Thumbnail

ლა ლიგის 35-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში გიორგი მამარდაშვილმა გაიბრწყინა - მისი 5 "სეივის" წყალობით ვალენსიამ "სან მამესზე" ქულის აღება შეძლო - 0:0. ეს გიორგის მე-8 "მშრალი" მატჩია ლა ლიგაში და მე-9 ვალენსიას მაისურით. გიორგი ლა ლიგამ "მატჩის მეფედ" დაასახელა, მან მედიისგან საუკეთესო შეფასებები და შექება დაიმსახურა. იმავე აზრის არიან "ღამურების" თავკაცი და გიორგის თანაგუნდელები. 

ხოსე ბორდალასი (ვალენსიას მწვრთნელი): "ატლეტიკი შანსებს ძირითადად სტანდარტული სიტუაციებიდან ქმნიდა, განსაკუთრებით ორი ეპიზოდი იყო საშიში, მაგრამ გიორგი მათ დიდებულად გაუმკლავდა. აი, შეტევაში კი ვალენსიას ბევრი რამ აკლდა". 

დიმიტრი ფულკიე (ვალენსია): "მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ გვიხსნა, მაგრამ რეფერის დანი გარსია უნდა გაეძევებინა და სულ სხვა თამაშს ვიხილავდით".

მაქსი გომესი (ვალენსია): "მამარდაშვილმა შოუ მოაწყო. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის გვყავს". 

აღსანიშნავია, რომ "მარკამ" გიორგის თამაში ორი ვარსკვლავით შეაფასა (წინა ტურში 3 ვარსკვლავი დაუწერა), თუმცა ისიც სათქმელია, რომ მატჩში 2 ვარსკვლავი მხოლოდ მას და მორიბას დაუწერეს. 

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მე-17 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად მერვედ შეინარჩუნა. ის "მატჩის მეფე" სეზონში მესამედ გახდა. აღსანიშნავია, რომ მას სულ 9 "მშრალი მატჩი" დაუგროვდა ვალენსიას მაისურით (ერთი თასზე), ხოლო 17 საჩემპიონატო დაპირისპირებაში მხოლოდ 17 გოლი გაუშვა. ვალენსიამ ლა ლიგაში სულ 49 გოლი გაუშვა. 18 მატჩში, როცა კარში გიორგი არ იდგა, "ღამურებმა" 32 გოლი გაუშვეს. როგორც ხედავთ, სხვაობა უზარმაზარია. 

კომენტარები

ბოლო ამბები