Thumbnail

ქართული ფრენჩაიზის პირველი ტიტული - შავმა ლომმა ლუზიტანუშს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუზიტანუში 14:17 შავი ლომი
  • ქართულმა ფრენჩაიზმა რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალი მოიგო

ქართული სარაგბო ფრენჩაიზი, შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში პორტუგალიურ ლუზიტანუშს შეხვდა და მატჩი 17:14 მოიგო. ფინალური დაპირისპირება ლისაბონში, ესტადიო ნასიონალზე, გაიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ მოედნის საფარი კარგ მდგომარეობაში არ იყო და ასეთი სტადიონი ფინალს ნამდვილად არ შეეფერებოდა.

შავი ლომი მატჩის მე-11 წუთზე დაწინაურდა, ლუკა ივანიშვილმა თანაგუნდელების დახმარებით პორტუგალიელებს აჯობა და პირველი ლელო დადო, რომელიც გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა - 0:7.

პორტუგალიელებმა ანგარიშში სხვაობა მალევე შეამცირეს, მასპინძლებმა ფლანგზე ბურთი კარგად გაათამაშეს, რის შემდეგაც პინტომ ლელო დადო, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო - 5:7. ერთ მომენტში ლევან მაისაშვილის გაწვრთნილ გუნდს ლელოს დადების კარგი შანსიც მიეცა, თუმცა პორტუგალიელებმა ქართველებს ბურთი არ დაამიწებინეს. მასპინძლებმა დაწინაურება ჯარიმით მოახერხეს და პირველი ტაიმი 8:7 მოიგეს.

პორტუგალიელებმა მეორე ტაიმის სტარტზე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 11:7. შეხვედრის 53-ე წუთზე შავი ლომი ისევ წინ გავიდა, თენგიზ პერანიძემ ჭკვიანურად ითამაშა და ლელო დადო, რასაც გიორგი ბაბუნაშვილის კიდევ ერთი ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 11:14.

მე-60 წუთზე ქართველების უპირატესობა 6 ქულამდე გაიზარდა, გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმა გაიტანა - 11:17. პორტუგალიელებმა მალევე შეძლეს სხვაობის ისევ 3 ქულამდე დაყვანა, რის შემდეგაც გუნდებმა დაახლოებით 20 წუთი ქულა ვეღარ აიღეს და შავმა ლომმა რაგბი ევროპის სუპერთასი მოიგო.

ქართული ფრენჩაიზისთვის ეს ისტორიაში პირველი ტიტულია. ქართველმა მორაგბეები რაგბი ევროპის მიერ დაარსებულ ახალი ტურნირის პირველი ჩემპიონები არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები