Thumbnail

"მამარდაშვილი ლომების მომთვინიერებელია" - წერს მატჩის რეპორტაჟის სათაურში დიარიო AS, რომელიც ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული გამოცემაა. შეგახსენებთ, რომ ბილბაოს ატლეტიკს ესპანეთში "ლომებს" უწოდებენ. ისინი კი გიორგი მამარდაშვილმა "მოათვინიერა" და ძალზე მნიშვნელოვანი 2 ქულა დააკარგვინა.

"მამარდაშვილი ლომების მომთვინიერებელია. თამაში არადამაჯერებლად დაიწყო და მატჩის გმირად დაასრულა. მისი ორი "სეივი" ინიაკი ვილიამსის წინააღმდეგ - ერთი-ერთზე და ერთიც ინიაკის თავური - საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ვალენსიას "სან მამესზე" ქულა მოეპოვებინა", - წერს AS.

"მამარდაშვილი დიდია, როგორც კათედრალი", - levante-emv.com. ეს გამოცემა გიორგის სამ "სეივს" გამოყოფს (ასევე ინიაკის წინააღმდეგ). "სან მამესს" ხშირად, "კათედრალს" უწოდებენ. 

besoccer.com: "მამარდაშვილმა შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ რამდენიმე უმაღლესი დონის "სეივი" შემოგვთავაზა. eldesmarque.com: "თუკი ვინმე იყო გამოსარჩევი, ეს მამარდაშვილია, რომელმაც ატლეტიკს ევროთასებისკენ გზა გაურთულა. ბასკებმა ორი ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მის გამო დაკარგეს. 56-ე წუთზე გიორგიმ ინიაკის ერთ-ერთზე მაგარი დარტყმა აუღო". 

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 35-ე ტურში გიორგის ვალენსიამ სტუმრად 0:0 ითამაშა ბასკურ ატლეტიკთან. ქართველმა მეკარემ 5 "სეივი" შემოგვთავაზა. მის ანგარიშზე ლა ლიგაში 17 მატჩი (17 გაშვებული ბურთი) და 8 "მშრალად" შენახული თამაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები