Thumbnail

NBA | ჰარდენის შოუ ბოლო მეოთხედში - ფილადელფიამ მაიამისთან გაათანაბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფილადელფია სიქსერსი 116:108 მაიამი ჰიტი
  • ჯეიმს ჰარდენმა ამ სეზონის პლეი ოფში საუკეთესო თამაში აჩვენა
  • ემბიიდს და კომპანიას თამაშიდან 64-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

აჰა, ჯეიმს ჰარდენს ჯერ კიდევ შეუძლია ძველებურად თამაში!

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩი ფილადელფიას მაიამისთან აუცილებლად მოსაგები ჰქონდა და 32 წლის ჰარდენმა, როგორც იქნა, თავისი შესაძლებლობების სრული პაკეტი შემოგვთავაზა. ელიტარული პლეიმეიკინგი, Stepback-სამქულიანები - ასეთი აგრესიულ და თავდადებულ ჰარდენს ბოლო დროს იშვიათად ვხედავდით. განსაკუთრებით ბოლო მეოთხედში იდგა მოწოდების სიმაღლეზე - მაშინ, როცა ჯოელ ემბიიდი დაიღალა. ფაქტი ერთია, ასეთი ჰარდენით ფილადელფია ნებისმიერი მეტოქისთვის ძალიან საშიში გუნდია!

მოკლედ, სიქსერსმა 116:108 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა (2:2), ჰარდენმა კი პოსტსეზონში თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა. მანამდე მას ამ პლეი ოფში 25 ქულაზე მეტი არცერთ შეხვედრაში არ ჰქონდა ჩაგდებული, ახლა კი 31 დააგროვა (8/18), პლუს 8 ასისტიც ჰქონდა და 16 ქულა მარტო მეოთხე პერიოდში ჩააგდო. ემბიიდი 24 ქულასა და 11 მოხსნაზე ავიდა, ტაირიზ მაქსის ანგარიშზე 18 ქულაა და კიდევ სამმა ფილადელფიელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი - ჰარისმმა (13), გრინმა (11) და ნიანგმა (10).

…და ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა მაიამის დასამარცხებლად, რომლის რიგებშიც მხოლოდ ჯიმი ბატლერი იდგა მოწოდების სიმაღლეზე (40 ქულა, 13/20). ყოფილ ფილადელფიელს ბემ ადებაიო (21 ქულა), ვიკტორ ოლადიპო (15) და ტაილერი ჰირო (11 ქულა, 10 მოხსნა) ეხმარებოდნენ, მაგრამ ჰიტის პრობლემა სამქულიანები გახლდათ (35-დან 7 - 20%).

ფილადელფიამ პირველ ტაიმში ფაქტობრივად ყველაფერი მიიღო, რაც უნდოდა. ემბიიდს და კომპანიას თამაშიდან 64-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ. მაიამის ნაქებ დაცვას ძალიან უჭირდა - განსაკუთრებით ემბიიდის წინააღმდეგ. საერთო ჯამშიც, სიქსერსის სტატისტიკა ძალიან კარგი იყო: 54 პროცენტი თამაშიდან, 47 პროცენტი სამქულიანებში. მასპინძლების ერთადერთი პრობლემა დაკარგვები გახლდათ (ფილადელფია - 17, მაიამი - 13). სიქსერსის 17-მა დაკარგვამ მაიამის 24 ქულა მოუტანა, რაც მეტისმეტია.

“მეხუთე თამაში ძალიან მაგარი იქნება. დაცვაში უკეთესად უნდა ვითამაშოთ. ჯოელ ემბიიდის საუკეთესო თამაში პლეი ოფში ჯერ არ გვინახავს. ნელ-ნელა ეჩვევა ნიღაბს,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ფილას მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა.

“ჩემთვის არაფერი შეცვლილა. სხვანაირად არ მითამაშია. უბრალოდ, ჩემი სროლები ჩავარდა,” - ეს ჯეიმს ჰარდენის სიტყვებია.

მოკლედ, 4 მატჩის შემდეგ სერიაში 2:2 გახდა. მომდევნო მატჩი 11 მაისს, მაიამიში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები