Thumbnail

როგორც წინა ტურში ლევანტესთან ვალენსიურ დერბიში, ახლაც ლა ლიგის მატჩის მეფედ 21 წლის ქართველი გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს! მან კიდევ ერთხელ უგოლოდ დაიცვა ვალენსიას კარი - გიორგიმ მორიგი სუპერთამაში გამართა. 

ლა ლიგის 17 მატჩში გიორგიმ მხოლოდ 17 გოლი გაუშვა

ლა ლიგის 35-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია "ახალ სან მამესს" ესტუმრა ბილბაოს ატლეტიკს და 0:0 დაუზავდა. ის, რომ ხოსე ბორდალასის გუნდმა არ წააგო, თავიდან ბოლომდე ქართველი ლეგიონერის დამსახურებაა, რომელმაც "ღამურების" კარი 90 წუთი და ორივე ტაიმში მსაჯის მიერ დამატებული 15 (!) წუთი "მშრალად" შეინახა. გიორგიმ ჯამში 5 "სეივი" ჩაიწერა. ლა ლიგის ოფიციალურ ტვიტერზე ამას "მამარდაშვილის ეფექტი" უწოდეს. 

whoscored.com-მა მამარდაშვილის თამაში 7.91 ბალით შეაფასა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასებაა. ამ საიტს ასეთი მაღალი შეფასება ქართველი მეკარისთვის აქამდე არ დაუწერია (7.82 ხეტაფესთან პირველ ტურში, როცა გიორგი ტურის საუკეთესო მეკარე გახდა). 

ვალენსია ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 44 ქულით მე-10 ადგილზეა, თუმცა ევროთასების საგზურს წლეულს ვეღარ შეწვდება. 10 მაისს ბორდალასის გუნდი ბეტისს "მესტალიაზე" მასპინძლობს და კოპა დელ რეის ფინალში პენალტების სერიაში მარცხისთვის შურისძიებას შეეცდება. 

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მე-17 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად მერვედ შეინარჩუნა. ის "მატჩის მეფე" სეზონში მესამედ გახდა. აღსანიშნავია, რომ მას სულ 9 "მშრალი მატჩი" დაუგროვდა ვალენსიას მაისურით (ერთი თასზე), ხოლო 17 საჩემპიონატო დაპირისპირებაში მხოლოდ 17 გოლი გაუშვა. ვალენსიამ ლა ლიგაში სულ 49 გოლი გაუშვა. 18 მატჩში, როცა კარში გიორგი არ იდგა, "ღამურებმა" 32 გოლი გაუშვეს. როგორც ხედავთ, სხვაობა უზარმაზარია. 

კომენტარები

ბოლო ამბები