგბა მადრიდის რეალს, პარი სენ-ჟერმენს და იუვენტუსს აინტერესებს.

შეგახენბეთ, რომ ნახევარმცველი ამ მომენტისთვის ტრავმირებულია და ძალიან დიდი ალბათობით, იგი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. 29 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ლივერპულთან გამართულ შეხვედრაში მიიღო, სადაც იუნაიტედი ანგარიშით 0:4 დამარცხდა. ფრანგმა აღნიშნული შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა მატჩის მე-10 წუთზე შესაცვლელი გახდა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ პოგბა იუნაიტედს ისე დატოვებს, რომ მათ შემადგენლობაში აღარ ითამაშებს.

პოლ პოგბა მანჩესტრ იუნაიტედში 2016 წელს ტურინის იუვენტუსიდან გადავიდა. ფრანგმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში ითამაშა, სადაც თავი გატანილი გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები