Thumbnail
  • ალკარასი 6:3, 6:1 ზვერევი
  • ესპანელმა ტალანტმა კარიერაში მე-2 მასტერსი მოიგო და მსოფლიოს მე-6 ჩოგანი გახდება

19 წლის ესპანელი ტალანტი კარლოს ალკარასი საჩოგბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს. მურსიელმა ვარსკვლავმა მადრიდის მასტერსზე (საპრიზო ფონდი 6 575 560 დოლარი) თანამემამულე რაფაელ ნადალისა და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ, ფინალში გერმანელ ალექსანდერ ზვერევს 6:3, 6:1 მოუგო და ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.

საინტერესოა, რომ ალკარასმა ზედიზედ მე-10 მატჩი და მე-2 მასტერსი მოიგო (მან მაიამიშიც იმარჯვა). კარლოსს სეზონში მე-4, საერთო ჯამში კი 5 ტიტული მოუგროვდა, ამასთან, ბოლო 7 მატჩში რეიტინგის ტოპ 10-ის წევრებს აჯობა და მათთან უკვე ასეთი ბალანსი აქვს: 11 გამარჯვება, 6 მარცხი. სათქმელია ისიც, რომ განახლებულ რეიტინგში ის უკვე მსოფლიოს მე-6 ჩოგანი გახდება.

19 წლის კარლოს ალკარასი საჩოგბურთო სამყაროს ახალი ლიდერია

მადრიდში ტრიუმფალური ასპარეზობის წყალობით, ალკარასი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) დაარსების დღიდან (1990 წელი) ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ერთი ტურნირის განმავლობაში ტოპ 5-ის ერთბაშად 3 წევრი დაამარცხა. როგორც აღვნიშნეთ, მე-3 ნომერ ზვერევამდე, კარლოსმა გზიდან ნადალი (მე-4) და ჯოკოვიჩი (1-ლი) ჩამოიშორა და ეს, ყველაფერი 19 წლისა და 3 დღის ასაკში.

“ვფიქრობ, რომ უკვე მზად ვარ, რათა დიდი სლემის ტურნირიც მოვიგო. მიმდინარე სეზონში ჩემი მთავარი ამოცანა სწორედ ესაა და ამისთვის ბევრ მუშაობას ვაპირებ”, - განაცხადა ალკარასმა, რომელიც მოგებული მატჩებისა (28) და ტიტულების (4) მხრივ მიმდინარე სეზონის ლიდერი გახდა.

კარლოსის ტრიუმფს ხუმრობით გამოეხმაურა ფინალისტი ზვერევი: “მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი ხარ და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 5 წლის ხარ. მაინც ყველას უგებ. ჩოგბურთისთვის ძალიან კარგია, რომ გამოჩნდა სუპერვარსკვლავი, რომელიც დიდი სლემის ბევრ ტურნირს მოიგებს და მსოფლიოს პირველი ჩოგანიც გახდება”.

📺 ალკარასი V ზვერევი

კომენტარები

ბოლო ამბები