Thumbnail

გიორგი მამარდაშვილის სუპერთამაშმა ბილბაოს ატლეტიკთან (0:0) ესპანეთში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ჩვენ უკვე გაგაცანით მოწინავე ესპანური გამოცემების შეფასებები და ვალენსიას ბანაკის განცხადებები გიორგის თამაშზე. 21 წლის ქართველ გოლკიპერს ყველა აქებს, ამასთანავე, ვალენსიურ მედიას და ადგილობრივ ფანებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ - მამარდაშვილი იმდენად კარგად თამაშობს, რომ "ღამურების" ფანები შიშობენ, გიორგის არსებული კონტრაქტის საფუძველზე დაკარგავენ. 

'სან მამესზე' 5 'სეივი' ჰქონდა და ატლეტიკთან მატჩში გოლი არ გაუშვა

გიორგი მამარდაშვილი თავიდან იჯარის წესით თამაშობდა ვალენსიაში. ის ესპანურმა კლუბმა დინამო თბილისიდან ვალენსიის სარეზერვო გუნდისთვის ითხოვა, თუმცა მან წინასასეზონო მატჩებში ფურორი მოახდინა, პირველ გუნდში თამაშის შანსი მიეცა და ის გამოიყენა. დეკემბრის ბოლოს გიორგი ვალენსიამ ძალიან იაფად გამოისყიდა (მილიონ ევროზე ნაკლებად) და მას 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ვინაიდან მასთან კონტრაქტი ელიტური არ არის, ადგილობრივი ჟურნალისტები და ფანები შიშობენ, რომ ძლიერ კლუბებს არ გაუჭირდებათ, გიორგის გამოსასყიდი თანხის გადახდა (რომელიც, სავარაუდოდ, 20 მილიონ ევროზე ნაკლებია). 

დომინგო ორტისი რადიო Esports Migdia-ს ანალიტიკოსია. მან დღეს ტვიტერზე დაწერა: "დღეს მამარდაშვილმა და ალდერეტემ ბრწყინვალედ ითამაშეს. ისინი ბოლო ორი თვეა, ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშეები არიან. ქართველის შოუ თავისთავად ითხოვს, ვალენსიასგან ახალ ქმედებას. საჭიროა, მასთან სასწრაფოდ გაფორმდეს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი, სადაც გამოსასყიდი თანხაც გაზრდილი იქნება". 

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ტონი პადილია, მრავალი საფეხბურთო წიგნის ავტორი: "მამარდაშვილი - ამ სეზონის ერთ-ერთი ნათელი მოვლენაა. ქართველი მეკარე". 

მანოლო მონტალტ ვერგესი (Plaza Radio-ს დირექტორი): "ვერ ვიხსენებ ელიტურ ფეხბურთში მეკარის ასეთ ბრწყინვალე გაელვებას ამ ასაკში. რა მაგარი გოლკიპერი ჰყავს ვალენსიას გიორგი მამარდაშვილის სახით". 

მიგელ კასტილიო (ვალენსიას ფანი): "სეზონის ახალწვეულებიდან საუკეთესო მამარდაშვილია, დანარჩენი უბრალოდ უნდა დავივიწყოთ".

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მე-17 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად მერვედ შეინარჩუნა. ის "მატჩის მეფე" სეზონში მესამედ გახდა. აღსანიშნავია, რომ მას სულ 9 "მშრალი მატჩი" დაუგროვდა ვალენსიას მაისურით (ერთი თასზე), ხოლო 17 საჩემპიონატო დაპირისპირებაში მხოლოდ 17 გოლი გაუშვა. ვალენსიამ ლა ლიგაში სულ 49 გოლი გაუშვა. 18 მატჩში, როცა კარში გიორგი არ იდგა, "ღამურებმა" 32 გოლი გაუშვეს. როგორც ხედავთ, სხვაობა უზარმაზარია. 

კომენტარები

ბოლო ამბები