Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ქართველი ცენტრის გუნდი ფინალში ესპანურსავე მანრესას გაეჯიბრა და 98:87 სძლია. გადამწყვეტი მატჩის მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელშიც ტენერიფელებმა 33:17 იმარჯვეს.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:28 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ქართველი ცენტრი გადამწყვეტ მატჩშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო

გიორგის გარდა, ტენერიფელთა მხრიდან ფინალში გამორჩეულად ითამაშეს ფინელმა სასუ სალინმა (18 ქულა), ამერიკელმა კაილ ვილჯერმა (17 ქულა) და ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა, რომელმაც 13 ქულას 14 პასი წაამატა და მატჩის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელიც გახდა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთათვის განკუთვნილი თასი ლენოვო ტენერიფეს კაპიტან უერტასთან ერთად შერმადინმა შემართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული დროშა ჰქონდა შემოხვეული.

საინტერესოა ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ისტორიაში მხოლოდ მეექვსედ გაიმართა, ტენერიფელებმა კი ტიტული უკვე მეორედ დაისაკუთრეს (პირველად 2016-17 წლების სეზონში).

კომენტარები

ბოლო ამბები