Thumbnail

ჩარლზ ოლივეირამ ჯასტინ გეიჯი მოახრჩო და ისევ ქამრისთვის იჩხუბებს

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ბრაზილიელმა ამერიკელს პირველივე რაუნდში დანებებით მოუგო
  • ოლივეირა სატიტულო ბრძოლას ზაფხულში ან შემოდგომაზე გამართავს

UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ჩარლზ ოლივეირამ ჯასტინ გეიჯი პირველივე რაუნდში დანებებით დაამარცხა და ქამრის მოსაპოვებლად წელს კიდევ ერთხელ იჩხუბებს. 

მოგეხსენებათ, ბრძოლის წინა საღამოს ბრაზილიელმა წონა ვერ ჩააბარა და UFC-ის ისტორიაში პირველი ჩემპიონი გახდა, რომელსაც ტიტული ამ მიზეზით ჩამოერთვა. გეიჯის გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი ამერიკელი იქნებოდა, ახლა კი ქამარი ვაკანტურია და მის მოსაპოვებლად ოლივეირა კიდევ ერთ ბრძოლას გამართავს. 

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩხუბი ორმხრივი აქტიურობით დაიწყო და პირველი ნოკდაუნში ჩარლზი აღმოჩნდა, თან ორჯერ. ვინც ბრაზილიელის გამოსვლებს თვალს ადევნებს, ეს გასაკვირი არავისთვის იქნებოდა, რადგან ოლივეირას ახლო კრივში ძალიან ცუდი დაცვა აქვს და პანჩების გაცვლების შედეგად წარსულში ნოკაუტშიც არაერთხელ აღმოჩენილა. ასევე, მოსალოდნელი იყო, რომ გეიჯი ზურგის დათმობის შემთხვევაში მალე დამარცხდებოდა და ასეც მოხდა, ამერიკელმა ბრაზილიელის ბლექ მაუნთინს მცირე ხნით წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მაინც მალე დაფინიშდა. 

გეიჯიმ ტიტულზე მეორედ იჩხუბა (პირველად ხაბიბთან) და მეორე გრეპლერთან უშანსოდ დამარცხდა. ოლივეირამ კი UFC-ის დანებებით მოგებებისა (16) და ფინიშების (19) რეკორდი გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ ჩარლზმა ბოლო 4 წელში ზედიზედ 11 ბრძოლა მოიგო, მსაჯების გადაწყვეტილებამდე კი საქმე მხოლოდ ტონი ფერგიუსონთან დაპირისპირებაში მივიდა. 

რაც შეეხება მომდევნო, უკვე სატიტულო ჩხუბს, ჩარლზ ოლივეირა, სავარაუდოდ ზაფხულში ან შემოდგომაზე გამართავს. დიდი ალბათობით, მისი მომავალი მეტოქე ისლამ მახაჩევი ან ბენეილ დარიუში იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები